მთავარი » 2010 » ივლისი » 25 » მე-9 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან სახარება მათესაგან (14, 22-34) - ნაწილი 1 დასაწყისი
1:20 PM
მე-9 კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან სახარება მათესაგან (14, 22-34) - ნაწილი 1 დასაწყისი

 - 


„22. და (მას ჟამსა შინა) მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი. 23. და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თვისაგან. და შე-რაი-მწუხრდა, მარტოი იყო მუნ. 24. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო. 25. და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა. 26. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაი ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ: საოცარ რაიმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს. 27. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ! 28. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. 29. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუისა. 30. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიხსენ მე! 31. და მეყსეულად განყო ხელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაისა შეორგულდი? 32. და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი. 33. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუხდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი ხარ შენ. 34. და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა."

 

I. დღევანდელ სახარებში მოვისმინეთ ამბავი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სასწაულებრივი მსვლელობისა გალილეის ზღვაში და მის მიერ წყალში დანთქმული მოციქულ პეტრეს ხსნისა, რომელიც მისი ნებართვით ასევე ვიდოდა წყლის ზედაპირზე. განვიხილოთ ეს სახარება:

„და (მას ჟამსა შინა) მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი" (მუხლი 22).

აწინდელი სახარების საკითხავის დასაწყისი იყო წინა კვირის საკითხავის ბოლო მუხლი; ხოლო განმეორებულია იგი შემდგომი მონათხრობის ცხადსაყოფად. გაიხსენეთ, რომ გასულ კვირას წარმოდგენილი იყო საკითხავი მათეს სახარებისაგან უფალ იესოს მიერ 5000-ზე მეტი ადამიანის სასწაულებრივი დაპურების შესახებ ხუთი პურითა და ორი თევზით, ამის შემდეგ დიდი სასწაულით გაოცებულ ერს, ვისაც იგი აღთქმულ დიდ წინასწარმეტყველად მიაჩნდა, განზრახული ჰქონდა თან წაეყვანა იგი და თავის მეფედ დაედგინებინა. გულთამხილავმა - ყოვლისმცნობელმა უფალმა მაშინვე აიძულა თავისი მოწაფენი ნავზე ასულიყვნენ და მასზე უწინარეს გამგზავრებულიყვნენ გენესარეთის ტბის მეორე მხარეს, სანამ თვითონ ხალხის ამ დიდ სიმრავლეს შინ გაუშვებდა. ამის შემდეგ მახარებელი განაგრძობს თხრობას.

„და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თვისაგან. და შე-რაი-მწუხრდა, მარტოი იყო მუნ" (მუხლი 23).

რატომ მაინც და მაინც მთაზე? რისთვის? - იმისთვის, რომ მთა საუკეთესო ადგილია განმხოლოებული ლოცვისათვის. და განა ყოველი მგრძნობიარე სულის ადამიანიც, ლოცვითი, ღვთისმოშიში განწყობილებით ასული მთაზე მიმწუხრისას, საიდანაც ჩამავალ მზეს გასცქერის საღამოს სიგრილეში, სულისგან საკუთრებული მოწიწებით აღსავსე აღტაცების მდგომარეობას არ განიცდის იქ?! ასეთ დროს და ასეთ უჩვეულო ადგილას სული ხან განსაკუთრებულად შეიგრძნობს უფალი ღმერთის - ბუნების შემოქმედის დიდებულებასა და ყოვლადძლიერობას, ხანაც თვითონ თითქოს ფრთაშესხმული მიისწრაფის ზეციური სავანეებისაკენ, ხან კი, უბრალოდ, ბუნების მშვენიერი ხედებით არის აღტაცებული, ანდა მორჩილად ლოცულობს და ღმერთს განადიდებს ყოველივესათვის. ვის არ შეუგრძვნია, რომ მთაზე უფრო კარგია და შვების მომგვრელია ყოფნა, ვიდრე ბარში, ვაკეზე, მთები რომ შემოვლებიან გარს და თითქოს ჩვენს თვალსაწიერს ზღუდავენ?! ვინ არ იცის, რომ მთის სიმაღლემდე ვერ აღწევს ჩვეული, სადაგი ცხოვრების ხმაური, ბარის მაცხოვრებელთა ფუსფუსი და ამაო საქმიანობა ვერ აწუხებს მთაზე ასული მოგზაურისა და მჭვრეტელის ყურადღებას? იესო ქრისტეც არაერთგზის ასულა მთაზე მოსვენებისათვის, ლოცვისა და მოწაფეთა თუ ერის სწავლებისათვის. მთაზე ასულმა მიმართა მან მოწაფეებსა და ერს თავისი ვრცელი ქადაგებით, რომელშიც მოსეს სჯულის სულისკვეთების განსხვავებას წარმოაჩენს თავისი სახარების სულისაგან (მათე 5,1). ელეონის მთაზე ჰღვრიდა იგი ცრემლს იერუსალიმის მომავალი მოოხრებისა და იუდეველთა უმრავლესობის მიერ მისი - უფალი ღმერთის უარყოფისა და ჯვარცმის გამო. ასევე მთაზე, გალილეაში, გამოეცხადა იგი თავის მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ და მთიდანვე ამაღლდა ზეცად.

მაგრამ რის გამო, რისთვის, რის შესახებ უნდა ელოცა ყოვლადწმიდასა და ყოვლადუცოდველს?! - იესო ქრისტე ხომ თავადაა უფალი ღმერთი, ვის წინაშეც ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ და ვლოცულობთ. იგი ხომ ყოვლადძლიერია, ვითარცა ერთიანი, ერთარსი მამა-ღმერთისა. ქრისტე ილოცავდა იმის გამო, რომ სულ მალე ჯვარზე ვნება მოელოდა კაცობრიობის ხსნისათვის (ებრ. 5,6-7). თავის ლოცვაში იგი განადიდებდა და ჰმადლობდა მამა ღმერთს იმ ნაყოფთათვის, რომელნიც ადამიანთა შორის იხილა თავისი სასწაულთმოქმედებებისა და სწავლების შემდგომ. კვალად, იგი თავისი მომავალი ეკლესიისათვის ილოცავდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებისა და განმტკიცებისათვის ამქვეყნად, თავის მიმდევართა შეურყევლობისათვის ქრისტიანის წოდების ღირსეულ ტარებასა და თავიანთ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებაში. იგი ილოცვიდა იმისთვის, რომ ღმერთს მზაკვარი სულისაგან დაეცვა ადამიანები, რომ სულიწმიდა დამკვიდრებულიყო მის ეკლესიაში, ეკურთხებინა და დაეცვა იგი, მარადის გიებულიყო მასში ყოველი ადამიანის საცხოვნებლად, მთელი კაცობრიობის სახსნელად, რომლისთვისაც მან, უფალმა იესო ქრისტემ, თავი თვისი დასდო.

„ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო" (მუხლი 24).

რატომ მოხდა, რომ მან, ვინც „აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქვეყნისაით და ელვანი წვიმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა" (ფსალმ. 134,7), და მან, ვინაც უფლებს „ძალსა ზედა ზღვათასა" და ვინც დაამშვიდებს „აღძრვასა ღელვათა მისთასა" (ფსალმ. 88,10), ახლაც ზურგის ქარი არ გამოიყენა, ანდა ზღვის მღელვარება არ დაამშვიდა, რომ მის მოწაფეებს უხიფათოდ და უმტკივნეულოდ გადაელახათ გენესარეთის ტბა? და რატომ დაუშვა, რომ მათ ქარიშხალი დასტყდომოდათ თავზე? უფალმა ეს წინასწარი განზრახვით დაუშვა, კერძოდ, იმისთვის, რომ მოწაფეთა რწმენა გამოეცადა და განსაცდელთათვის, უბედურებათათვის მიეჩვია ისინი, რადგან მომავალში ბევრს მღელვარებას და საშიშროებას იწვნევდნენ ცხოვრების ზღვაში თავიანთი სამოციქულო მოღვაწეობისას, როცა მთელს მსოფლიოს უქადაგებდნენ სახარებას; და იმისთვისაც, რომ ცხადად ეჩვენებინა მათთვის: მე, თქვენი უფალი, ყოველთვის, ყველა განსაცდელსა და გაჭირვებაში თქვენს გვერდით ვიქნები, წინაგისწრობთ და გიხსნით თქვენო; და ამგვარად განეთბო მათი რწმენა, სიმხნევე და ღმერთის სასოება დაენერგა მათს გულებში. და აი, როგორ განსწავლის მათ უფალი: მანამდე, გალილეის ზღვაზე, როცა ნავი განსაცდელში იყო ჩავარდნილი ქარიშხლისა და ვეება ზვირთების გამო, თავად იესოს მოწაფეების ნავშივე ეძინა, და ამიტომ დაუყოვნებლივ განუგდო შიში და იხსნა განსაცდელისაგან, რამეთუ, „მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღვასა და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ" (მათე 8,26); ამჯერად კი იგი შორსაა ნავისაგან, აყოვნებს, გადასდებს შეწევნასა და ხსნას შიშისა და განსაცდელისაგან.

„და მეოთხესა სახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა" (მუხლი 25).

ძველ დროში იუდეველნი მთელი ღამის დროს სამ ნაწილად ჰყოფდნენ, რომლებიც სახუმილავებად, ანუ საყარაულოებად იწოდებოდა და თითოეული ოთხ საათს შეიცავდა. პირველი ანუ დასაწყისი სახუმილავი (ჩვენი აღრაცხვით საღამოს 6 საათიდან 10 საათამდე) მოხსენიებულია იერემიას გოდების წიგნში (2,19); მეორე სადარაჯოს, სახუმილავის შესახებ, - ჩვენი აღრაცხვით საღამოს 10 საათიდან ნაშუაღამევის 2 საათამდე მოხსენიებულია მსაჯულთა წიგნში (7,19); მესამე, ანუ დილის სახუმილავი ნახსენებია გამოსვლათა წიგნში (14,24). მაგრამ უფალ იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს იუდეველები, რომაელთა მსგავსად, უკვე ოთხ სახუმილავად - ოთხ სადარაჯოდ ჰყოფდნენ ღამეს (თითოეული კი სამი საათისაგან შესდგებოდა); პირველი, ჩვენი აღრაცხვით საღამოს 6 საათიდან 9 საათამდე გრძელდებოდა, მეორე 9 საათიდან შუაღამემდე, 12 საათამდე, მესამე 12 საათიდან ნაშუადამევის 3 საათამდე და მეოთხე სახუმილავი 3 საათიდან დილის 6 საათამდე. ღამის ასეთი დაყოფა სადარაჯო ჟამებად, სახუმილავებად, სავარაუდოდ, წარმოსდგება ძველ დროში ომიანობისა თუ შიშიანობის ჟამს ქალაქებსა თუ ლაშქრულ ბანაკებში მოდარაჯე ჯარისკაცთა დაყენების ჩვეულებისაგან, რომლებიც უწინ ღამეში სამჯერ იცვლებოდნენ, შემდგომში კი დაწყებული პომპეუსის დროიდან - ოთხჯერ.

ამრიგად, მეოთხე სადარაჯოს დროისათვის, დაახლოებით 3-დან 6 საათამდე გამთენიისა, უფალი აღელვებულ ზღვაში მცურავ ნავს მიუახლოვდა. ამასთან, იგი ისე ვიდოდა წყლის ზედაპირზე, როგორც ხმელზე (იხ. იერემიას გოდება 3,19; მსაჯულთა 7,19; გამოსვლათა 14,24; 13,35). ჭეშმარიტად, რომ საკვირველი გამოვლინებაა ღმერთის ყღვლადძლიერობისა! ზღვის ტალღებზე, როგორც ხმელეთზე მავალი ადამიანი, - მართლაც, რომ ეს გონებით სრულიად მიუწვდომელი სასწაულია. ნუთუ მაშინ შემკვრივდა წყალი და ხმელეთის მსგავსად გამაგრდა? ანდა იქნება იესო ქრისტეს სხეული შეიქნა უცხოდ სიმძიმისათვის? ანდა ეგების შიშით აღივსო ზღვა უფლის ღვთაებრივი სხეულის წინაშე და თავისი ბუნების კანონთა საწინააღმდეგოდ თავის ზედაპირზე აკავებდა მას?! ანდა იქნებ მხოლოდ წყლის სულ ზედა კიდეს ეხებოდნენ უფლის წმიდა ფერხნი, ხოლო სხეულის სიმძიმეს ღვთაებრივი ძალა ზე ასწევდა და ატარებდა? - ჭეშმარიტად მიუწედომელია სასწაულის ეს სახე, ისევე როგორც მრავალთა სხვა სასწაულთა, უფლის მიერ აღსრულებულთა.

„ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაი ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ: საოცარ რაიმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს" (მუხლი 26).

შეშფოთდნენ, რადგან არ მოელოდნენ მაცხოვრის მოსვლას ზღვით, თუმცა კი ამ განსაცდელის დროს, როცა მათ ნავს ზღვის ტალღებისაგან შემუსრვა და დანთქმა ემუქრებოდა, ისინი გულით ისურვებდნენ თავიანთ მოძღვართან ერთად ყოფნას, რომლისაგანაც, რა თქმა უნდა, შველასა და ხსნას მოელოდნენ, ისევე როგორც უწინ. მოულოდნელი სახილველისაგან ისინი ისე შეშფოთდნენ და შეძრწუნდნენ, რომ სასურველი, ნანატრი მოძღვარი-სასწაულთმოქმედი მოჩვენებად, აჩრდილად მიიღეს, და ამ ცრურწმენით განმსჭვალულმა აზრმა უაღრეს შეშინებამდე მიიყვანა ისინი. ამ მუხლის განმარტებისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელებს, რომელთაც თავიანთი ისტორიიდან კარგად ახსოვდათ ფარაონის მოგვებიცა და საულისდროინდელი მუცლითმეზღაპრე, ჯადოქარი დედაკაცი, სჯეროდათ, რომ ეშმაკის ზემოქმედებით ზოგჯერ მართლაც ხდებოდა მოჩვენებებისა თუ აჩრდილების გამოცხადება ადამიანთა სავნებლად.

„მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!" (მუხლი 27).

უმალვე, როგორც კი შეშინებულ მოწაფეებს ყვირილი აღმოხდათ, უფალი შეეხმიანა მათ და უთხრა, ნუ გეშინიათ, ეს მე ვარო. აი, ასეთი მოწყალე და სიყვარულით ყოვლად აღსავსეა იგი. და მისმა ეგზომ ნაცნობმა, მოწაფეთა გულისათვის ესოდენ მახლობელმა ხმამ მართლაც განაგდო მათი სულიდან ყოველგვარი შიში.

„მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა (მუხლი 28). ხოლო მან ჰრქუა: მოვედ!"(მუხლი 29).

უფალი თავის ყველა მოწაფეს შეეხმიანა, ხოლო პასუხი მხოლოდ პეტრემ გასცა, „ყოველთვის მგზნებარემ და ყველა სხვა მოწაფის დამსწრებმა", - როგორც ოქროპირი ამბობს. უფალოო, - მიმართა მან იესოს, თუკი ეს მართლაც შენა ხარ, მაშინ მიბრძანე და ჰყავ ისე, რომ მეც გადმოვიდე ნავიდან და ისევე მოვიდე წყლის ზედაპირზე სვლით შენთან, როგორც შენ მოდიხარ! მან არა თქვა ილოცე და შეწევნად ღმერთს მოუხმეო, არამედ პირდაპირ თქვა - მიბრძანეო. „ხედავ, - ამბობს ოქროპირი, - რაოდენი მგზნებარებაა, რაოდენი რწმენა აქვს პეტრეს?! - იგი დარწმუნებულია, რომ იესოს ძალუძს არამარტო თავად ვიდოდეს წყლის ზედაპირზე, არამედ ისიც, რომ სხვებიც ასევე ატაროს, - და მას მხოლოდ ისა სურს, რომ რაც შეიძლება მალე იყოს უფლის სიახლოვეს".

ხოლო უფალმა უთხრა: მოვედ! - ასე იმიტომ უთხრა უფალმა, რომ, ოქროპირისავე სიტყვებით, შეეგონებინა პეტრესათვის მომავალში ყოველთვის უფრო გაფრთხილებულიყო.

„და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუისა" (მუხლი 29).

წმიდა იოანე ოქროპირი განმარტავს: „ნავიდან ზღვაში გადასული პეტრე უფლისაკენ გაემართა, და მხოლოდ ის კი არ უხაროდა, რომ წყალთა ზედა დავალს, არამედ უფრორე ის, რომ იესოს უახლოვდება". და აი, საყვარელი უფლისაკენ მსწრაფველი პეტრე, რომელიც თვალს არ აცილებს იესოს და მისკენ მიეშურება, თითქოსდა ვერც კი ამჩნევს თავის ფერხთა ქვეშ მღელვარე წყალს. იგი მტკიცედ მივიდოდა, ვიდრე, უკვე სულ ახლოს, ქრისტესთან მისულმა, გარშემო არ მიმოიხედა.

„და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიხსენ მე!" (მუხლი 30).

„პეტრემ დიდი საშიშროება დასძლია - ზღვა, მაგრამ ქარისა კი შეეშინდა! - განმარტავს ნეტარი თეოფილაქტე, - აი, ასეთი უძლურია ადამიანის ბუნება! ხოლო როგორც კი შიშით აღივსო, უმალვე წყალში ჩაძირვა დაიწყო. მაშასადამე, როცა რწმენა შესუსტდა, სწორედ მაშინ იწყო პეტრემ ზღვის სიღრმეში დანთქმა". ხოლო რის გამო შეუსუსტდა მას რწმენა? იმის გამო ხომ არა, რომ სიყვარულმა საკუთარი თავისადმი თვითშენარჩუნების გრძნობა განაღვიძა პეტრეში და ამან დააკნინა მისი თავდადებული სიყვარული უფალ იესო ქრისტესადმი?!

„და მეყსეულად განყო ხელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაისა შეორგულდი?" (მუხლი 31).

„რატომ არ უბრძანა უფალმა ქარს ჩამდგარიყო?" - კითხულობს წმიდა იოანე ოქროპირი. - „და თავად განყო ხელი და დააკავა პეტრე? იმიტომ, რომ საჭირო იყო პეტრეს რწმენა. როცა ჩვენი, ადამიანების მხრივ რწმენის ნაკლებობაა, მაშინ საღმრთ მოქმედებაც ჩერდება... ამრიგად, სურდა რა ეჩვენებინა, რომ ქართა კვეთებამ კი არა, თვით პეტრეს მცირედმორწმუნეობამ გამოიწვია ასეთი ცვლილება, უფალი ამბობს: მცირედმორწმუნეო! რატომ შეორგულდი, რისთვის დაეჭვდი? მაშასადამე, პეტრე ადვილად დაუდგებოდა წინ უძლიერეს კვეთებას ქართა, მის არსებაში რწმენა რომ არ შესუსტებულიყო... როგორადაც ბუდიდან დროზე ადრე გაფრენილსა და მიწაზე დასავარდნად დაქანებულ ბარტყს შეაშველებს დედა თავის ფრთებს, შეისვამს და კვლავ ბუდეში დააბრუნებს, - აი, ამგვარადვე ქმნა ქრისტემაც".

„და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი" (მუხლი 32).

როცა იესო და პეტრე ნავზე ავიდნენ სხვა მოწაფეებთან, ქარი ჩადგა, ასე გადმოგვცემს მახარებელი მათე. იოანე კი, არ ამბობს რა ზოგიერთ ისეთ რამეს, რაც მათეს აქვს ნათქვამი, უმატებს კიდეც მის მიერ გამოტოვებულს, კერძოდ კი მასზედ, როცა მოწაფეებმა უფლის ხმა გაიგონეს, ნუ გეშინიათ, ეს მე ვარო, მათ უნდოდათ, „რაითამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქვეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს" (6,21). ეს სიტყვები: „უნდა მათ, რაითამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას" - თხრობის თანამიმდევრობაში უნდა დავადგინოთ პეტრეს მიერ წყალთა ზედა მსვლელობის წინ, ხოლო ის, რაც შემდგომ სიტყვებშია გადმოცემული ამ მუხლისა - „და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქვეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს" - ეჭვს გარეშეა, მას შემდეგ აღსრულდა, რაც უფალი იესო პეტრესთან ერთად ნავზე ავიდა. გამოთქმა „მეყსეულად" - მიუთითებს დროის მხრივ სწრაფ თანამიმდევრობაზე ნავზე მათს ასვლასა და ხმელეთს, ნაპირს მიღწევას შორის.

„ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუხდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი ხარ შენ" (მუხლი 33).

ნავზე მყოფნი - უფლის მოწაფენი არიან, რომელნიც იესომ, ხუთი ათასზე მეტი ადამიანის სასწაულებრივი დაპურების შემდგომ ხუთი პურითა და ორი თევზით, აიძულა ნავზე ასულიყვნენ და გენესარეთის ტბის მეორე, მოპირდაპირე ნაპირზე გადასულიყვნენ. მათ ყველამ უფლის მიერ ერთიმეორეზე მიყოლებით აღსრულებული მთელი წყება იხილეს სასწაულებისა: თუ როგორ განკურნა მან ყოველგვარი სენით მოწყლული მრავალი ადამიანი, როგორ აღადგინა მკვდრეთით შესაკრებელის მთავრის იაიროსის ასული, როგორ მოანიჭა თვალისჩინი ბრმებს, როგორ დააპურა ხუთი პურით ხალხის უდიდესი სიმრავლე, და აი, იმავე ღამეს, როგორ განუცხადა მათ თავი ქართა და წყალთა ყოვლისშემძლე მეუფედ, როცა თავად ვიდოდა ქარიშხლის დროს ზღვის ტალღებზე და პეტრესაც მოანიჭა ძალა წყლის ზედაპირზე ამგვარივე სვლისა, ხოლო როცა მასთან ერთად ნავზე ავიდა, უმალვე დაამშვიდა ზღვის ღელვა და ქარიც ჩააყენა. და მოწაფენიც, რომლებიც რწმენით უყურებდნენ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებულ სასწაულებს, დარწმუნდნენ, რომ იგი მართლაც ყოვლადძლიერი ძე ღმრთისაა და ასეც უთხრეს მას თაყვანისცემით: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი ხარ შენ!". ხოლო აღთქმული მესიის - ქრისტე მაცხოვრის, როგორც ღმერთის ძის შესახებ იუდეველებს შეეძლოთ სცოდნოდათ დავითის მეორე ფსალმუნიდან, რომელშიც მამა ღმერთი ასე მიმართავს მას, თავის მხოლოდშობილ ძეს: „უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ" (ფსალმ. 2,7).

„და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა" (მუხლი 34).

გენესარეთის ქვეყნის სახელით ზოგადად იგულისხმება გენესარეთის ტბის დასავლეთით მდებარე მხარე - ვაკე ადგილი, რომელიც ეკუთვნოდა ნეფთალემის ტომს და იოსებ ფლავიოსის ცნობით, სიგრძეში შეადგენდა 30 უტევანს, სიგანეში კი - 20-ს (ერთი უტევანი ტოლია ერთი ასპარეზის, ანუ სტადიონის სიგრძისა, რაც შეადგენს 143 ნაბიჯს, ანუ დაახლოებით 110 მეტრს). გარდა ამისა, ამ სახელწოდების ქვეშ იგულისხმება საკუთრივ გამაგრებული ქალაქი გენისარი, ანუ გენესარეთის ტბის დასავლეთის სანაპიროზე, რომლისგანაც მიიღო კიდეც თავისი სახელწოდება ამ მხარემ. ძველ დროში გენესარეთის მხარეცა და ქალაქიც იწოდებოდნენ „კინნერევ"-ად, ჩვენს დრომი კი ამ ოლქს ელ-გუვეირი ჰქვია. იოსებ ფლავიოსისა და სხვადასხვა მოგზაურთა აღწერით, გენესარეთის მხარე განსაკუთრებული ნაყოფიერებითა და ბუნების სიმშვენიერით გამოირჩეოდა. აქ უხვად იყო პალმის, ლეღვის, თხილის, ზეთისხილის, ფინიკის (ინდის-ხურმის), ბალზამის ხეთა ბაღები თუ ტყეები, აგრეთვე ვენახები და სხვა სასარგებლო მცენარეულობა. ნაყოფი ხეებს, ყოველთვის ზომიერი და კეთილშეზავებული ჰავის წყალობით, მთელი ათი თვის განმავლობაში ესხა. მიუხედავად ამჟამინდელი უაღრესი დაცემულობისა, ეს მხარე მაინც კიდევ საკმარის დამადასტურებელ საბუთებს გვაწვდის ძველი ისტორიკოსის ამ სიტყვებისას. აწინდელ მოსახლეთა, არაბ გლეხთა, უზრუნველობისა და სიღარიბის მიუხედავად, აქ ახლაც გვხვდება ინდის-ხურმის, პალმის, ლიმონის, ფორთოხლის, ინდიგოს ბაღები და პლანტაციები, შაქრის ლერწამი და პურის ყანები...

თუკი მახარებელ მათეს ზემორე მოყვანილ სიტყვებს სხვა მახარებელთა გადმოცემას შევუდარებთ, აშკარად დავინახავთ გარკვეულ უთანხმოებას მათ შორის. მათე წერს, რომ უფალი თავის მოწაფეებთან ერთად გენესარეთის ქვეყანაში ჩავიდა; მარკოზი, თავის მხრივ, მოგვითხრობს, რომ იესომ „მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაითა წინა-წარუძღვენ მას წიაღ-კერძო ზღვასა მას ბეთსაიდად, ვიდემდე განუტეოს მან ერი იგი" (მარკ. 6,45), ხოლო მახარებელი იოანე ამბობს: „და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქვეყანასა მას, ვიდრეცა მოვიდოდეს" (6,21). ანუ ქალაქ კაპერნაუმში, სადაც ისინი მიემართებოდნენ ნავით (მუხლი 17). მაგრამ სინამდვილეში აქ მახარებელთა შორის არანაირი უთანხმოება არ არის და წმიდა მათე, მარკოზი და იოანე მხოლოდ ავსებენ ერთურთს. მათი მონათხრობიდან ჩანს, რომ როცა უფალი იესო ნავზე ავიდა და როცა ქარი ჩადგა, ნავი ნაპირს მიადგა, ნაპირზე აღმოჩნდა. მაგრამ რომელ მხარეში? იოანეს თქმით, „ქვეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს", ანუ ქალაქ კაპერნაუმშიო; მარკოზი ამბობს „ბეთსაიდად" მივიდნენო, ხოლო ორივე ეს ქალაქი გენესარეთის ტბის დასავლეთით მდებარეობდა, გენესარეთის მხარეში, სადაც გადავიდა კიდეც ნავიდან იესო თავის მოწაფეებთან ერთად, როგორც ამას წმიდა მახარებელი მათე გვაუწყებს.

 

II. აწ იმ ზნეობრივ სამოძღვრებო გაკვეთილებხე შევჩერდეთ, რომელთაც დღეს წაკითხული და ჩვენს მიერ განმარტებული სახარება შეიცავს.

ა) განხილული სახარება, პირველ ყოვლისა იმ აზრს ჩაგვაგონებს, რომ აუცილებელია ლოცვა (მუხლი 23). სახარებიდან ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვები მასზედ, რომ უფალი იესო ქრისტე თავისი ზეციური მამისადმი ლოცულობდა, - ანუ იგი ლოცულობდა თავისი ადამიანური ბუნებით, რაღა თქმა უნდა, და არა თავისი ღმრთაებით, - ლოცულობდა დღითაც და ღამითაც, განსაკუთრებით კი - ღამით, იმიტომ, რომ დღისით იგი ადამიანებს ღვთის სიტყვას უქადაგებდა და კეთილს-უყოფდა მათ მრავალგვარი სასწაულებითა და საკვირველი კურნებებით. და თუკი იგი - ჭეშმარიტი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი - ასე ხშირად ლოცულობდა, რაოდენ-გზის უფრორე ჩვენ გვესაჭიროება ღმერთის წინაშე ლოცვა, - ცოდვილ და უძლურ ადამიანებს, განუწყვეტლივ ეშმაკისმიერ საცთურთა წინაშე მყოფთ და დაქვემდებარებულთ ყოველგვარ ხიფათს?! წმიდა მოციქული პავლე გვიბრძანებს „მოუკლებლად ილოცევდით!"-ო (I თესალონიკ. 5,17), ანუ მარადის, განუწყვეტლივ ილოცეთ გარეგნულად თუ შინაგპნად, გულშიო. ასევე მოციქული პეტრეც შეგვაგონებს „განიფრთხვეთ, მღვიძარე იყვენით (თქვენს ლოცვებში), რამეთუ წინა-მოსაჯული (მოწინააღმდეგე) თქვენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (I პეტრე 5,8). არც დღითა და არც ღამით ჩვენ თავისუფალნი არა ვართ ეშმაკის მზაკვრულ საცთურთაგან. და სწორედ აქედან გამომდინრეობს აუცილებლობა განსაკუთრებულად დილისა და ღამის, ძილად მისვლის ლოცვებისა. გულმოდგინე ლოცვით უნდა დავიწყოთ ყოველი დღე და ასეთივე ლოცვით დავასრულოთ იგი, ანუ აუცილებლად უნდა ვილოცოთ ხოლმე დილითაც და დაძინების წინაც, ღამით; გარდა ამისა, უსათუოდ უნდა ვლოცულობდეთ ყოველი ჩვენი საქმის დაწყებისას და დასრულებისას, საზრდოს მიღების წინ და შემდგომ, რაც მრავალ ქრისტიანს დღეს სრულებით აღარ ახსენდება. ლოცვა განაახლებს და განაძლიერებს სულს, განწმედს, აკურთხებს, ანუგეშებს, ასაზრდოვებს, განანათლებს მას და ღმერთთან შეაერთებს, თუკი იგი გონივრულად აღივლინება, მთელის სულითა და გულით, წრფელი რწმენით „ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქვენ" (მათე 21,22), - გვეუბნება თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ბ) კვალად, დღევანდელი სახარება გვასწავლის, სულმოკლენი არ ვიყოთ, არ შევშინდეთ, არ დავეცეთ სულით საშიშროებათა, განსაცდელთა, საცთურთა მოწევნის ჟამს და ათასგვარ ცხოვრებისეულ მღელვარებათა შორის (მუხლი 30). რის გამო შეეშინდათ მოციქულებს ასე ძლიერ? მცირედმორწმუნეობის გამო, იმის გამო, რომ ღმერთზე ნაკლებად ამყარებდნენ სასოებას, რამეთუ მაშინ ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ სრულყოფილნი რწმენაში, სულიწმიდის მადლს ჯერ კიდევ არ აღევსო და არ გარდაექმნა ისინი. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებზე ისინი მხნეობით შეჭურვილნი შეიქნენ; ჯერ-ჯერობით კი, მხნეობა და უმიშარობა რომ შთაენერგა მათთვის, უფალი ეუბნება მათ: გამხნევდით, კადნიერ იყავით! ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ! მართლაც, ვისი ან რისი უნდა ეშინოდეს უფლის მორწმუნეს, ღმერთის მსასოებელს? უფალი არს განათლება ჩემი და მაცხოვარი ჩემი! ვისა მეშინოდის?! უფალი არს მცველი ცხოვრებისა ჩემისა! - ვისა მეშინოდის? და უკუეთუ წარვალ მე ღელესა სიკვდილისასა და აჩრდილსა სიკვდილისასა, არა შევიშინო, რამეთუ შენ, უფალო, ხარ ჩემ თანა! - ამბობს მეფე და წინასწარმეტყველი დავითი. ჩვენ არ უნდა ვმერყეობდეთ რწმენაში და არ უნდა ვეცემოდეთ სულით ბოროტ სულთაგან მოწევნული განსაცდელებისა და ცთუნებების ქარიშხლის დროს და, საერთოდაც, ნებისმიერი მძიმე ვითარების ჟამს, რადგან ყოველთვის უნდა ვსასოებდეთ ღმერთის წყალობასა და მის ყოვლადძლიერებას, რამეთუ „ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა", - გვეუბნება თავად უფალი (მარკ. 9,23). მოციქულმა პეტრემ სთხოვა უფალს, ნება მომეცი მეც წყალის ზედაპირზე მსვლელობით მოვიდე შენთანო, და იესომაც ნება დართო მას. და აი, პეტრეც ზღვაში გადავიდა ნავიდან და ისე იწყო მსვლელობა წყლის ზედაპირზე, როგორც ხმელეთზე, და ვეება ტალღებიც ვერ აბრკოლებდნენ მას, და იგი არ იძირებოდა წყალში, რადგან სწამდა უფლისა, რომელმაც წყალზე გავლა უბრძანა; მაგრამ, აი, ძლიერი ქარი ეკვეთა მას და პეტრესაც შეეშინდა, შიმის გამო კი რწმენა მოაკლდა და წყალში ჩაძირვა დაიწყო, მაშინ კი შეჰყვირა: უფალო, მიხსენ მე! და უფალმაც მაშინვე განყო თავისი ყოვლადძლიერი ხელი და იხსნა პეტრე, რომელსაც უთხრა: მცირედმორწმუნეო! რატომ შეორგულდი? რისთვის დაეჭვდი? მაშასადამე, რომ არ დაეჭვებულიყო და არ შეშინებულიყო, თავისუფლად შესძლებდა უფალთან მისვლას ტალღებზე გადავლით. მაგრამ მცირედმორწმუნეობამ მოაკლო მას მადლმოსილი ძალა. და როცა პეტრემ უფალს შეჰღაღადა შეწევნისათვის, უფალი უმალ შეეწია და არ გაუშვა ზღვის სიღრმეში დასანთქმელად. მოციქული პეტრე აქ ჩვენ ყველას გამოგვსახავს. ჩვენი მცირედმორწმუნეობისა თუ ურწმუნოების გამო დემონთა მიერი საცთურნი და ცოდვები წარსაწყმედელისაკენ ჩაძირვას, შთანთქმას გვიქადიან, რადგან ქვეყნიურ მისწრაფებათა გამო მოგვკლებია ქრისტიანული სიყვარული; ეს კი ღმერთის ძალას გვართმევს, და ამის გამო ხშირად ჩვენ გვეშინის შიშისა, სადაც არანაირი საშიშროება არ არის, - გვეშინის დემონთამიერი აჩრდილებისა და საოცრებებისა. ხოლო როცა რწმენაში განმტკიცებულნი მთელის გულით შევღაღადებთ უფალს შეწევნისათვის, - ეს შეწევნაც არ დააყოვნებს და ჩვენ მხნედ დავძლევთ საცთურთ. როცა უფალი ნავზე ავიდა, ქარიც ჩადგა და ზღვაც დამშვიდდა. ნავი აქ ჩვენს სულს გამოსახავს ამა ცხოვრების ზღვაში. რამეთუ როცა უფალი შემოსახლდება ჩვენში, მაშინ საცთურთა ქარიშხალი ჩადგება ხოლმე და ჩვენს არსებაშიც დიადი საღმრთო სიმშვიდე ისადგურებს.

გ) კვალად, დღევანდელი სახარების გადმოცემა მასზედ, რაც გენესარეთის ტბაზე აღსრულდა, არის სახე ჩვენი მოგზაურობისა ამაქვეყნიური ცხოვრების ზღვაში ქრისტეს ეკლესიის ხომალდით; მაშინ ქრისტემ თავისი მოწაფენი მარტონი გაუშვა ზღვაში სამოგზაუროდ, რათა მათ მეორე ნაპირისათვის მიეღწიათ, თავად კი მთაზე ამაღლდა განმარტოვებული ლოცვისათვის; ახლა ქრისტემ დაადგინა, რომ მისი ქვეყნიური მებრძოლი ეკლესია ამქვეყნად ჰგიებდეს ვითარცა ხომალდი ზღვაში, თავად კი, ზეცად ამაღლებული, მჯდომარე არს მარჯვენით მამისა და მეოხმყოფელია ყველა მართალი მორწმუნისათვის. მაშინ უფლის მორწმუნენი განსაცდელს ეწივნენ ზღვაში ქარიშხლისა და მძვინვარე ტალღებისაგან; და ახლაც, აბა, ქრისტეს მოწაფეთაგან ვინ არ განიცდის ამა მშფოთვარე ცხოვრებაში განსაცდელთ და უბედურებათ ქვეყნიურ ქარიშხალთაგან და ტალღათაგან?! როცა ზღვაში მყოფი მოწაფენი უფლისა ხიფათის წინაშე იდგნენ ქარიშხლის გამო, მაშინ თავად უფალი მოვიდა მათთან შეწევნისათვის; ამგვარადვე მოდის იგი ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანთან, და რაც უფრო მეტად დაითმენენ ისინი განსაცდელთ, მით უფრო ცხადად გამოუვლენს მათ უფალი თავის შეწევნასა და მფარველობას. პეტრე რწმენით შეჰღაღადებს მას: უფალო, „მიბრძანე მე მისლეად შენდა წყალთა ამათ ზედა", და უფლის სიტყვისაებრ, გაიარა კიდეც.











კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1313 | დაამატა: allfile | ტეგები: (14, sakhareba, suliwmida, სახარება, სულიწმიდის გარდამოსვლა, მათე, მე-9 კვირა, ufali, suliwminda, saxareba | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar