მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » იოლი გადაწყვეტილება
12:01 PM
იოლი გადაწყვეტილება
16:53 19-07-2010

მარტინ იოლს „ფულჰემის" ახალ მწვრთნელად დაასახელებენ. ჰოლანდიელი სპეციალისტი სიამოვნებით ბრუნდება პრემიერლიგაში. მან „აიაქსში" ერთი წელიწადი გაატარა და როგორც კი ინგლისში დაბრუნების შანსი მიეცა, ჩაებღაუჭა. კლუბებმა საკომპენსაციო თანხაზეც მოილაპარაკეს და იოლის ჯამაგირიც გაირკვა — წელიწადში 2 მილიონი ფუნტი. სწორედ ამ თანხას გადაუხდის მას „ფულჰემის" მეპატრონე, ცნობილი არაბი ბიზნესმენი მოჰამედ ალ ფაედი. გასამრჯელოს გარდა იოლს, რომელიც თავის დროზე სამი წლის განმავლობაში წარმატებით წვრთნიდა „ტოტენჰემს", სატრანსფერო თანხასაც დაპირდნენ.

რასაკვირველია, მწვრთნელის გაქცევამ „აიაქსი" დაზფრა — იოლმა ხომ ამსტერდამელები გასულ სეზონში ჰოლანდიის პირველობაზე მეორე ადგილზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ პირველზე სტივ მაკლარენის „ტვენტე" იყო. მაგრამ, მეორე ადგილზე გასვლის მიუხედავად, როგორც ირკვევა, იოლი „ამსტერდამ არენაზე" თავს მაინც და მაინც ბედნიერად ვერ გრძნობდა. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ შეჭირვებული კლუბი საუკეთესო იოლის საბრძოლო შემადგენლობიდან ფეხბურთელების გაყიდვას აპირებდა. კერძოდ, ლაპარაკი იყო, „აიაქსიდან" ურუგვაელი ლუის სუარესისა და ჰოლანდიელი გრეგორი ვან დერ ვიელის წასვლაზე. ეტყობა, „ფულჰემის" მწვრთნელობას რომ თანხმდებოდა იოლმა შემადგენლობის გაძლიერების საკითხებზე ძალიან ბევრი იფიქრა და ვინ იცის მასზე იმანაც იმოქმედა, რომ ალ ფაედმა ერთი ხნის წინ ლონდონის ცნობილი ჰიპერმარკეტი „ჰეროდსი" 1,5 მილიარდ ფუნტად გაყიდა...

იოლი გამოცდილი მწვრთნელია და დასავლეთ ლონდონში მის გამოჩენას მიესალმებიან, რადგან, მოგეხსენებათ, საკუთრივ „ფულჰემსაც" გაექცა მწვრთნელი — როი ჰოჯსონი „ლივერპულში" გადავიდა. და კიდევ, იოლი „ფულჰემის" ბევრ ფეხბურთელს იცნობს. „ტოტენჰემში" მის ხელში გაუვლიათ დენი მერფის, საიმონ დევისსა და სტივენ კელის. დევისმა თქვა:

„მარტინი ძალიან კარგი მწვრთნელია. ერთ-ერთი საუკეთესო ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია".

„ფულჰემის" გასახარად აქილევსის მყესის ტრავმა მოირჩინა და გუნდს დაუბრუნდა ბობი ზამორა რომელიც სეზონის წინ სრულყოფილად შეძლებს მომზადებას. გასულ შაბათს „ფულჰემმა" „ბურნმუთთან" 1:1 ითამაშა და ზამორამ ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ფორვარდს იმედი აქვს, რომ აგვისტოში, უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრაში თვით ფაბიო კაპელოც კი იხმობს, თუმცა არის ცუდი ამბავიც — კიდევ ერთი თავდამსხმელი ენდი ჯონსონი მოგეხსენებათ, მუხლნატკენია და გამოჯანმრთელების საქმე მთლად კარგად არ მიუდის. „კრისტალ პალასისა" და „ევერტონის" ყოფილმა თავდამსხმელმა გასული სეზონის გვარიანი ნაწილი ხომ გამოსტოვა და როგორც ჩანს ახალი სეზონის დასაწყისსაც ტელევიზორში ნახავს.

ambebi.ge





კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1180 | დაამატა: web-world | ტეგები: იოლი გადაწყვეტილება | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar