მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » კახა კალაძე: კიდევ რამდენიმე დღეს მოვიცდი და ახალ განცხადებას გავაკეთებ
12:00 PM
კახა კალაძე: კიდევ რამდენიმე დღეს მოვიცდი და ახალ განცხადებას გავაკეთებ
16:39 19-07-2010
კახა კალაძემ უკრაინულ "სპორტ-სივოდნიას" ინტერვიუ მისცა, სადაც საკლუბო, საქმიანი და პირადი ამბების გარდა, გიორგი დემეტრაძის საქმეზეც ისაუბრა.

- გიორგი დემეტრაძე, რომელიც უკრაინაში წლების განმავლობაში წარმატებულად თამაშობდა, საქართველოში დააკავეს მაფიასთან კავშირის ბრალდებით. თქვენ ქვეყნის პრეზიდენტ სააკაშვილსა და პატრიარქ ილია მეორეს ღია წერილით მიმართეთ. ამას რა რეაქცია მოჰყვა?
- ჯერჯერობით, არაფერი. დემეტრაძის ადვოკატებს ჯერჯერობით, საქმის გაცნობის საშუალებასაც კი არ აძლევენ. სიტუაცია გაურკვეველია. კიდევ რამდენიმე დღეს მოვიცდი და ახალ განცხადებას გავაკეთებ.

- რის შესახებ?
- ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი არ მსურს. სანამ დემეტრაძეს არ გაათავისუფლებენ, არ გავჩერდებით, სტრასბურგშიც კი ჩავალთ. რომ ვიცოდე, რომ ადამიანს რამე აქვს დაშავებული, მის დასაცავად ხმასაც არ ამოვიღებდი, იმიტომ რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. მაგრამ როცა იცი, რომ იგი უდანაშაულოდ იმყოფება პატიმრობაში, ეს უკვე აბსურდულად ჟღერს. საქართველოში სიმართლის თქმა ბევრს ეშინია, მაგრამ პირადად მე სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიტყვი, რა ხდება ჩემს ქვეყანაში. და ამას მარტო საქართველოში, უკრაინაში ან რუსეთში კი არა, მთელს მსოფლიოში გაიგებენ. ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ! რაც ხდება, ეს აბსოლუტური განუკითხაობა და უსამართლობაა. ზოგი ამბობს, რომ საქართველო ვითარდება, რომ იქ დემოკრატიაა. ესეც თქვენი დემოკრატია. აბსურდია, ქურდებთან ახლობლობა დასწამო ადამიანს, ვინც მთელი ცხოვრება ფეხბურთს შეალია. სხვა რომ არაფერი, ამ ბინძური საქმეებისთვის მას დროც კი არ დარჩებოდა. დემეტრაძეს საერთოდ არაფერი დაუშავებია. იგი დაიჭირეს სატელეფონო ჩანაწერის საფუძველზე, სადაც გიორგი ვიღაცას ეუბნება, რომ მისთვის თანხა აქვთ მოსატანი. ეს იყო და ეს. მასთან ერთად ორი ადამიანი იყო, ერთს იარაღი "ჩაუდეს", მეორე კი მაშიმნვე გაუშვეს.

- იარაღის ჩადება რა მიზნით მოხდა?
- ეს ჩვენთან პირველი შემთხვევა არაა. ნებისმიერი ადამიანისგან შეუძლიათ შექმნან ბენ ლადენი, ვისაც მთავრობის პოლიტიკა არ მოსწონს. თუმცა დემეტრაძეს პოლიტიკასთან არავითარი შეხება არა აქვს.

- დაჭერის შემდეგ გიორგისთან ხომ არ გისაუბრიათ?
- არა, მაგრამ ვიცი, რომ იგი საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია. კავშირი მამამისთან მაქვს – რაღა თქმა უნდა, მომხდარს ძალიან განიცდის.

- თავის დროზე ამბობდნენ, რომ მომავალში კალაძეს საქართველოს პრეზიდენტობა უნდოდა. გიორგი თქვენი უახლოესი მეგობარია. მისი საშუალებით თქვენთვის ხომ არ უნდათ დარტყმის მოყენება?
- არა მგონია. რაც შეეხება პოლიტიკას, ჯერჯერობით, ფეხბურთს ვთამაშობ. როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, მაშინ ვიტყვი, რის გაკეთებას დავაპირებ მომავალში. ჩემს ქვეყანასა და ხალხზე გული ძალიან შემტკივა. მინდა, რომ საქართველო აყვავდეს, ხალხი მშვიდობიანად და ბედნიერად ცხოვრობდეს. საომარი არავისთან გვაქვს, უნდა ვესაუბროთ ჩვენს ძმებს აბხაზებსა და ოსებს. ჩვენ პატარა და სტუმართმოყვარე ქვეყანა გვაქვს. გვინდა კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც, უკრაინასთანაც და ამერიკასთანაც.

- გადავიდეთ უფრო სასიამოვნო თემაზე. რამდენიმე დღის წინ თქვენს ვაჟ ლევანს წელიწადი შეუსრულდა. როგორ აღნიშნეთ დაბადების დღე?
- მთელი ოჯახი თბილისში ვიყავით. საერთოდ, ჩვენთან ამბობენ, რომ ერთი წლის აღნიშვნა არ ვარგა, ამიტომაც განსაკუთრებული ზეიმი არ მოგვიწყვია. ცოტაც და ლევანი სიარულს დაიწყებს.

- ბურთით უკვე ეთამაშებით?
- რა თქმა უნდა! მინდა, რომ ფეხბურთელი გამოვიდეს, მაგრამ მთავარია, ვაჟკაცი და პატრიოტი გაიზარდოს.

- უკვე გაირკვა, სად ითამაშებთ მომავალ სეზონში?
- "მილანში" ბევრი რამ შეიცვალა – რამდენიმე ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა, ზოგმაც გუნდი გამოიცვალა. მოვიდა ახალი მწვრთნელი ალეგრი. ჩემს კარიერას რაც შეეხება, ძალიან ვამაყობ იმით, რაც "მილანში" გატარებული ათი წელიწადის განმავლობაში მოვიგე. კლუბთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და მის გახანგრძლივებას მთავაზობენ. უკვე ვიწყებთ ახალი სეზონისთვის მზადებას, ჩავალ მილანში და კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები. გასული სეზონი ჩემთვის უცნაური და უიღბლო გამოდგა, "მილანის" შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ 10 მატჩი ჩავატარე, მაშინ როცა მანამდე ცხრა წლის განმავლობაში დაახლოებით 300 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. ლეონარდო გაათავისუფლეს და ვიმედოვნებ, ახალ მწვრთნელს დავუმტკიცებ, რომ "მილანის" დონეს შევესაბამები.

- ამ ზაფხულს წასვლას საერთოდ გამორიცხავთ?
- დიახ. ამის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა, ამბობდნენ, თითქოს კიევის "დინამოსთან" ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, მაგრამ იმისდა მიუხედავად, რომ ამ კლუბთან ბევრი რამ მაკავშირებს, მსგავსი არაფერ ყოფილა.

- შევჩენკოს უნდა, ევრო-2012-ზე უკრაინის ნაკრებს კაპიტნის სამკლავურით გაუძღვეს. შეძლებს კი იგი იმ დროისთვის სათანადო ფორმაში ყოფნას?
- დარწმუნებული ვარ, თავისუფლად შეძლებს.

- კრიზისის შემდეგ თქვენი ბიზნესის საქმე როგორაა? თქვენ ხომ სასტუმროებსა და ბანკს ფლობთ...
- ყველაფერი მუშაობს, ერთადერთი, რაც დროებით შევაჩერეთ, სამშენებლო ბიზნესია საქართველოში. გვინდოდა, თბილისში პატარა ქალაქი გაგვეშენებინა 80 ჰექტარზე, მაგრამ კრიზისმა და ომმა ეს პროექტი შეაფერხა. არავის სჯერა, რომ საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდება და ახალი ომი არ გაჩაღდება. ჯერჯერობით ძნელია ინვესტორის რაიმეში დარწმუნება – ყველას ეშინია ორი წლის წინანდელის განმეორება. საბანკო საქმე კი ნორმალურად მიდის. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ იტალიურ ბანკებთან, რომელთაც ქართულ ბაზარზე შემოსვლა სურთ.

- ბანკს კარგი შემოსავალი მოაქვს?
- მართალია, ჯერ არცთუ დიდი, მაგრამ მაინც მოაქვს. ჩვენ ჯერ მხოლოდ ერთი ფილიალი გვაქვს.

- როგორც ფეხბურთელი უფრო მეტ ფულს შოულობთ თუ როგორც ბიზნესმენი?
- ჩემი მთავარი პროფესია ფეხბურთია. გამიმართლა, რომ ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს ბიზნესს უძღვებიან, თორემ ერთდროულად ფეხბურთის თამაში და სხვა საქმეებზე ფიქრი წარმოუდგენელია.

- მსოფლიოს ჩემპიონატს როგორ გაიხსენებდით?
- რა თქმა უნდა, იქ იტალიას ვგულშემატკივრობდი, ამ ნაკრებში ხომ ჩემი არაერთი მეგობარი თამაშობს. მესმის, რომ თაობათა ცვლა მძიმე პროცესია და პირლოს ტრავმამ იტალიის ნაკრებს დაღი დაასვა, მაგრამ მაინც საკვირველია, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფიდან როგორ ვერ გავიდა. ცოტა უცნაური ჩემპიონატი იყო, მაგრამ ესპანეთმა კანონზომიერად გაიმარჯვა.



კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1176 | დაამატა: web-world | ტეგები: კახა კალაძე: კიდევ რამდენიმე დღეს მ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar