მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » თბილისი––უძრავი ქონება
1:42 PM
თბილისი––უძრავი ქონება

უძრავი ქონება

დღევანდელ თბილისში უსაფრთხოდ ცხოვრება მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გახდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ვიმყოფებით. ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ ათეულობით სახლი ინგრევა, ინგრევა როგორც ძველი, ასევე ახალი, როგორც დასრულებული, ასევე დაუსრულებელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები. ინგრევა ისეთი მიზეზებით, როგორიცაა ქარი და წვიმა, წვიმა და ქარი, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ერთი სულის შებერვით". კიდევ კარგი საქართველოში ბოლო დროს, ღვთის წყალობით, მიწისძვრები არ მომხდარა, თორემ მინიმუმ ნახევარი თბილისი მიწასთან გასწორდებოდა!
პერმანენტული ნგრევა ძირითადად ორი ფაქტორითაა გამოწვეული. პირველი ის, რომ თბილისში, განსაკუთრებით კი ძველ უბნებში, დღემდე მრავლად დგას 19 საუკუნეში აშენებული სახლები, (ე.წ. იტალიური ეზოები), რომლებიც დროს ვეღარ უძლებენ და სიძველის გამო იშლებიან, ხოლო მეორე და უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ახალი მშენებლობები (რომლის სიმახინჯეებიც კრიზისმა კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახა), ჯერ კიდევ აშენებამდე ინგრევა. ყველაფერი ეს კი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედაქალაქის მცხოვრებლებს, ხოლო ის განცხადება, რომელიც მერიის საიტზე დევს და რომელიც შემდეგნაირად ჟღერს _ "ქალაქ თბილისის მერიის ძალისხმევით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ავარიული სახლების აღდგენა-განახლების სამუშაოების მოცულობა. დედაქალაქის მასშტაბით ყოველწლიურად ათეულობით ავარიული სახლის გამაგრებითი სამუშაოები სრულდება" _ სრულებითაც არ არის საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
სანამ მერია აღდგენა-განახლების სამუშაოებს შეასრულებს და წინასაარჩევნოდ თბილისელების გულის მოგებას სხვადასხვა გზებით შეეცდება, იქნებ მთავრობის წევრებმა მშენებლობის რაიმე ნორმა მაინც დააწესონ, რათა მომავალში უარეს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. იქნებ, მოხერხდეს და თანხის მოცულობის მიხედვით აღარ განისაზღვროს მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადა და რეალურად მოხდეს იმის შესწავლა, თუ ვინ და რის აშენებას აპირებს.
ავარიულ ბინებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ბ&ფ-ს ექსპერტი, გადაცემა "აივნებიან ქალაქში" ავტორი და წამყვანი ნიკო კახეთელიძე ესაუბრა.
მისი ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 20-დან 22 ათასამდე ავარიული სახლია, რომლის რეაბილიტაციაც პრაქტიკულად, არ ხდება. მთავრობა უმეტესად ყურადღებას ამახვილებს ცენტრში არსებულ ორ და სამსართულიან სახლებზე, სადაც საშუალოდ 16-დან 20-ოჯახამდე ცხოვრობს, რომლის საერთო ფართი 400-500კვმ-ს შეადგენს და არაფერს ამბობს იმ ავარიულ კორპუსებზე, რომელიც ვარკეთილში და ვაზისუბანში დანგრევის პირასაა. პრობლემა იქ უფრო დიდია, რადგან ცხრა სართულიანი კორპუსში, მინიმუმ, 200 ოჯახი ცხოვრობს, ანუ ნახევარი მთაწმინდა. აქ კი მთავრობას მხოლოდ 10 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. მაშინ, როცა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლისთვის" პროექტის განსახორციელებლად გაცილებით მეტი თანხების გარანტად მერია თავად დაუდგა დეველოპერებს თავმდებად, რათა მათ ბანკებიდან ფული აეღოთ. ამის საპასუხოდ მერიისა და ზოგადად ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ დარგის გადარჩენაზე, თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა ასოცირდებოდეს დარგის გადარჩენა კონკრეტული დეველოპერის გადარჩენა არგადარჩენასთან, რომელიც თავის დროზე ჰაერის გაყიდვის და კლიენტის მოტყუების მეტს არაფერს აკეთებდა. თანაც იმ რეალობის გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მხოლოდ 320 ოჯახის დაკმაყოფილება მოხერხდა, ძნელია მის ეფექტურობაზე ვისაუბროთ. ეს უფრო წინასაარჩევნოდ პიარის თემაა, იმიტომ, რომ ამაში ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი _ მუშიდან დაწყებული კლიენტურით დამთავრებული. შეიძლება ითქვას, სამშენებლო სექტორი ერთადერთი სეგმენტია საბანკო სექტორის შემდეგ, რომელიც რაღაცას ქმნიდა. `იმის გამო, რომ გარკვეული მოგებები არსებობდა ამ სექტორში, ხალხმა თავისი დანაზოგების ინვესტირება სამშენებლო ბიზნესში მოახდინა. ერთი წლის შემდეგ კი ბინები, რომლებიც ერთი კვადრატული მეტრი 250 დოლარად ჰქონდათ ნაყიდი, 1000 დოლარად გაყიდეს. ბიზნესის არცერთ სექტორში ამხელა მოგება არ არსებობდა.
რა პრობლემები ჰქოდათ რეალურად დეველოპერებს. ფულს რომ იღებდნენ ჰაერიდან, მათ დაიწყეს მიწების ყიდვა, ახალი პროექტების შეფუთვა და არა დაწყებული პროექტების დასრულება. ეს არის ბიზნესრისკი, რომელიც კანონით არ რეგულირდება და ვინც აფორმებდა ორმხრივ ხელშეკრულებას დეველოპერებათან, ისინი ვერ ერკვეოდნენ საკითხის არსში, მათ არ იცოდნენ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას, ამიტომაც იმ 13 ათასი სარჩელიდან, რომელიც დღეს დეველოპერთა არის წინააღმდეგ შესული, 80% მოქალაქეთა წაგებით დასრულდება, რატომ? იმიტომ, რომ ისინი იმავდროულად იყვნენ იმ ორგანიზაციის წევრები, რომელ ორგანიზაციაშიც ფული ჰქონდათ შეტანილი. ანუ პასუხი ისევ მათ მოეთხოვებათ. სარჩელს თავიანთ თავებს ხომ ვერ მოუგებენ? თუკი მოგების წილში იქნებოდნენ, წაგების წილში რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ?"
ნიკო კახეთელიძე კიდევ ერთ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც მიუღებელი ბინები ჰქვია, – "არსებობს ისეთი ავარიული სახლები, რომელთა მონაცემები სამოქალაქო სამსახურში გატარებული არ არის. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ხელის დაბანის პოლიტიკა. რამე რომ მოხდეს, სახელმწიფო იტყვის - მე არ მიღიარებია ეს სახლები, არ ვიცოდი რა ხდებოდა იქ და ა.შ. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა მარტო ჯარის ყოლით და მტრის შემოსვლა არშემოსვლით კი არ გამოიხატება, უსაფრთხოება ბევრად უფრო ფართო ცნებაა, რომელიც თვის თავში ამ საკითხსაც მოიცავს. თანაც ეს საკითხი დღეს უკვე მასობრივად დგება. იმიტომ, რომ სახლები, რომლებიც ერთდროულად აშენდა თბილისში, დაახლოებით ერთდროულად იწყებს ჩამოშლას და ამას მერე ერთიანად ვერანაირი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს. უნდა ითქვას ისიც, რომ როცა ბინას პრივატიზაცია უკეთდება, ის უკვე კონკრეტული მესაკუთრის არის. მართალია, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ბინებზე, მაგრამ ამაზე თავად მეპატრონემაც უნდა იზრუნოს. ამხანაგობები ხომ არსებობს, უნდა მიაკითხონ მას, უნდა მოითხოვონ მიმდინარე რემონტების ხარჯები, სახლების გამაგრება, რეკონსტრუქცია და ა.შ."
კიდევ ერთი თემა, რომელსაც მერია ისევ და ისევ წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს და რომელზეც წინა ნომერშიც გვქონდა საუბარი, ეხება კოოპერატიულ ბინათმშენებლობებს. ექსპერტების შეფასებით უნდა მოხდეს კოოპერატივის წევრების ინდექსაცია და ეს მოქალაქეები ამ გზით უნდა იყვნენ გასტუმრებულნი, და არა იმ ფორმით, რითაც ახლა ისტუმრებენ, - "ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იყო ამ საკითხის წამოწევა. საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტროს, ეს მოქალაქეები შიდა ვალში ჰყავს აღიარებული, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მათი დაკმაყოფილება ადრე თუ გვიან უნდა მოხდეს. მაგრამ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. 4500 ოჯახის ბედია გაურკვეველი. რაც შეეხება იმას, რომ ეს თემა დღეს მერიამ წამოწია, არის პიარის თემა და მეტი არაფერი.
მე თუ მკითხავთ, მართებული იქნება ამ წევრების ნაწილ-ნაწილ დაკმაყოფილება იმ ფორმით, რასაც სხვადასხვა დეველოპერის მიერ აშენებულ სახლებში შესახლება ჰქვია მთავრობის დახმარებით, იმიტომ, რომ ამ ხალხთან სახელმწიფოა ვალში. იმათ რაც შეეხებათ, იმათთან ვალშია დეველოპერები. თუკი ამ ხალხის წინაშე აიღო სახელმწიფომ ვალდებულებები თავის თავზე, ბუნებრივია, უნდა აიღოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრების ვალდებულებაც, რომელიც უშუალოდ მთავრობის მოსაგვარებელია".



კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1571 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar