მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » "მივეწებებით ერთმანეთს და ვითიშებით"
11:45 AM
"მივეწებებით ერთმანეთს და ვითიშებით"

WWW.ALLFILE.DO.AM - Internet Files Encyclopediaმახსოვრობა
არც ერთს არ უვარგა, თარიღებთან ორივე მწყრალადაა. ამაში თეას შვილი
ნიკუშა ყოფილა ძლიერი. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ჯვრისწერის თარიღსაც კი
ნიკუშა ახსენებთ.

ერთმანეთს კარგად იცნობენ, მათი პასუხები ძალიან
ჰგავს ერთმანეთს. ძილიც კი ერთნაირი სცოდნიათ. მხოლოდ შოპინგთან მიდგომა და
ტექნიკის სიყვარულია განსხვავებული. ნიკა ლომიძეს ცოლთან ერთად შოპინგი
სძულს. თეა კი, ნიკასგან განსხვავებით, ძალიან შორსაა ტექნიკისგან.

როგორც უკვე იცით, წყვილს ერთი და იგივე კითხვები დავუსვით, ოღონდ ცალ-ცალკე მოვუწყვეთ "დაკითხვა".


- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?
ნიკა:

-
თავიდანვე გეტყვით, რომ თარიღებთან ცუდი ურთიერთობა მაქვს. საყვარელი
ადამიანების დაბადების დღეებსაც კი ვერ ვიმახსოვრებ. სახლიდან მირეკავენ და
მახსენებენ, დღეს დედაშენის დაბადების დღეა და არ დაგავიწყდესო. ასე რომ,
არც ჩვენი გაცნობის თარიღი მახსოვს. ის მახსოვს, რომ ცუდი პერიოდი იყო,
სამოქალაქო ომის შემდგომი, მხედრიონი ავტომატებით რომ დარბოდა. უფრო ახლოს
ერთმანეთი გავიცანით 2000 წელს, "მაესტროში" "ჯადოსნურ ღამეს" რომ
ვამზადებდით საახალწლოდ. როცა უკვე მივხვდით, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა, ეს
იყო 10 ოქტომბერს, მეგობრის დაბადების დღეზე.

თეა:
- "მაესტროს" საახალწლო ფილმის გადაღებაზე გავიცანი ნიკა. წელი ნამდვილად არ მახსოვს, ზამთარი იყო.

- რა ეცვა? შენ როგორ გამოიყურებოდი?
ნიკა:

- წარმოდგენა არ მაქვს, ვერ ვიხსენებ. არც ის მახსენდება, მე როგორ გამოვიყურებოდი.

თეა:
-
თბილი ნაქსოვი ყურებიანი ქუდი ეხურა, პომპონჩიკები ჰქონდა ორივე ყურთან
ქუდს. დანარჩენი არ მახსოვს. არც ის მახსოვს, მე როგორ გამოვიყურებოდი.

- ქორწინების თარიღი...
ნიკა:

-
აპრილში დავიწერეთ ჯვარი, ბავშვიც მაშინ მოვნათლეთ. ზუსტად ვიცი, რომ
თეასაც არ ემახსოვრება, ნიკუშა გვახსენებს ხოლმე ორივეს, მაგარი
მეხსიერება, აქვს.

თეა:

- ჩემმა შვილმა ნიკუშამ
იცის ეგ თარიღი. იცით რატომ არ მახსოვს? მე და ნიკა ყოველთვის 10
ოქტომბერს აღვნიშნავთ, ეს არის დღე, როცა მივხვდით, რომ ერთად ყოფნა
გვინდოდა. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით, მანამდე როგორც
მეგობრები, ისე ვხვდებოდით ერთმანეთს. დაბადების დღიდან ნიკამ წამომიყვანა
და იმ დღიდან გაჩერდა ჩემი მანქანა. ყველგან ნიკას დავყავდი. ამიტომ, როცა
ვითვლი, რამდენი წელია ვართ ერთად, სწორედ იმ დღიდან ვიწყებთ ათვლას. ჯვარი
გვიან დავიწერეთ, როცა ნიტა მოვნათლეთ.

- ინტერნეტით ყველაზე ხშირად რომელ საიტებს სტუმრობს? შენ?
ნიკა:

-
საერთოდ არ სტუმრობს არც ერთ საიტს და შორს არის ახალი ტექნოლოგიებიდან.
მხოლდ "იუთუბ"-ზე შედის, ახალი ცეკვა ან მოძრაობა რომ ნახოს. მეც
პროფესიული კუთხით ვსტუმრობ საიტებს. ახალ რეკლამებს ვათვალიერებ,
სარეკლამო ფესტივალებს ვნახულობ. ორივეს გვეზიზღება "ოდნოკლასნიკები".

თეა:
- ფილმებს იწერს, რეკლამებს უყურებს. მე საერთოდ მწყრალად ვარ ინტერნეტთან. მხოლოდ სკაიპს ვიყენებ, როცა მეგობარს ველაპარაკები.

- როგორ შეიძლება თეას მოთაფვლა? შენი?

ნიკა:
-
თეას მოთაფვლა არ სჭირდება, რეალურად აფასებს ყველაფერს. თუმცა, თუ
მაგალითად, რაიმე ტექნიკის ყიდვა მინდა, "მე მინდათი" არ ვიწყებ. ჯერ
ვასაბუთებ, რა მაგარია ეს ნივთი, როგორი იაფია და როგორი საჭირო ჩვენი
ოჯახისთვის. ჩემი მოთაფვლა მხოლოდ მოფერებით შეიძლება.

თეა:
-
მოფერებით, ნიკას კარგად გამოსდის ეს. როცა რაღაცის ყიდვა უნდა,
აუცილებლად მომატყუებს ფასს. თუ მეუბნება ათ ლარს, ე.ი. ღირს ოცი ლარი, თან
ისეთ რეკლამას უკეთებს, ლამის უკვდავების წამლად დაგიხატავს მისთვის
სასურველ ნივთს. თან უნდა გამიხარდეს, ასე იაფად რომ ვიშოვეთ, უნდა გავიქცე
ბედნიერი და ვიყიდო. მისთვის სასურველი ნივთი ძირითადად ტექნიკაა. როგორც
ქალია კმაყოფილი შოპინგით და ერთი კვირა ბედნიერია, ისეა ნიკა, როცა რაიმე
ტექნიკა მოაქვს სახლში.

- რისი გაკეთება ეზარება ყველაზე მეტად ოჯახში? შენ?
ნიკა:

-
სახლის დალაგება ეზარება. ჭურჭლის დარეცხვა და დაუთოება უყვარს.
სადილებსაც მოამზადებს, რომ ეცალოს, კარგი ხელი აქვს... მე ყველაფერი
მეზარება, სანამ მოვინდომებ, მაგრამ თუ მოვინდომე, არაფერი მეზარება.
საჭმელების გაკეთებაც მიყვარს. ჭურჭლის დარეცხვას ვერ ვიტან.

თეა:
-
არაფრის გაკეთება არ ეზარება, უბრალოდ, საქმის გადადება უყვარს. თუ
მოინდომა, ყველაფერს გააკეთებს. მე სახლის დალაგება არ მიყვარს. ბევრ
ტანსაცმელსა და თეთრეულს დავაუთოებ, თუნდაც სიცხეში, ოღონდ სახლს ნუ
დამალაგებინებ. არ გამომდის, არ ვიცი საიდან დავიწყო, როგორ გავყვე და
როგორ დავამთავრო.

- რომელი კერძი არ უყვარს? შენ?
ნიკა:

- ხმელი ლობიო უყვარს, რა არ უყვარს, არ ვიცი. მე მწვანე ლობიო აღარ მიყვარს ბოლო დროს.

თეა:
-
ზეთისხილი არ უყვარს. მწვადი უყვარს, თვითონაც ამზადებს და ჩახოხბილი
უყვარს. მე ლობიანი მიყვარს და სალათები. ხორცის მოყვარული არ ვარ, ხაშლამა
არ მიყვარს, არც ვიზუალურად მომწონს.

- რას გსაყვედურობს ყველაზე ხშირად? შენ?
ნიკა:

-
იმას, რომ დიდ დროს ვერ ვატარებ თეასთან ერთად... მე ვსაყვედურობ იმას,
რატომ მსაყვედურობს უსაფუძვლოდ. ვმუშაობ და ამის ბრალია, დიდ დროს რომ ვერ
ვუთმობ ოჯახს.

თეა:
- ჩვენ ერთმანეთს არ
ვსაყვედურობთ. იმასაც კი არ ვსაყვედურობ, თუ რაიმე ავიწყდება. იმიტომ, რომ
ასეთია, ეს კარგად ვიცი და თუ დაავიწყდა ე.ი. ჩემი ბრალია, რომ არ დავურეკე
და არ შევახსენე.

- შოპინგი უყვარს? შენ?
ნიკა:

-
ძალიან უყვარს, მეც მიყვარს საყიდლებზე სიარული, ოღონდ თეასთან ერთად არა
(იცინის). ყველაზე ძლიერ და ნებისყოფიან ადამიანს "დააგდებს" თეას შოპინგი.
შეუძლია, ათასექვსასი კაბა მოიზომოს და იყიდოს ერთი. არასდროს არ
ამთავრებს შოპინგს.

თეა:

- ეზიზღება. მე შემიძლია, საათობით ვიარო მაღაზიებში, გაუთავებლად, დაუღლელად და ბედნიერი გამომეტყველებით.

- რისი ფობია აქვს? შენ?
ნიკა:

-
სიმაღლის ეშინია თეას, მე კალიების მეშინია. თუ ვინმეს ხელში უჭირავს,
შემიძლია მოვეფერო კიდეც, მაგრამ მარტო თუ ვარ, აუცილებლად ვესვრი ჩუსტს და
მოვკლავ. თან მეცოდება.

თეა:

- მე უფრო
მშიშარა ვარ, ვიდრე ნიკა. ნიკას კალიების ეშინია, მაგრამ ვერ გეტყვი, რომ
ეს ფობიაა, უბრალოდ სძულს. არ შეუძლია, ხელი მოჰკიდოს. მე ყველაფრის
მეშინია, რაც სიჩქარესა და რისკს უკავშირდება. განსაკუთრებით სიმაღლის
მეშინია. თვითმფრინავში რომ ავდივარ, დამამშვიდებლებს ვსვამ, მაგრამ
არაფერი მშველის.

- როდის ტირის? შენ?
ნიკა:

-
თეა არ არის მტირალა, იშვიათად ტირის, პრინციპში მეც ასეთი ვარ, თუმცა
ბოლო დროს ამერიკული ფილმების "ჰეფი ენდებზე" ვჯღავით ორივე (იცინის).

თეა:
-
მტირალა არ არის ნიკა, ფიზიკურ ტკივილსაც იტანს, ბევრი მამაკაცისგან
განსხვავებით. მე ცოტა გულჩვილი გავხდი ბოლო დროს და მეცინება ჩემს თავზე.
შემიძლია, იდიოტური ამერიკული ფილმის იდიოტურ "ჰეფი ენდზეც" ვიტირო. ვტირი
მაშინაც, როცა რაიმე ამაღელვებელ სიტყვას ამბობენ. ასეთი რამ ადრე არ
მჭირდა, ალბათ ასაკის ბრალია.

- რას კითხულობს ახლა? შენ?
ნიკა:

-
ახლა არაფერს არ კითხულობს, მაგრამ ზღვაზე რომ წავალთ, ბევრ წიგნს
წამოიღებს, ზუსტად ვიცი, ახლა დრო არ აქვს კითხვისთვის. მე პროფესიული
განხრით ვკითხულობ საინტერესო წიგნს კინოზე ალექსანდრ მიტას ავტორობით.

თეა:

- ავტორი არ მახსოვს, მაგრამ კითხულობს წიგნს, რომელიც ეხება ფილმებს. მე ძირითადად ზაფხულობით ვკითხულობ.

- ამოჩემებული სიმღერა თუ გაქვს? მას?
ნიკა:

-
ამოჩემებული ჯგუფი მყავს, "ქოქთო თვინს" მიყვარს ძალიან, მაგრამ ბევრი ვერ
უსმენს. თეა არაფერს არ უსმენს. მისი მანქანის მაგნიტოფონს ფუნქცია აქვს
დაკარგული, ცხოვრებაში არ ჩაურთავს. მე თუ ვჯდები, მხოლოდ მაშინ ირთვება,
მაშინაც ხმას ჩამაწევინებს ან საერთოდ გამომართვევინებს, გული ერევა უკვე
მუსიკაზე.

თეა:

- უყვარს ჯგუფი "ქოქთო თვინსი"
და ირაკლი ჩარკვიანს უსმენს ხშირად. მე მუსიკას საერთოდ არ ვუსმენ. ვიღლები
მთელი წლის განმავლობაში მუსიკისგან და მირჩევნია, სიწყნარეში დავისვენო.

- როგორ მდგომარეობაში უყვარს ძილი? პირქვე, გულაღმა თუ გვერდზე გადაბრუნებულს?
ნიკა:

- ორივეს გვერდულად გვძინავს, თეა მოწებებულია ჩემზე ზურგით. ასე მივეწებებით ერთმანეთს და ეგრევე ვითიშებით (იცინის).

თეა:
-
ვერ იძინებს, თუ არ მომეწება. ჩემკენ გადმობრუნდება, მე ზურგს შევაქცევ და
ასე გვერდზე გადაბრუნებულებს გვძინავს. ახლა ცუდად აქვს საქმე, ცხელა და
იტანჯება (იცინის), თან უნდა მომეხუტოს, თან სცხელა, წვალობს ძალიან.

- რა ფერისაა მისი კბილის ჯაგრისი? შენი?
ნიკა:

- შენ რა გითხარი! (ფიქრობს) ლურჯი. ჩემი - მწვანე.

თეა:
- ლურჯია ნიკასი... თუ მწვანე? არა მწვანე ჩემია, ნიკასი - ლურჯი.

- ვისთან საუბრობს მობილურით ყველაზე დიდხანს დღის განმავლობაში? შენ?
ნიკა:

- დედამისთან. მე ბევრ ადამიანთან, მაგრამ ალბათ მაინც თეასთან.

თეა:

- მისი ტელეფონი მუდმივად დაკავებულია, მე ძირითადად სახლში ვრეკავ, როცა ვმუშაობ.

- ამოჩემებული სიტყვა ან ფრაზა თუ აქვს? შენ?
ნიკა:

- თეას არაფერი, მე - "გაიხარეს" გავიძახი უკვე ბევრი წელია.

თეა:
-
ბევრი ფრაზა აქვს ამოჩემებული, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ. ახლა გამახსენდა
ერთ-ერთი, მაგრამ იმას ვერ ვიტყვი, უცენზუროა. მე არ ვიცი ფრაზებისა და
სიტყვების ამოჩემება.

- რა მეტსახელს გეძახის? შენ რა შეარქვი?
ნიკა:

- ბევრია ასეთი: "მაჯიკო", "ჭკრუტუნა", "ნი", მეც ბევრი სახელი შევურჩიე: "თე", "ჭრაჭუნა", "პრანჭიკო", "ჟედიკო".

თეა:
- "ჭკრუტუნას" მეძახის, "დედიკოს", "თეასი", მე მამიკოს ვეძახი, "მაკიჭოსაც", ეს ნიტამ შეარქვა და შერჩა.

- როგორ გგონია, თქვენი პასუხები დაემთხვევა ერთმანეთს?
ნიკა:

- 95%-ით დაემთხვევა, თუმცა მგონია, რომ თეა უკეთ მიცნობს მე, ვიდრე მე მას.

თეა:
-
ალბათ 70%-იანი თანხვედრა იქნება ჩვენს პასუხებში. მგონია, რომ კარგად
ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან მაინტერესებს, მართლა თუ დაემთხვევა ყველა
პასუხი.


ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)










კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1267 | დაამატა: allfile | ტეგები: ambebi.ge, თეა, ნინო მჭედლიშვილი, ნიკა ლომიძე, reitingi, nika lomidze, shopingi, nino mchedlishvili, statia.ge, Tea | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar