00:58 19-07-2010
მესუთ იოზილმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ბრემენის „ვერდერთან" ახალი
კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებზე უარი რომ თქვა, „მუსიკოსების" შეფმა
კლაუს ალოფსმა მაშინვე იგუმანა, რომ თურქული წარმოშობის ახალგაზრდა
ფეხბურთელი ბრემენულ კლუბს მაგრად გააწამებდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი:
იოზილმა მუნდიალზე ძალიან კარგად იასპარეზა, რითაც ერთი მხრივ სხვა კლუბებს
მისდამი ინტერესი გაუღვივა, მეორემხრივ კი, საკუთარი ფასი გაზარდა და ახლა
თავს შესანიშნავად გრძნობს. მის კონტრაქტს ვადა კიდევ ერთი წლით აქვს, რაც
იმას ნიშნავს, რომ „ვერდერი" იოზილს ან ახლა დაკარგავს, ანაც გაისად და
თანაც უფასოდ. შესაბამისად, ფაქტი ერთია: ამ ორომტრიალში წაგებული
„ვერდერი" რჩება.
მესუთმა ამას წინათ თქვა, „ვერდერში" კიდევ ერთი
წლით დავრჩები, რა პრობლემააო, მაგრამ სულ სხვა რამ იგულისხმა: თუ მსურველი
გუნდისთვის მისაღებ ფასად არ გამყიდით, გაისად ჩემს სანაცვლოდ კაპიკსაც
ვეღარ მიიღებთ და არჩევანი თქვენზე იყოსო. სინამდვილეში, უცნობია,
იასპარეზებს თუ არა იოზილი „ვერდერში" მომავალ სეზონშიც. ამასობაში, მისი
გადაბირება მადრიდის „რეალმა" მოისურვა. მოკლედ, „ვერდერს" იოზილის
უფასოდ დაკარგვა არაფრისდიდებით არ აწყობს, რაც იმას ნიშნავს, რომ
„მუსიკოსები" მესუთის მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზად
არიან. ეს ალოფსმაც დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, თუ ვინმე კონკრეტული
წინადადებით მოგვმართავს, მზად ვართ, შემოთავაზებები განვიხილოთო.
...და
აი, სწორედ ამ დროს ჩაერთო თამაშში „რეალი". შაბათს, ესპანური გაზეთი
„ასი" წერდა, რომ იოზილს „რეალმა" თვალი დააგდა. უფრო მეტიც: ჩვენი
ესპანელი კოლეგები წერენ, რომ „რეალის" გენერალური დირექტორი ხორხე
ვალდანო, სპორტული დირექტორი მიგელ პარდესა და მარკეტინგის შეფი ხოსე ანხელ
სანჩესი იოზილს შეხვდნენ და მასთან უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები
გამართეს. მაგრამ „ასი" ხაზს უსვამს იმასაც, რომ იოზილის ტრანსფერი
საბოლოოდ მადრიდული გრანდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს
გადასაწყვეტია. გაირკვა, რომ იოზილთან შეხვედრა მოურინიოსაც სურს და მხოლოდ
ამის შემდეგ გაირკვევა, უნდა თუ არა „რეალს" გერმანიის ნაკრების
ფლეიმეიკერი. მანამდე კი დაბეჯითებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ
დაინტერესება არსებობს. „მეც გავიგე, რომ „ასში" ასეთი სტატია დაიწერა,
მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენთვის კონკრეტული წინადადებით ან მოლაპარეკებების
დაწყების თხოვნით არავის მოუმართავს," - ამბობს ალოფსი.
ესპანური
მედია ტრანსფერისთვის ორ სცენარზე წერს: „რეალმა" იოზილის ნაცვლად ან
საკმაოდ დიდი თანხა (25-30 მილიონი ევრო) უნდა გადაიხადოს, ანაც კლუბები
გაცილებით დაბალ თანხაზე შეთანხმდებიან და „რეალს" გარანტია ექნება, რომ
იოზილი ერთი წლის შემდეგ მადრიდში წავა. ანუ, მესუთი ფაქტობრივად „რეალის"
საკუთრება იქნება, მაგრამ „ვერდერში" კიდევ ერთ სეზონს, არენდის წესით
გაატარებს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას... ambebi.ge
|