აზიის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქალი სპრინტერი რაკია ალ-გასრა
ორი წლით არის დისკვალიფიცირებული. 28 წლის ბაჰრეინელი სპორტსმენი 2011
წლის 16 სექტემბრამდე ვერ შეძლებს ტურნირებზე გამოსვლას. მძლეოსნობის
საერთაშორისო ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბაჰრეინელმა
დადებითი დოპინგტესტი გასულ წელს ჩააბარა.
ანალიზმა ორგანიმზში
აკრძალული პრეპარატის კვალი დაადასტურა, რის შემდეგაც მძლეოსნობის
ეროვნულმა ფედერაციამ სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
მოქმედი წესების თანახმად, ალ გასრა 2012 წლის ოლიმპიადაზე ვერ შეძლებს
გამოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიკაციას 2011 წლის შემოდგომაზე
გასდის ვადა.
ალ გასრას დოპინგში გამოჭერა - მეტად ხმაურიანი სკანდალია.
მასშტაბებით ის არ ჩამოუვარდება ბაჰრეინის მეორე ცნობილი წარმომადგენლის,
რაშიდ რამზის სკანდალურ დისკვალიფიკაციას.
ამ წლის დასაწყისში
საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორეს ქვეყნის ყველაზე ცნობილი სპორტსმენი
რაშიდ რამზი. მან პეკინის ოლიმპიადაზე ბაჰრეინს ისტორიაში ოქროს პირველი
მედალი მოუტანა - 1500 მეტრზე სირბილში. წარმოშობით მაროკოელმა რამზიმ 2002
წელს სპეციალურად შეიცვალა მოქალაქეობა საკუთარი სპორტული ამბიციების
დასაკმაყოფილებლად. ახლა იძულებულია დააბრუნოს მედალი, თუმცა
კვლავინდებურად უარყოფს დოპინგის მიღებას.
IAAF-მა რამზის დაუტოვა
მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონატზე 800 და 1500 მეტრზე მოპოვებული ოქროს
მედლები, მაგრამ მისი სპორტული ღირსება საბოლოოდ დაზარალდა.
ალ
გასრამ მუსულმანურ სპორტში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. სპორტული კარიერის
დასაწყისში კალათბურთელი იყო, მაგრამ 19 წლის ასაკში მიმართულება შეიცვალა
- სწრაფი გოგონა მძლეოსნობაში გადავიდა. რამდენიმე ახალგაზრდული ტურნირის
მოგების შემდეგ, მისმა მწვრთნელმა ქალთა მძლეოსნობის მხარდაჭერის
სპეციალური პროგრამის პროპაგანდა დაიწყო. საქმე ისაა, რომ ბაჰრეინში
გოგონებს მხოლოდ სპორტის გუნდურ სახეობებში გამოსვლის უფლება ჰქონდათ.
მძლეოსნის
კარიერის გასაგრძელებლად რაკიას საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა
მოუწია. ისლამის ფუნდამენტალისტური მიმართულების წარმომადგენლები
კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქალების მონაწილეობას საზოგადოებრივ
ცხოვრებაში, მით უმეტეს, თუ ეს მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე ხდება.
მათი რეაქციის შესარბილებლად სპორტმენი სარბენ ბილიკზე "ჰიჯაბით" გადიოდა -
სპეციალური კაპიუშონიანი კომბინეზონით, რომელიც თავად შექმნა.
მუსულმანურმა
პორტალმა Al Jazeera-მ რაშიდ რამზის დისკვალიფიკაციის კომენტარისას რაკია
ალ გასრას მაგალითი მოიყვანა. კორესპონდენტმა მას "დიადი მისაბაძი
მაგალითი" უწოდა. "პატიოსანი, სტუმართმოყვარე და მოკრძალებული", -
ეპითეტებს არ იშურებდა ჟურნალისტი. ამიტომაც გასაკვირი არ არის, მუსულმანურ
სამყაროში ამდენი მიმდევარი რომ ჰყავს. თუმცა თავად მორბენალმა ბედის
ირონიით, მისაბაძ მაგალითად ამერიკელი მერიონ ჯონსი აირჩია, რომელიც ასევე
დოპინგის მიღებაში იყო დადანაშაულებული.
2004 წელს ალ გასრამ გამოწვევა
ესროლა ფუნდამენტალისტებს, როცა ათენის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო
მონაწილეობა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე შორს წასვლა ვერ შეძლო, მაგრამ
ამან კიდევ უფრო წააქეზა ათლეტი.
თავის მეორე ოლიმპიადაზე რაკიამ 100 და
200 მეტრ დისტანციებზე მიიღო მონაწილეობა და "გრძელ სპრინტში"
ნახევარფინალს მიაღწია. ის აგრეთვე თავისი ქვეყნის ნაკრების მედროშე იყო
გახსნის ცერემონიაზე.
"მას შეეძლო უფრო ჩქარა ერბინა, - ამბობს მისი
მწვრთნელი. - მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მძლეოსნობაში გვიან
მოვიდა და ჩვენ სხვებზე ორჯერ მეტი მუშაობა გვიწევს".
მაგრამ
ახლა მუსულმანურ სამყაროში ქალთა სპორტის მომავალი საფრთხის წინაშე დადგა.
საერთო სურათს ამძიმებს მსოფლიო სპრინტის ცხოვრების სხვა სკანდალური
ფაქტები: ივლისში ტურნირებიდან მოკვეთეს ქალთა სპრინტის ვარსკვლავი,
იამაიკელი შელი-ენ ფრეზერი. 100 მეტრზე 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი და
მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული აკრძალული პრეპარატის
მიღებაში გამოიჭირეს, თუმცა სპრინტერი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ცეცხლზე
ნავთი დაასხა სკანდალურმა კანადელმა სპრინტერმა ბენ ჯონსონმა, რომელსაც
ყველანაირი ტიტული ჩამოართვეს დოპინგის გამოყენების გამო. ის სპრინტში
თანამედროვე მიღწევების კომენტარით გამოვიდა.
1988 წელს მიღებული
დისკვალიფიკაციის შემდეგ მან დოპინგის მიღება აღიარა და განაცხადა, რომ
"ჩემს დროში დოპინგის გარეშე მაღალ დონეზე გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელი
იყო".
კანადელმა ამჯერადაც დაადასტურა თავისი სიტყვები და ახსნა,
რომ მაღალ შედეგებს მძიმე შრომით მიაღწია, სტეროიდები კი ენერგიის სწრაფად
აღდგენაში ეხმარება. რაც შეეხება დღევანდელი ლიდერების მიღწევებს, ჯონსონი
კმაყოფილია თანამედროვე სპრინტით, თუმცა წარმოდგენა არ აქვს, როგორ
ვარჯიშობს უსაინ ბოლტი და როგორ აჩვენებს ფანტასტიკურ წამებს.
ამასთან,
სკანდალური სპორტსმენი აღნიშნავს, რომ "ადამიანს შეუძლია ასი მეტრი 10
წამზე ნაკლებ დროში გაირბინოს, ოღონდ რეგულარულად ეს შეუძლებელია - მხოლოდ
ერთხელ სეზონში, ფორმის პიკზე".
ლელო ambebi .ge
მთავარი » 2010 ივლისი 28 » მუსულმანური სპორტის სირცხვილი
11:25 AM მუსულმანური სპორტის სირცხვილი | |
10:15 28-07-2010
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |