12:18 PM ბერნარ კუშნერს ადრესატი აერია | |
საფრანგეთის საგარეო უწყების შეფი საქართველოს რუსეთთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა რთულია, მაგრამ მოსკოვთან საუბარი აუცილებელია. ქართველი ექსპერტების შეფასებით, ბერნარ კუშნერს ამ მოწოდების ადრესატი აერია, რადგან დიალოგისთვის არა თბილისი, არამედ მოსკოვი არ არის მზად. ბერნარ კუშნერი თვლის, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგი აუცილებლად უნდა დაიწყოს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ევროპის სახლში" დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც თემაზე – „ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები" დიალოგი გაიმართა. კუშნერის განცხადებით, საქართველოსთვის აუცილებელია მეზობლებთან საუბარი. „თქვენ უნდა დაელაპარაკოთ თქვენს მეზობლებს, მით უმეტეს თუ ეს მეზობელი ასეთი დიდი ქვეყანაა. ვწუხვარ ამას რომ გეუბნებით, ვიცი ეს თქვენთვის არ არის მარტივი, მაგრამ რუსებთან საუბარი აუცილებელია", – აცხადებს კუშნერი. მისივე თქმით, რუსეთს ეს დიალოგი დაანახებს, რომ ყველა ვალდებულების შესრულება აუცილებელია. აქვე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ დღეს მსოფლიო არაკონფრონტაციის, არამედ დიალოგით პრობლემების გადაჭრის გზებს ეძებს. „თქვენ ხედავთ რა ხდება უკრაინაში. უკრაინა გაიხსნა რუსეთთან დიალოგისთვის. ასევე ძალიან კარგი მაგალითია პოლონეთი, რომელმაც მიუხედავად კატინისა და იმ დიდი ტრაგედიისა რაც ახლახანს სმოლენსკთან დატრიალდა, პოლონეთმა შეძლო რუსეთთან თავისივე ინტერესების სასარგებლოდ დიალოგის წარმოება", – აცხადებს კუშნერი. მისივე თქმით, რუსეთი იცლება, რადგან ის იძულებულია შეიცვალოს. „რუსეთს ბუნებრივი აირი აღარ ეყოფა დღეს იმისათვის, რომ მსოფლიოს ნაწილი იყოს. ის იძულებულია შეიცვალოს და ამ ცვლილების აუცილებლობას კარგად ხედავს პრეზიდენტი მედვედევი. თქვენ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ მერწმუნეთ, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება უფრო გამოგადგებათ, ვიდრე კონფრონტაცია. თქვენთვის მათთან საუბარი ძნელია, მაგრამ ჩვენ დაგეხმარებით", – განაცხადა კუშნერმა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტისგან დიდი ხანია ელიან წინადადებას, რომელიც სწორედ დიალოგისკენ არის მიმართული: „ევროკავშირში დღეს გაწევრიანებული არიან ქვეყნები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან ომი ჰქონდათ. მაგალითად, საფრანგეთი და ინგლისი 650 წელი ეომებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ დღეს ჩვენ საუკეთესო პარტიონერები ვართ. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალი გზით სიარული". პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგის შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს გვერდში იდგება. მისი თქმით, კუშნერმა თბილისში რამდენიმე მთავარი აქცენტი გამოკვეთა – „კონფლიქტების მოგვარება, ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულებისთვის მზადება და დაადასტურა ევროკავშირის პოზიცია, რომლის თანახმადაც, რუსეთთან დიალოგის შემთხვევაში, ევროპა საქართველოს გვერდში დაუდგება". ამის შესახებ პოლიტოლოგმა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა. პოლიტოლოგის განცხადებით, ის, რომ საფრანგეთი რუსეთთან დილოგის დაწყებისკენ მოგვიწოდებს, „არახალია", რადგან მოყოლებული 90-იანი წლების დასაწყისიდან საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს დიალოგის დაწყებას ყოველთვის ურჩევდა, თუმცა პოლიტოლოგის აზრით, ამ შემთხვევაში პრობლემა რუსეთიდან მოდის, რადგან სწორედ მათ არ სურთ საქართველოსთან დიალოგის წარმოება. „ევროკავშირი ინარჩუნებს საქართველოს მიმართ ინტერესს და კონფლიქტების მოგვარების საკითხში საკმაოდ მნიშვნელოვნადაა ჩართული. ასოცირებული ხელშეკრულებისთვის მზადების პროცესი ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. ეს პროცესი უცებ არ მოხდება და ეს ხელშეკრულება ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება კუშნერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ურთიერთოებების მოგვარებისთვის უნდა ვიფიქროთ დიალოგზე, ეს ახალი არ არის, რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე 90-იანი წლების დასაწყისიდან ყველა ამას გვეუბნება. აქ არის ერთი რთული მომენტი: იქითა მხარე არაა მზად დიალოგისთვის. რუსეთი თუ დიალოგზე წამოვა, მაინც მგონია, რომ ოფიციალური თბილისიც შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს. კუშნერს ესმის, რომ ეს რთული თემაა. რუსეთთან დიალოგისთვის საქართველოს აუცილებლად დასჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა და მან ეს მხარდაჭერა დაადასტურა. კუშნერმა მიანიშნა, რომ მსგავსი დიალოგის შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს გვერდში იდგება", – აცხადებს აბაშიძე. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბერნარ კუშნერს მოწოდების ადრესატი აერია. როგორც „პირWელს" ცინცაძემ განუცხადა, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან რუსეთთან დიალოგის დაწყების შესახებ განცხადებები ახალი და სენსაციური არ არის. „გამიკვირდა ის, რომ კუშნერმა იგივე მოწოდებით რუსეთს არ მიმართა, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ მზად არის, მოკოვთან დიალოგი დაიწყოს, რაზეც რუსეთის პასუხია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ როცა კუშნერი ამ განცხადებას აკეთებდა, მისამართი აერია", – აცხადებს ცინცაძე. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა საქართველოს ხელისფლებას რუსეთთან დიალოგის დაწყებისკენ შემდეგი სიტყვებით მოუწოდა. „აუცილებელია რუსეთთან დიალოგი დაიწყოთ და ამ მიმართულებით რაც შეიძლება, აქტიურად იმოქმედოთ. თქვენ მოუთმენლები ხართ და მართლებიც ხართ, თუმცა 2 წელი კონფლიქტის დარეგულირებისთვის დიდი დრო არ არის. რუსეთთან დიალოგის განახლება აუცილებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ის ასეთი დიდი ქვეყანაა. მესმის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ თქვენთვის ამის გაკეთება ძნელია, თუმცა ეს აუცილებელია. ქართველები რუსებს უნდა ესაუბრნონ, თუნდაც იმიტომ რომ რუსები მიხვდნენ და დატოვონ საქართველოს ტერიტორია", – აცხადებს კუშნერი. ამავე დროს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ძველი ევროპისგან – გერმანია, საფრანგეთი და იტალიისგან ტერმინ „ოკუპაციის" აქტიურ გამოყენებას არ ელის. ამის შესახებაც „პირWელს" ცინცაძემ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, „სიტყვა „ოკუპაცია" პრობლემას ვერ გადაწყვეტს". „ფრანგი დიპლომატისგან ტერმინ „ოკუპაციას" გამოიყენებას არ ველოდი, რადგან ძველი ევროპა – გერმანია, საფრანგეთი და იტალია ამ ტერმინის გამოყენებას ყოველთვის აარიდებს თავს. კუშნერის მხრიდან ამის გამოყენების შემთხვევაში მას იმის აღიარებაც მოუწევდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმება თავზე გადაახია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. საფრანგეთის მხარდაჭერის ხარისხი მაღალია, თუმცა საქმეა ამ მხარდაჭერის სწორად გამოყენება", – აცხადებს ცინცაძე. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განცხადებით, სიტყვა „ოკუპაცია" პრობლემას ვერ გადაწყვეტს. „შეიძლება, გამოვიყენოთ სიტყვა ოკუპაცია, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვა არ წყვეტს პრობლემას. რუსეთთან საჭიროა დიალოგი, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ გაიყვანოს ჯარები პირველად პოზიციებზე, როგორც ეს მითითებულია დოკუმენტში. ყოველთვის უნდა შევაცადოთ, რომ ევროპელმა დამკვირვებლებმა ამ ხაზის გადალახვა შეძლონ და დღეს ესეც არ არის შესრულებული. ჩვენ ამას ჯიუტად მოვითხოვთ", – აცხადებს კუშნერი. ექსპერტის საგარეო საკითხებში ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით კი, ადრე თუ გვიან საქართველოს და რუსეთს დიალოგის დაწყება მოუწევთ. „კუშნერის მიერ გაკეთებულ განცხადებებში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ადრე თუ გვიან საქართველოს და რუსეთს დიალოგის დაწყება მოუწევთ. სხვა საკითხია, როგორი ფორმით და სახით დაიწყება დიალოგი. ყველა ეს საკითხები დიპლომატების სამუშაოა. რაც შეეხება კუშნერის ტერმინ „ოკუპაციასთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ევროპაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს", – აცხადებს „პირველთან" საუბრისას მენაღარიშვილი. ამასთან, ექსპერტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს ძალზედ მნიშვნელოვანად აფასებს, რადგან საერთაშორისო არენაზე ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობაა გასაგრძელებელიინფორმაციის მომწოდებელი: გეგა ბერიძე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |