აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს მსოფლიოს ორი უძლევამოსილესი ადამიანის, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას და მისი რუსი კოლეგის დიმიტრი მედვედევის შეხვედრის შემდეგ, ანალიტიკოსებს მსოფლიო პოლიტიკის ახალი რეალობის შესახებ სურდათ პრეზიდენტების შეფასებების მოსმენა. ყველასათვის მოულოდნელად, ობამამ და მედვედევმა ყველაზე მეტი ძროხის ხორცზე და წიწილებზე ისაუბრეს. ძროხის ხორცზე საუბრისას მედვედევმა ამერიკულ სტუმართმოყვარეობას გაუსვა ხაზი, უფრო საინტერესო გახლდათ წიწილების თემა. ორი ლიდერის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების პაკეტში, მედვედევმა პირობა დადო, რომ ის აღადგენს აშშ-ს ფრინველის ხორცის იმპორტს, რომელიც რუსეთის მიერ უსაფრთხოების არგუმენტით იყო აკრძალული. ამ შეთანხმებამ შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგმევინა იქითკენ, რომ მთლიანად დაუჭიროს მხარი რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც მსოფლიოს კომერციული ოპერაციების 95%-ს აწარმოებენ. ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებით ყველა მოიგებს – განაცხადა ობამამ. "მე ხაზგასმით ვუთხარი პრეზიდენტ მედვედევს, მთელს დელეგაციას და ახლა მინდა ხაზგასმით ვუთხრა რუს ხალხს: რუსეთის გაწევრიანებით WTO-ში, ჩვენ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესებზე ვფიქრობთ, არამედ შეერთებული შტატების ინტერესზე, მსოფლიოს ინტერესებზე. ამიტომ ეს ის საკითხია, რომლის გადაწყვეტაც გვსურს", – განაცხადა ობამამ. სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიები, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიების არადამაკმაყოფილებელი რეგულაცია და ინტელექტუალური საკუთრების სუსტი კანონი – ის საკითხები იყო, რის გამოც აშშ-ს არ სურდა რუსეთის WTO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ჭთO-სთან დაკავშირებით უკვე იყო ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება. ობამამ განაცხადა, რომ მისი მომლაპარაკებლები ეკონომიკის დარგში დაუღალავად მუშაობენ რუსებთან, რათა მოერიონ დარჩენილ "რთულ პრობლემებს". მისი ვარაუდით, მათი გადაწყვეტა შეიძლება "რუსეთის მთავრობის ხელთ იყოს". მედვედევმა, თავის მხრივ, ამ ცნობილ, გადაუწყვეტელ საკითხებს "უმნიშვნელო პრობლემები" უწოდა და განაცხადა, რომ მომლაპარაკებლები, სამუშაოს, ალბათ, სექტემბრის ბოლოსთვის დაასრულებენ. თბილისის პოზიცია მაგრამ აშშ-ს დიდი ხნის წინააღმდეგობის დაძლევა, შეიძლება სულაც არ იყოს იმის გარანტია, რომ რუსეთს ზურგის ქარი ექნება. WTO, რომელიც მეთვალყურეობას უწევს სავაჭრო ხელშეკრულებებს და აიოლებს საექსპორტო ბაზრებზე დაშვებას, 153 წევრს აერთიანებს და ყოველი მათგანი მონაწილეობს ახალი წევრების მიღებისას გადაწყვეტილების მიღებაში. მათ შორისაა საქართველოც, რომელიც უკვე დიდი ხანია თავის აგრესიულ ჩრდილოელ მეზობელთან უბრადაა. თბილისი დიდი ხანია აღშფოთებულია იმით, რომ რუსეთი მის სეპარატისტულ ტერიტორიებს, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს მხარს უჭერს. აღშფოთებულია რუსეთის მიერ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე დაწესებული ემბარგოთიც და წლებია უკვე იმუქრება WTO-ში რუსეთის გაწევრიანებისას ვეტო-ს უფლების გამოყენებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა რუსულ-ქართული ჯგუფები, მაგრამ აქამდე მათ ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა. ბოლო თვეებში რუსეთის WTO-ში გაწევრიანებისადმი, როგორც ჩანს, ოპოზიცია თბილისში ჩაცხრა, რამაც სათავე დაუდო სპეკულაციებს იმის თაობაზე, რომ მთავრობამ მოდრეკილმა 2008 წლის აგვისტოს ომით, პოზიცია შეიცვალა. თუმცა ნიკო მჭედლიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასეთი ცვლილება არ მომხდარა. "მთავრობის პოზიცია უცვლელია. ის ისეთივეა, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო", – ამბობს მჭედლიშვილი – "საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დოკუმენტში არ შეცვლილა არც ერთი პუნქტი. ამიტომ ლაპარაკი მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან შესაძლო დათმობებზე აბსოლუტური სიცრუეა". ბევრი წინააღმდეგობა რუსი ოფიციალური პირები ღიად აცხადებენ, რომ გაწევრიანებისთვის მართლა სჭირდებათ აშშ-ს სრული მხარდაჭერა, ხოლო გაწევრიანების შემთხვევაში, "მსოფლიო ბანკის" მიერ დაფინანსებული კვლევის თანახმად, წახალისდება საგარეო ინვესტიციები, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყოველწლიურად თავისი მშპ-ს 3.3%-ს ანუ 53 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს. გასულ წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ იგორ შუვალოვმა განაცხადა, რომ რუსეთის გაწევრიანება თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე და მართლაც რუსეთის ოფიციალური პირები და სხვებიც პასუხისმგებლობას იმაზე, რომ რუსეთის გაწევრიანება 17 წლით გაჭიანურდა, ამერიკას აკისრებდნენ. აშშ-ში ვიზიტის წინ მედვედევმა გონებამხვილურად აღნიშნა, რომ "ბურთი აშშ-ს მოედანზეა". ექსპერტების მოსაზრება "საქართველოს წინააღმდეგობა, პირველი პრობლემა არაა. ეს სამომავლოდ გადაიდება", – ამბობს ანდრეს ასლანდი, საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ამერიკული ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი – "მთავარი ახლა ისაა, რაც აშშ-სა და რუსეთს შორის ხდება. ვიღაცამ უბრალოდ უნდა მოინდომოს მაგიდის გადაწმენდა და იმის მოფიქრება, თუ როგორ გააკეთოს ეს საქმე და კიდევ საჭიროა მოლაპარაკებების ორიოდე თვე, რომ ტექნიკური საკითხები მოგვარდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-ს და რუსეთს ერთმანეთის სჯერათ". იმის გამო, რომ "გადატვირთვის" წარმატებას ვაშინგტონშიც და მოსკოვშიც მიესალმებიან, როგორც სჩანს, ნდობამ ამ ბოლო წლებში უმაღლეს წერტილს მიაღწია. წარსულს ჩაბარდა გეგმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი პუტინი ლობირებდა და რომელიც WTO-ში ბელორუსიასა და ყაზახეთთან ერთად, საბაჟო კავშირის სახით გაწევრიანებას გულისხმობდა. ეს ის ნაბიჯი იყო, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდა ორგანიზაციის პროტოკოლთან და აშშ საგონებელში ჩააგდო, ხოლო მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ჩასვლამდე მედვედევმა აშშ-ს ტექნოლოგიების ცენტრი შილიცონ Vალლეყ მოინახულა, რუსეთის ლიდერმა ცხადი მესიჯი გააგზავნა – მისი ქვეყანა სერიოზულად აპირებს ეკონომიკის მოდერნიზებას. "შესაძლებლობები" შემდეგი დიდი ოცეულის სამიტი კანადაში გაიმართა, სადაც ობამა და მედვედევი ერთად გაემგზავრნენ. დიდი ოცეულიდან მხოლოდ რუსეთი არ არის ჭთO-ს წევრი და მედვედევის ამერიკული ვიზიტის შემდეგ, ეს, ალბათ, შეიცვლება. მაგრამ საქართველო პრობლემა რჩება. მეთიუ როჯანსკი, ორგანიზაციის ჩარნეგიე Endowment for International Peace-ის ევრაზიისა და რუსეთის პროგრამების დირექტორის თქმით, მედვედევი იმას ცდილობს, რომ ობამამ ჩამოიშოროს ეს ბარიერი. "გამოვრიცხავთ რა შესაძლო ახალ ხელისუფლებას, რომელსაც თავის უზარმაზარ, ჩრდილოელ მეზობელთან კონფლიქტების გადაწყვეტაზე სხვა შეხედულება აქვს", – ამბობს როჯინსკი – `ჩნდება კითხვა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოზე, თუ ჩვენ შეერთებული შტატები გადავწყვეტთ გზა გავუხსნათ რუსეთის გაწევრიანებას". რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყებოდა, რომ სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას მედვედევმა განაცხადა – "როგორც კი საქართველოს ახალი ლიდერი ეყოლება, ჩვენ გამოვიყენებთ ურთიერთობის აღდგენის ყველა შესაძლებლობას". მანამდე შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სცადონ ჩიხის გადალახვა. მოისურვებს თუ არა ამის გაკეთებას, ალბათ, ვაშინგტონისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზეა დამოკიდებული. ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს, თუ ის ამას მოისურვებდა, შეეძლო საქართველოსთვის ეკონომიკური ან სხვა სახის მოგება შეეთავაზებინა, რაც საქართველოს პოზიციის ცვლილების იმპულსს გაუჩენდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავის კავკასიელი მოკავშირის იძულებისთვის მუქარა გამოიყენოს. "მე მგონია, შეერთებული შტატები ახლა არაა იმ პოზიციაზე, რომ საქართველოზე ზეწოლის განხორციელება დააპიროს, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველომ, მე ვიტყოდი, გარკვეული წარმატებით შექმნა ნარატივი, რომლის თანახმადაც შეერთებულმა შტატებმა ისინი რუსეთზე გაცვალა", – ამბობს მიტჩელი. ასლანდი ამბობს, რომ საბოლოოდ მიღების პროცესში არსებული ხვრელები, საქართველოს უარის მიუხედავად, რუსეთს WTO-ში გაწევრიანების საშუალებას მისცემს. WTO-ს წევრებმა უნდა მიაღწიონ გენერალურ შეთანხმებას, ან "კონსესუსს" პოტენციური წევრის შესახებ, რაც ტექნიკურად ერთხმად არ უდრის ხმის მიცემას. . . .
|