1:49 PM სოფლის მეურნეობა | |
"ბანკები და ფინანსებმა" ბაკურ კვეზერელი "სიტყვაზე დაიჭირა" და ბოლნისში გლეხებისთვის კომბაინი გააგზავნინა . საქართველოს პურის ბეღელს უწოდებდნენ, მაგრამ დღეს ეს ბეღელი სეტყვისგან, გვალვისგან, მღრღნელებისგან და ხელისუფლების უყურადღებობისგან დაცარიელებულია. საქართველოში ხორბლის მოსავლის აღების დრო დადგა და ალოობა დაიწყო, მაგრამ შარშანდელივით წელსაც მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. სოფლებში აგროტექნიკის არარსებობის გამო, გლეხებს და ფერმერებს კომბაინის დასაქირავებლად რიგში დოგმა უწევთ. ხორბლის მოსავალს კი ამასობაში ხან წვიმა, ხან გვალვა და ხანაც მღრღნელები ანადგურებს. არადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პროგნოზით წელს შარშანდელთან შედარებით კარგი მოსავალი უნდა იყოს, რადგან "ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით - მექანიზაციისა და თესლის ხარისხის თვალსაზრისით. ვფიქრობ, წელს მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება მარცვლოვან კულტურებში", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა. მიუხედავად ამისა, ფერმერებისა და გლეხების განცხადებით, რეგიონებში ტექნიკით მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სარგებლობენ. სამინისტროს მიერ გამოყოფილი ტექნიკა ძალიან ძვირია. გლეხებს კომბაინის დასაქირავებლად ერთ ჰექტარზე 100 ლარის გადახდა უწევთ, რაც მათ მოსავლის აღებას კიდევ უფრო ურთულებს. სოფლებში ხორბალს ჯერ კიდევ ძველი, საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილი, კომბაინებით იღებენ, რომლებიც ხშირ შეკეთებას მოითხოვს, გაუმართაობის და სიძველის გამო. ესეც, რა თქმა უნდა, კიდევ ართულებს და აგვიანებს მოსავლის დაბინავებას. ისეთი მარცვლეული კულტურა კი როგორიც ხორბალია, თავთავის დამწიფების შემდეგ, თუ თავის დროზე არ მოიმკა, მოცდას ვერ დაიწყებს და ისევ მიწაში იპნევა. ეს კი გლეხებისთვის შრომის და მოსავლის დიდი დანაკარგი და ფუჭი წვალებაა. მცირე მოსავლიანობის გამო, კახეთში გლეხებმა ყანებიც კი მიატოვეს. ამ მხრივ რთული მდგომარეობაა შიდა ქართლშიც. ოკუპირებულ ახალგორის რაიონში შესაძლოა დაიკარგოს პურის ხორბლის მთლიანი მოსავალი. რაიონის ხელისუფლების მეთაურმა ალან ჯუსოევმა აღნიშნა, რომ დღეისათვის რაიონში არ არსებობს არცერთი კომბაინი. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ახალგორის რაიონში ითვალისწინებს ორი კომბაინის შეძენას, მაგრამ `გაურკვეველი მიზეზების გამო, დღემდე არ შეუძენიათ", და ეს მაშინ, `როდესაც უმნიშვნელო აგროტექნიკური ვადების დაგვიანებასაც კი მივყავართ მოსავლის დაკარგვამდე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მნიშვნელოვან ზარალს". .
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |