მთავარი » 2010 » ივლისი » 21 » “სადღეისოდ პლანეტის საუკეთესო კლუბი “ბარსელონაა”
12:25 PM
“სადღეისოდ პლანეტის საუკეთესო კლუბი “ბარსელონაა”



საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნდნენ მადრიდის "რეალის” ფეხბურთელები, რომლებიც მომავალი სეზონისთვის მზადებას ახალი მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს დარიგებებით 16 ივლისიდან ვალდებებასის საწვრთნელ ცენტრში დაიწყეს.

ერთ-ერთი წინასასეზონო წვრთნის შემდეგ "პორტუს”, "ჩელსისა” და "ინტერის” ყოფილ თავკაცს პორტუგალიური სააგენტო Agencia Lusa დაუკავშირდა და გულშემატკივართათვის საინტერესო კითხვები დაუსვა სანტიაგო ბერნაბეუელთა ამჟამინდელ შეფს.

როგორი მიზნებითა და განწყობით ჩაუდექით სათავეში პლანეტის ყველაზე ტიტულოვან გუნდს? "რეალს” ზედიზედ 2 წელია არაფერი მოუგია, ამიტომაც მადრიდში ჩასვლა თქვენთვის ახალი გამოწვევა და ჯერაც მიუღწეველ ჰორიზონტთან მიახლოებაა?
- ჩემი ასაკიდან და განსაკუთრებით მიღწევებიდან გამომდინარე, დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჩვეულისამებრ მოტივირებული ვარ და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე, მაგრამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ნამდვილად არ განვიცდი. დარწმუნებული ვარ, "სანტიაგო ბერნაბეუზე” წარმატებას მივაღწევ, თუ არადა ახალ პროექტს ჩავუდგები სათავეში, რათა კვლავინდებურად ტიტულები მოვიგო.

შანსი გაქვთ პირველი მწვრთნელი გახდეთ, რომელსაც 3 უძლიერესი ეროვნული ჩემპიონატი ექნება მოგებული. როდესაც "რეალის” დამრიგებლობას დასთანხმდით, მიზნად ამის მიღწევა დაისახეთ?
- ცხადია, გულით მწადია ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის პირველობების მოგება. მადრიდში სწორედ ამ მიზნით ჩამოვედი. "რეალის” დონის გუნდს არ აქვს უფლება გულშემატკივარი მოგებული ტიტულებით არ გაახაროს. საამისოდ კი გუნდში საორგანიზაციო და სტრუქტურული ცვლილებებია გასატარებელი. თუმცა ერთიცაა – სადღეისოდ პლანეტის საუკეთესო კლუბი "ბარსელონაა” და მისი მეორე საფეხურზე დაცურება ურთულესი საქმეა.

დროის რა მონაკვეთი დაგჭირდებათ, "რეალმა” ჟოზე მოურინიოს სტილით თამაში რომ დაიწყოს?
- არ ვიცი, რას ნიშნავს "მოურინიოს სტილი”, მაგრამ ერთი რამ ჩემთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც ნათელია – ჩემ მიერ გაწვრთნილი გუნდები სათანადო შედეგის ჩვენებას მეორე სეზონიდან იწყებენ ხოლმე. მწვრთნელის იდეებსა და ფეხბურთელთა შესაძლებლობების ბალანსი თითქმის ყოველთვის დამრიგებლის მუშაობის მეორე წლისთავზე მიიღწევა ხოლმე.

ამის მიუხედავად, არ გვგონია "რეალს” პრიმერა დივიზიონის მოგებას უკვე მომდევნო სეზონის მიწურულს არ უსახავდეთ. მაინც რის ხარჯზე აპირებთ "ბარსელონას” ჯობნას?
- ჩვენგან განსხვავებით, "ბარსელონა” კარგად შეთამაშებული კოლექტივია, "რეალს” კი საკუთარი იდენტურობა ჯერ კიდევ საპოვნი აქვს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ "ბარსასთვის” ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას. ყველა მატჩში მოსაგებად გავალთ მინდორზე. სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა – კაკასა და კრიშტიანუ რონალდუს დონის ფეხბურთელები დიდი გამარჯვებების გარეშე დიდხანს არ დარჩებიან. გუნდის ფეხბურთელები ტიტულების მოსაგებად მოტივირებულნი არიან, რასაც მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემ მადრიდულ საქმიანობაში.

უფრო კონკრეტულად გვითხარით, რას ელით რონალდუსგან?
- კრიშტიანუ ყოველმხრივ მაღალი კლასის მოთამაშე და დიდი პროფესიონალია. მისგან ბევრს ველი, კონკრეტულს სეზონის მსვლელობა გამოავლენს.

წინასასეზონოდ ყოველთვის ბევრს საუბრობენ ახალწვეულთა შესაძლებლობებსა და იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც "სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება მოუწევთ...
- წელს კლუბი სატრანსფერო მიმართულებას შეიცვლის. ვარსკვლავებს არ შევიძენთ, სამაგიეროდ ისეთ ფეხბურთელებს დავიმატებთ, რომელთაც "რეალის” თარგს მოვარგებთ. უპირველესად დაბალანსებული შემადგენლობა მინდა მყავდეს და ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში 3-4 ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ.

"რეალი” დაცვითი სტილით ითამაშებს?
- დავიღალე ამ კითხვაზე პასუხის გაცემით. დაცვითი სტილის მიმდევარმა მწვრთნელს შესაძლოა ერთ სეზონში გაუმართლოს, მაგრამ წარმოუდგენელია, ზედიზედ 4-5 წლის განმავლობაში მაღალ შედეგს აჩვენებდეს. ადამიანებს, რომლებიც დაცვითი თამაშის ტრფიალში მდებენ ბრალს, ან უვიცები არიან, ან უბრალოდ ჩემი მიღწევებისა შურთ.


ინფორმაციის მომწოდებელი: გოჩა კაჭარავა - "მსოფლიო სპორტი"








კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1232 | დაამატა: allfile | ტეგები: Agencia Lusa, რეალი, Barcelona, პორტუ, Barselona, mourinio, ჩელსი, ბარსელონა, ნტერი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar