მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » ნიკო გომელაურის ლექსები
10:26 AM
ნიკო გომელაურის ლექსები
.

ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა...
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა...
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა...
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა...
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია...
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია...
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი...
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი...
***
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია...
***
წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან...
***
სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!
***
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით...

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა...
***
პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება...
***
ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის...
***
წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
***
წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
***
რაღაც... უცებ... სადღაციდან
რომანტიზმი მეცა...
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!
***
ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ...
***
აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე... ქალღმერთის ტოლო!
***
არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო"...
***
მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ...
***
შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა...
***
ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ - მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.
***
ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.
***
რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე...
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?...
***
ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...
***
არათავმდაბლური ლექსი
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
***
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
***
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
***
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
***
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
***
. . .

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
***
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
***
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
***
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
***
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...
***
ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება...
***
მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა...
***
აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის...
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.
***
დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია...
***
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

.
.
.



კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1336 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar