მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » მოდით და გვიქომაგეთ!
11:52 AM
მოდით და გვიქომაგეთ!
02:41 19-07-2010
...ევროტურნირებზე ქართული გუნდების სტუმრად გამარჯვებებით განებივრებულნი ნამდვილად არა ვართ; მით უფრო, როცა მეტოქე არცთუ სუსტი საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელია. სწორედ ამიტომაც მივიჩნიეთ სასიამოვნო მოულოდნელობად თბილისის `დინამოს~ შვედურ `გეფლესთან~ სტუმრად მოგება, თანაც, ყველას კარგად მოეხსენება, როგორი საკადრო თუ სხვა პრობლემებით შეხვდა ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წლევანდელ ევროტურნირებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გასული სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტები დაუმთავრდათ და `დინამოდან~ წავიდნენ ძირითადი შემადგენლობის წამყვანი ფეხბურთელები (გურამ კაშია, შოთა კაშია, ჯორჯ აკირემი, თენგიზ ჩიკვილაძე, ალექსანდრ კრსტესკი). ამას გარდა, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, `დინამო~ უცხოურ შეკრებაზე ვერ გაემგზავრა...

ამ ყველაფრის მიუხედავად, კახა კაჭარავას გუნდმა ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიც წარმატებით გაიარა, როცა ესტონურ `ფლორას~ აჯობა და მომდევნო ბარიერის დასაძლევადაც, ფაქტობრივად, დიდი ნაბიჯი გადადგა. ყოველ შემთხვევაში, შვედეთში გამარჯვების შემდეგ, `დინამო~-`გეფლეს~ წყვილის აშკარა ფავორიტად უკვე ჩვენი გუნდი უნდა მივიჩნიოთ.
`დინამოს~ მთავარ მწვრთნელთან კახა კაჭარავასთან ჩვენი საუბრის ძირითადი თემა, რაღა თქმა უნდა, წლევანდელი ევროტურნირები იყო; თუმცა, ვერც სხვა თემებს ავცდით: გასულ სეზონში `დინამოს~ ასპარეზობის შეფასებასა თუ ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სატრანსფერო კამპანიას.

_ ქართულ ფეხბურთში `დინამოს~ მართლაც განსაკუთრებული სტატუსი აქვს; აქედან გამომდინარე, გასულ სეზონში გუნდის ასპარეზობას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ: `დინამომ~ თასის ფინალიც წააგო და ჩემპიონატშიც მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა.
_ სტატუსის შეფასებაშიც გეთანხმებით და იმაშიც, რომ სეზონი ჩვენთვის წარმატებული ნამდვილად არ იყო; თუმცა, ყოველივე ამას თავის ობიექტური მიზეზები ჰქონდა: წამყვანი ფეხბურთელების გუნდიდან წასვლისა და შეუთამაშებლობის გამო, სეზონი ცუდად დავიწყეთ. ამას გარდა, აღარ დავკონკრეტდები იმაზე, გასულ სეზონში ჩვენ ჩემპიონატში... რა და როგორ ხდებოდა.

_ თუმცა, ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, ანუ, მესამე და მეოთხე წრეში `დინამო~ აშკარად უკეთ ათამაშდა.
_ ზემოთ, შეთამაშების პრობლემა შემთხვევით არ მიხსენებია: პირველი ეტაპის შემდეგ მეოთხე ადგილზე ვიმყოფებოდით და მეორე-მესამე ადგილზე მყოფ გუნდებს, შესაბამისად, 7 და 11 ქულით ჩამოვრჩებოდით. აი, მესამე და მეოთხე წრეში შეთამაშების პრობლემაც მოიხსნა, გუნდიც ათამაშდა და იმის გარდა, რომ მანამდე ჩვენ წინ მყოფი ორი გუნდი საგრძნობი უპირატესობით ჩამოვიტოვეთ, ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს `ოლიმპსაც~ ღირსეულ კონკურენციას ვუწევდით. აქვე, მინდა ვთქვა, რომ `ოლიმპი~ დამსახურებულად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

_ ჩვენ ჩემპიონატში რა და როგორ ხდებოდა, არ დავკონკრეტდებიო, ბრძანეთ და, რას გულისხმობდით?
_ ახალი რა უნდა ვთქვა; ყველამ კარგად იცის ყველაფერი: რა მდგომარეობაშია ჩვენი მოედნების ბალახის საფარი, სტადიონების გასახდელები; აღარაფერს ვამბობ ზოგიერთ ქალაქში არსებულ მართლაც არასაფეხბურთო გარემოზე: როცა ჩადიხარ და შეურაცხყოფას გაყენებენ; ჰო, ამას ყველა ხედავს და ამჩნევს, მაგრამ, რად გინდა; ეგაც რომ არ იყოს, გასული სეზონის ზოგიერთ მატჩს არაფერი ეტყობოდა, სპორტული პრინციპების სრული დაცვით რომ ტარდებოდა...

_ მსგავს ფაქტებზე საუბარს ყველგან მოისმენთ, ოღონდ, მხოლოდ ... კულუარებში.
_ ამიტომაც არის ჩვენი ჩემპიონატის დონე დაბალი; თუმცა, მიხარია, რომ `დინამოზე~ ვერავინ იტყვის, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობდა: ასეთი რამ არ ყოფილა და არც იქნება...

_ საუბრის თემა შევცვალოთ და ახალი სეზონისათვის `დინამოს~ სატრანსფერო კამპანიაზე მინდა დაგეკითხოთ; ყოველ შემთხვევაში, ბევრის აზრით, `დინამოს~ ამ ზაფხულს სატრანსფერო `ბაზარზე~ დიდად არ უაქტიურია.
_ ამ საკითხს ყოველთვის მაქსიმალური სიფრთხილით ვუდგები; როცა გუნდში სასურველი მოთამაშის მოყვანა მსურს, მხოლოდ მის საფეხბურთო მონაცემებს კი არა, პიროვნულ თვისებებსაც ვითვალისწინებ. აი, მაგალითად, როგორც ალექსანდრე კოშკაძის შემთხვევაში იყო. ეს, რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, აი, უცხოელების შემთხვევაში კი, იმის მომხრე ვარ, რომ გამოცდილი მოთამაშე მოვიწვიოთ, ვის გვერდითაც ქართველი ახალგაზრდები გაიზრდებიან. გაიხსენეთ, თუ რამხელა გამოცდილება შეიძინა გურამ კაშიამ ნედ ზელიჩისა და მილოშ კრშკოს გვერდით ასპარეზობისას; იმავეს ვიტყოდი გიორგი ლორიაზეც _ დიდიე ოვონოსგან ბევრი რამ რომ შეისწავლა.

_ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, მაინც ულამაზოდ გვეჩვენება ის ფაქტი, ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ევროტურნირების გასვლით შეხვედრაში 16 ან 17 ფეხბურთელით რომ მიემგზავრება...
_ ალბათ, `ფლორასთან~ გასვლით მატჩს გულისხმობთ; სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ესტონელებთან პირველი მატჩის მერე ორი ფეხბურთელი გამოგვაკლდა: ლაშა ჩადუნელი და ნიკა ფირცხალავა. ჩადუნელს `ფლორასთან~ საშინაო მატჩი, თურმე, ნატკენი ფეხით უთამაშია; ერთის მხრივ, ახალგაზრდა ფეხბურთელის მონდომება დასაფასებელია, მაგრამ, ამით ხომ საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხეში ჩაიგდო. ფირცხალავაზე კი მუდამ დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ესტონეთში ვერც მან შესძლო წამოსვლა. ეგ კი არა, ეს ნიჭიერი ბიჭი, საერთოდ, ფეხბურთისთვის თავის დანებებას აპირებდა.

_ კარგია, რომ ფირცხალავამ აზრი შეიცვალა და კვლავაც `დინამოშია~...
_ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია; თუმცა, ბიჭსაც უნდა გავუგოთ: ბოლო სამი წლის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე რთული ოპერაცია გადაიტანა. ასეთ დროს კი, არავის უნდა გაუკვირდეს, ფეხბურთელს ფსიქოლოგიური პრობლემებიც რომ შეექმნას: როგორი საქმეა, ხანგრძლივ მკურნალობასა და რეაბილიტაციას კვლავაც მძიმე ტრავმა რომ მოჰყვება; საბედნიეროდ, ფირცხალავა ისევ ჩვენთან არის და მჯერა, ყველა პრობლემას რომ დაძლევს.

_ წლევანდელ ევროტურნირებზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ არც კი ვიცით, ესტონეთში და შვედეთში ჩატარებულ მატჩებში `დინამომ~ როგორ ითამაშა. ანუ, ფაქტობრივად, მხოლოდ, საბოლოო შედეგითა თუ მშრალი სტატისტიკური მონაცემებით ვკმაყოფილდებოდით. მოდი, ჯერ `ფლორასთან~ განმეორებით შეხვედრაზე ვისაუბროთ.
_ ჩემდა გასაკვირად, ისე როგორც თბილისურ მატჩში, `ფლორამ~ საშინაო შეხვედრაშიც `უკნიდან თამაში~ არჩია. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთადერთი რეალური მომენტი ჰქონდათ, როცა მეორე ტაიმში იმათი თავდამსხმელი გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, ჩვენ არაერთი შანსი ვერ გამოვიყენეთ: ჯერ მარტო დონალდ ჯუისს ოთხი ჩინებული მომენტი ჰქონდა! ერთ ეპიზოდში კი ირაკლი ლექვთაძეს უნდა გაეტანა, მაგრამ ჭაბუკ ფეხბურთელს ასეთ დონეზე გამოცდილება არ ეყო.

_ ჩადუნელის არყოფნაში ლევან კაკუბავას დაცვის ცენტრში გულვერდ თომაშვილი შეუწყვილეთ. თუმცა, ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით გიორგი კახელიშვილის... მარჯვენა მცველობაზე.
_ კახელიშვილს ერთი და ორი წელიწადი არ ვიცნობ და მის შესაძლებლობებში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი. ისიც ვიცოდი, რომ ყოფილ კლუბებში (`ლოკომოტივშიც~ და `ოლიმპშიც~) რამდენჯერმე დაცვაშიც უთამაშია. ანუ, აქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და კახელიშვილის თამაშითაც კმაყოფილი დავრჩი. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა გუნდის ინტერესები ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს; თორემ, მეც კარგად ვიცი, რომ კახელიშვილისა და ლევან ხმალაძის თამაში ნახევარდაცვაში უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე დაცვაში.

_ ახლა კი `გეფლესთან~ მატჩზე ვისაუბროთ. მეტოქეზე სრული წარმოდგენა გქონდათ?
_ ვსარგებლობ შემთხვევით და მეტოქეზე მეტ-ნაკლები ინფორმაციის მოწოდებისათვის ზაურ სვანაძეს დიდ მადლობა მინდა გადავუხადო. მოგეხსენებათ, რომ ზაური წლების განმავლობაში შვედეთში მუშაობდა და იქაურ ფეხბურთსაც კარგად იცნობს. `გეფლე~ ხელწამოსაკრავი მეტოქე ნამდვილად არ არის _ ათლეტური და ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავს და აქედან გამომდინარე, ძირითად აქცენტსაც სტანდარტულ მდგომარეობებზე აკეთებდნენ.

_ `გეფლე~-`დინამოს~ მატჩის შინაარსიც გვაინტერესებს; `ფლორასი~ არ იყოს, ამ შემთხვევაშიც ინფორმაციის სიმწირეს განვიცდით.
_ მატჩის საწყისი 10-15 წუთი ერთგვარი `დაზვერვა~ მიდიოდა. თანაც, ჩემი ვარაუდი გამართლდა: მეტოქე მაქსიმალურად ცდილობდა ფლანგების გამოყენებას და ტანმაღალი ფორვარდების მაღალი ბურთებით მომარაგებას. თუმცა, ჩემი გუნდის ფეხბურთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არც ერთი საჰაერო ორთაბრძოლა არ წაუგიათ! საწყისი 15 წუთის შემდეგ კი თამაშს უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით და მათე ვაწაძის გოლი ლოგიკურიც იყო. აქვე, ამ ეპიზოდში დონალდ ჯუისის ჩინებული თამაშიც მინდა აღვნიშნო, რომელმაც მარცხენა ფლანგზე მეტოქის ოთხი ფეხბურთელი მოატყუა და ვაწაძის მიმართულებითაც სწორი გადაცემა გააკეთა.

_ ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
_ გატანილი გოლის მერე ვიცოდით, რომ მეტოქე შემოგვიტევდა, მაგრამ დაცვაში `ჩაჯდომა~ არც გვიფიქრია: პირიქით, ვცდილობდით, უპირატესობა განგვემტკიცებინა. ჩვენი გეგმები არც საპასუხო გოლის მერე შეცვლილა: მიუხედავადა იმისა, რომ სტუმრად 1:1 ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი, მაინც გამარჯვებაზე ვფიქრობდით. ამიტომაც მიხარია, ბიჭებმა გამარჯვებისთვის ასეთი სწრაფვა რომ გამოავლინეს, ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

_ ამ შეხვედრაში მსაჯმა ორი პენალტი დანიშნა: ჯერ _ `დინამოს~, მერე კი `გეფლეს~ კარში.
_ მსაჯმა ორივე შემთხვევაში აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო: პირველ ეპიზოდში კახელიშვილმა ხელით დაიჭირა მეტოქე; ასევე ასპროცენტიანი პენალტი იყო მასპინძელთა კარშიც, ოღონდ, არბიტრმა ლევან ხმალაძეს დარტყმა ორჯერ შეასრულებინა და ხმალაძე ორივეჯერ ზუსტი გახლდათ. სხვათა შორის, შეხვედრის ბოლოს ერთი გოლი გავიტანეთ, მაგრამ მსაჯებმა `თამაშგარე მდგომარეობა~ სამართლიანად დააფიქსირეს. ცალკეული ფეხბურთელების გამოყოფა არ მიყვარს, მითუმეტეს, რომ `გეფლესთან~ ყველამ კარგად ითამაშა, მაგრამ გიორგი ლორიაზე მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა: კარის ხაზზეც საიმედოდ იდგა და გამოსვლებზეც უშეცდომოდ ითამაშა.

_ სტუმრად მოგებული მატჩი ყველაფერს თუ არა, ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა, იმედია, `დინამოს~ ფეხბურთელები განმეორებით მატჩსაც მაქსიმალური მობილიზებით შეხვდებიან.
_ სხვათა შორის, მეტოქეზე იმ ინფორმაციასაც ვფლობთ, რომ გასვლით მატჩებში ბევრად უკეთ ასპარეზობს, ვიდრე _ შინ. ანუ, არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობს, რომ, უკვე მომდევნო ეტაპზე ვართ გასული. პირიქით: კარგად ვიცით, რომ ურთულესი მატჩი გველოდება და მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ერთგული ქომაგი გავახაროთ. ამიტომაც ვთხოვ ქართველ გულშემატკივარს, რომ `გეფლესთან~ მატჩში სტადიონზე მოვიდეს და გვიქომაგოს.

_ `გეფლესთან~ სტუმრად ჩატარებულ მატჩზე, სტოკჰოლმის `რასუნდას~ სტადიონზე ქართველი ქომაგებიც ყოფილან...
_ სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, თუ რა ხდებოდა ტრიბუნებზე, _ გვეგონა... საქართველოში ვთამაშობდით! მართლაც, ენით აუწერელია, თუ როგორ გვქომაგობდნენ იქაური ქართველები...

_ ეს, მართლაც, სასიამოვნო ფაქტია და გვჯერა, რომ ქომაგობა არც ხუთშაბათს მოგაკლდებათ; ისიც კარგია, რომ ჯერჯერობით მხოლოდ `გეფლესთან~ განმეორებით მატჩზე ფიქრობთ და არა _ ავსტრიულ `შტურმზე~, მომდევნო წრეში მეტოქედ რომ უნდა გვყავდეს. საუბრის დასასრულს, მხოლოდ ერთს გკითხავთ: ახალი სეზონის დაწყებამდე `დინამოში~ ახალი სახეების გამოჩენას აღარ უნდა ველოდოთ?

_ ავსტრიულ `შტურმზე~ 22 ივლისის მერე ვიფიქრებთ! რაც შეეხება მატებას, უკე ოთხი დღეა `დინამოში~ ნუკრი მანჩხავა ვარჯიშობს; გამოცდილი ფეხბურთელია და სწორედ ასეთი გამოცდილი მოთამაშეები გვჭირდება, განსაკუთრებით კი, დაცვის ხაზში. სხვათა შორის, ასეთი ახალგაზრდული გუნდი `დინამოს~ არასდროს ყოლია; ერთადერთი, ალბათ, 1988-89 წლებს თუ შევადარებთ, როცა თვითონ ვთამაშობდი `დინამოში; მაგრამ მაშინ გუნდის საშუალო ასაკი 20-21 წელი იყო, ახლა კი უფრო ნაკლებია...
ambebi.ge




კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1324 | დაამატა: web-world | ტეგები: მოდით და გვიქომაგეთ! | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar