მთავარი » 2010 » ივლისი » 25 » მე-9 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან სახარება მათესაგან (14, 22-34) ნაწილი 2 - დამთავრება
1:32 PM
მე-9 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან სახარება მათესაგან (14, 22-34) ნაწილი 2 - დამთავრება



ამგვარადვე, უფლის ჭეშმარიტი მორწმუნენი და მსასოებელნი უშიშრად ვლენან ამა ცხოვრებისეულ მწუხარებათა, საცთურთა და უბედურებათა ზედა. როცა პეტრემ ზღვის ტალღათა შორის მერყეობა იწყო რწმენში, მაშინ მას ზღვის სიღრმეში დანთქმა დაემუქრა: ასევე ყოველი ქრისტიანიც, მოუძლურებული რწმენაში, ვერ გაუძლებს საცთურთ, უბედურებათ და წარსაწყმდელის უფსკრულისაკენ დაექანება, თუკი კვლავაც რწმენით უფალს არ მოუხმობს შეწევნად. პეტრემ უფალს მოუხმო შეწევნად, და მანაც იხსნა იგი ზღვაში დანთქმისაგან, რის შემდეგაც უფალ იესოსთან ერთად კვლავ ზღვის ზედაპირზე იწყო მსვლელობა და მშვიდობიანად დაბრუნდა ნავში. იგივე გვემართება ჩვენც, როცა მანკიერებათა და ცოდვით დაცემათა ღრმა უფსკრულიდან უფალს მივმართავთ ლოცვით შეწევნისათვის და ჩვენს ცოდვათა გამო შემუსრვილ და მონანულ გულს შევწირავთ მსხვერპლად; მაშინ ყოვლადმოწყალე უფალი თავისი შეწევნის ხელს გვიწვდის ეკლესიის მწყემსთა მეშვეობით, რომლებსაც მან მიანიჭა ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, ჩვენი გათავისუფლებისა სულიერ წყლულთა და ბიწთაგან; ხელს გვიწვდის და აღმოგვიყვანს კიდეც ცოდვის უფსკრულისაგან, რის შემდეგაც თავისი მადლის საბოძვართ გვიწყალობებს, ჩვენს განმაძლიერებელთ და განმამტკიცებელთ ღვთის სათნო-მყოფელ ცხოვრებაში. საღმრთო მადლის შეწევნით ადამიანიც მხნედ, ფხიზლად ვალს საშიშროებათა და მღელვარებათა შორის ქვეყნიური დროებითი ცხოვრებისა და საუკუნო ნეტარებას აღწევს, მსგავსად პეტრესი, რომელმაც უფალთან ერთად მშვიდობიანად მიაღწია ნავს.

დ) და ბოლოს, დდევანდელი სახარება გვაფრთხილებს, არ გვეშინოდეს მოჩვენებებისა, აჩრდილებისა. შიში მათ წინაშე, რომლისაგანაც, როგორც აწინდელი სახარების გადმოცემიდან ვიცით, უფლის მოწაფენიც არ იყვნენ თავისუფალნი, დღეს საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გავრცელებული მრავალ ქრისტიანში. განსაკუთრებით ევნებიან მისგან უბრალო, გაუნათლებელი ადამიანები, ხოლო უპირატესად - ქალები. ბევრს ეშინია ღამით ოთახში მარტო დარჩენისა, ანდა სიბნელეში გარეთ გასვლისა: ყოველ ბნელ კუთხეში მათ რაღაც საშინელება ელანდებათ. ხოლო იმ ადგილებში გავლისას, სადაც მცირე ხნის წინ მიცვალებული ესვენა, ანდა ღამით სასაფლაოს გვერდით მსვლელობისას, ასეთ ადამიანებს უზომო ძრწოლა იპყრობთ.

საიდან მომდინარეობს ასეთი შიში, რა არის მისი მიზეზი?

უმეტესწილად, ეს შიში საღი განსჯის უუნარობისაგან მომდინარეობს და ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია. შიშის გამო ადამიანს თვალები უფართოვდება და უჩვეულო რამეები ეჩვენება.

კვალად, ამის მიზეზია ურწმუნოება. ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „ვინც უფლის მონად შექნილა, მას მხოლოდ და მხოლოდ უფლის შიში ექნება, ხოლო ვისაც ჯერ არა აქვს შეძენილი მისი, ანუ ღმერთის შიში, მას ხშირად დაეცემა შიში საკუთარი ჩრდილისაგანაც კი. შიში ურწმუნოების აღმონაცენია" (სიტყვა 21-ე).

ზოგჯერ ამაო შიში არაწმიდა სინდისის მშფოთვარების შედეგია. მკვლელებს ხშირად ეჩვენებათ თავიანთი ბოროტმოქმედებების მხვერპლნი, და მათ არ იციან, როგორ დაემალონ მათ. და მაშინ საღმრთო წერილის სიტყვები სრულდება მათზე: „ივლტოდა უკეთური, ხოლო არასადა ვინ მოსდევდა მას".

ამიტომაც თუკი გსურთ თავიდან აიცილოთ ამაო შიში, თქვენი ძალისხმევა იმის წინააღმდეგ მიმართეთ, რაც არის ხოლმე მისი მიზეზი. ნებაზე ნუ მიუშვებთ თქვენს წარმოსახვას, და ყოველივეს საღი აზრით მიუდექით; თუ არა, და, ხეც კი ღამით საზარელ ურჩხულად მოგელანდებათ, და მთვარის ნათელიც, ეკლესიაზე მიფენილი, მიცვალებული გეგონებათ თეთრ სუდარაში გახვეული!...

და ყოველგვარი შიშის წინააღმდეგ ღმერთის რწმენით შეიარაღდით, სასოებით მისი ყოვლადძლიერი საფარველისა. მორწმუნესა და ღმერთის მსასოებელ ადამიანს არათუ მოჩვენებითი აჩრდილებისა, ნამდვილი ჩვენებებისაც არ ეშინია, რომლებიც ზოგჯერ მართლაც აქვს ადამიანს, მაგალითად, სიკვდილის წუთებში, როცა ამ ჩვენებებს ბოროტი სულები მოუვლენენ მას. ჭეშმარიტ მორწმუნეს მათ წინააღმდეგ ქმედითი საშუალება აქვს - ჯვარის ნიში.

ამასთანავე, ყოველთვის მოერიდეთ იმის ჩადენას, რაც შეიძლება მძიმედ დააწვეს სინდისს, მოსვენება დაგაკარგინოთ, ნერვები მოგიშალოთ და იქამდე მიგიყვანოთ, რომ გეშინოდეთ ხოლმე შიშისა იქ, სადაც არა იყოს არანაირი შიში.

სამწუხაროდ, ამგვარი ამაო შიშის ცოდვა იმდენად არის გავრცელებული, რომ მრავალნი არა მხოლოდ თვითონ არიან დაქვემდებარებულნი მას, არამედ სხვებსაც განაწყობენ მისდამი დამონებისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდად იქცევიან ისინი, უმთავრესად დედები და ძიძები, რომელთაც ჩვეულებად აქვთ ყველანაირად დააშინონ თავიანთი აღსაზრდელი პატარა ბავშვები. აქ, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთი დედები და ძიძები უკარგავენ ბავშვებს რწმენას ღმერთის ყველგანმყოფობისა, იმისა, რომ მოწყალე და სახიერი უფალი მარადის ზრუნავს ჩვენზე თავისი საღმრთო განგებულებით. ამით ისინი ჰკლავენ ბავშვებში თვით უნარსაც კი ღმერთის რწმენისა და მისი შვილებრი სასოებისა. ეს არ უნდა ხდებოდეს ასე, ძმებო, ნუ დაუშვებთ ამას. თუკი თქვენი ბავშვებისათვის სიკეთე გსურთ. შიში კი არა, მხნეობა, უშიშარობა უნდა დავნერგოთ ჩვენს შვილებში, თუკი გვსურს, რომ ისინი ნამდვილი ქრისტიანი ადამიანები დადგნენ; სხვადასხვა აჩრდილთა წინაშე შიში კი არა, ღმერთის მოშიშება უნდა დავამკვიდროთ მათს ნორჩ, ბავშვურ გულებში. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებს რაღაც საშინელებანი კი არ მოელანდოთ ლამის ყოველ ბნელ კუთხეში, არამედ - ყოველთვის უფალს ხედავდნენ თავის წინ და მასში ჰგონებდნენ დაცვას ყოველგვარ შიშთაგან.

მაშ, ჩვენ თვითონაც განვაგდოთ ჩვენგან ყველანაირი სულმოკლე შიში და ვეცადოთ ჩვენი შვილებიც ისე აღვზარდოთ, რომ არასდროს არ ეშინოდეთ არანაირი მოჩვენებისა. ხოლო როცა მაინც შეგვიპყრობს შიში რაიმეს წინაშე, ყოველთვის გავიმეოროთ გულში ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს სიტყვები: „მცირედმორწმუნეო, რაისა შეორგულდი!" და შეწევნა ვთხოვოთ მას მოციქულ პეტრესავით: „უფალო, მიხსენ მე!"

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება", თბილისი, 2001 წ.









კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1278 | დაამატა: allfile | ტეგები: სია, ეპისკოპოსი, ია, მია, პავლე, გაგრძელება, უფალი, სიწმინდეები, სიწმინდე, პეტრე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar