ია ფარულავა
ინტერვიუს დროს ხალისიანი და ენერგიული იყო. როგორც თავად ამბობს, მთლიანად
ახალ გადაცემაზეა გადართული და არც კი ემჩნევა, რომ ცოტა ხნის წინ
საყვარელ ადამიანს დაშორდა. ჭორების მოყვარულ თბილისში უკვე ლაპარაკობენ
იმაზე, რომ ფადი ასლიმ ახალი რომანი გააჩაღა ანა ონიანთან. ანა ბოლო
თოთხმეტი წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და ბიზნესითაა დაკავებული.
იასთან საუბრისას წარსული სიყვარულის თემას გვერდი ვერ ავუარეთ.
-
ია, თქვენი ახალი გადაცემის ანონსი ბოლო დროს აღარ გადის ეთერში...
-
გადაცემის დაწყება დაგვიგვიანდა, მაგრამ ეს ტექნიკური მიზეზების გამო
მოხდა. უკვე მალე გავალთ ეთერში. რეჟისორი და პროდიუსერი შეგვეცვალა, თუმცა
მე, დოდო ხურცილავა და ნანიკო ხაზარაძე დიდი შემართებით მზად ვართ ეთერში
გასასვლელად. გვყავს ძალიან სერიოზული ჯგუფი. მოგეხსენებათ, "ჟურნალისტის
დღიური" დაიხურა და იქ მომუშავე სამი უძლიერესი ჟურნალისტი - ეკა
ქადაგიშვილი, თიკო ფეიქრიშვილი და თამარ ღვინიანიძე შემოგვიერთდნენ. ისინი
გვეხმარებიან, რომ საუკეთესო შოუ გავაკეთოთ.
- თქვენი
გადაცემა "სამოთხის ვაშლებს" ხომ არ დაემსგავსება?
- "სამოთხის
ვაშლებს" არანაირად არ დაემსგავსება. ის ძალიან კარგი გადაცემაა და ბევრი
მაყურებელიც ჰყავს, მაგრამ ჩვენი გადაცემის ფორმატი სხვანაირი იქნება.
ჩვენი შოუ ეთერში დღის სამის ნახევრიდან ოთხის ნახევრამდე გავა.
-
ახალმა ძალამ რა შეცვალა გადაცემაში?
- ტელევიზიის ბორდს არ
მოეწონა ჩვენი თავდაპირველი დეკორაციები და ეს მართებულიც იყო. ახალი
დეკორაციები გაცილებით კარგია. რეჟისორი გია გაფრინდაშვილი ჩაანაცვლა თამარ
ღვინიანიძემ და ძალიან წარმატებულადაც.
- გამოდის, რომ
ზაფხულში დასვენებას ვერ მოახერხებთ...
- ეს სერიოზული
პრობლემაა, ასეთი სიცხეა და ვერ დავისვენებ. თუმცა, როცა რაიმეს გაკეთება
გინდა, უნდა იწვალო კიდეც.
- უკვე მოასწარით დასვენება?
-
წელს ვერსად ვერ გავედი, არადა, საფუძვლიანი დასვენება მიყვარს. ზღვა
იმდენად არ მიყვარს, როგორც მთა. წელს ვერ მოვახერხე მთაში დასვენება და
ალბათ დიდხანს ვერ მოვახერხებ.
- მთაში დასვენება
მიყვარსო, რომ თქვით, ცოტა გამიკვირდა...
- არ მიყვარს არც
ზღვა, არც "ზაგარი" და არც მზე. ჩემთვის საუკეთესო დასვენება მთაში
ხეტიალია. მიყვარს წყარო, მდინარე, ტყე. სიამოვნებით ვესტუმრებოდი რაჭას,
სვანეთს, ხევსურეთსა და მთა-თუშეთს.
- ყოფილხართ რომელიმე
ადგილას?
- რაჭაში და მთა-თუშეთში ვარ ნამყოფი და ძალიან
მომეწონა.
- რომელიმე დასვენებას ხომ არ გამოარჩევდით?
ალბათ მთაში ხეტიალის დროს ბევრ ხიფათს გადაყრიხართ...
-
ალპინიზმით არ ვარ გატაცებული, ხიფათი რომ შემმთხვეოდა. მაგალითად, შარშან
რაჭაში ვიყავი. დავდიოდი მჟავე წყლებზე, ტყეში. ერთხელ დავიკარგე კიდეც. იქ
სოკოც დამიკრეფია. რაჭაში იქაური მცხოვრები წამოგვყვა, რომელიც ცნობდა
სოკოს. ხიფათი იყო, რა თქმა უნდა, იმ სოკოს მომზადება და ჭამა, მაგრამ
მაინც გავრისკე. ხიფათიანი დასვენებები არ მაქვს ხოლმე. ძალიან ადრე
დამისვენია შვეიცარიაში, საფრანგეთის ალპებში, მაგრამ მივხვდი, რომ ჩვენთან
არანაკლები ბუნებაა, თუ უკეთესი არა, შეიძლება დასვენების პირობები
ისეთივე არ იყოს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს საქართველოს მთები. თუმცა
საქართველოს ზღვაც ძალიან მომწონს. ცოტა ხნის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის
გადაცემის ჩაწერაზე ბათუმში ვიყავი სამი დღით. ეს დასვენებად ვერ
ჩაითვლება, მაგრამ ძალიან მომეწონა განახლებული ბათუმი.
-
ცურვა იცით?
- ბავშვობაში დავდიოდი ცურვაზე. შემიძლია ვიცურაო,
მაგრამ წყალში ღრმად ვერ შევდივარ, არც ღრმა "ბასეინები" მიყვარს.
-
ასეთი შიში რატომ გაგიჩნდათ?
- ერთხელ ბავშვობაში ვიხრჩობოდი
და ჩემმა ძმამ გადამარჩინა. მაშინ პატარები ვიყავით და მას მერე სიღრმის
მეშინია.
- საკურორტო რომანებზე რა აზრის ხართ, გჯერათ, რომ
ასეთი რომანი შეიძლება, ქორწინებით დასრულდეს?
- საკურორტო
სიყვარული, უბრალოდ, ვნებაა. როდესაც ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და მათ
შორის არავითარი ვალდებულება არ არსებობს. მე ასეთი სიყვარული არასდროს
მქონია.
- ალბათ გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს...
-
შეიძლება არსებობს, მაგრამ მე არ გამიგია, რომ კურორტზე დაწყებული
სიყვარული ოჯახის შექმნით დამთავრებულიყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთი
ოჯახებიც არსებობენ. ძალიან კარგი თემაა, დიდი მადლობა, რომ მომაწოდე. ამ
თემაზე ჩვენს გადაცემაში აუცილებლად ვისაუბრებთ.
-
თბილისში როგორ ატარებთ ცხელ ზაფხულს?
- კონდიციონერიანი
ოთახიდან კონდიციონერიან ოთახამდე დავდივარ. მანქანაშიც კონდიციონერი მაქვს
და ამდენი კონდიციონერისგან შეიძლება გავაფრინო, ჰაერი აღარ მყოფნის
ხოლმე. ხანდახან მირჩევნია, სიცხეში ვიყო ცოტა ხანი მაინც, რომ სუფთა ჰაერი
ჩავყლაპო. დილით ადრე ბოტანიკურ ბაღში მივდივარ, ბალნეოლოგიურ კურორტზე
ვიტარებ პროცედურებს, ეს ყველაფერი მეხმარება, რომ ადვილად გადავიტანო
სიცხე.
- საზაფხულოდ გარდერობის განახლება ალბათ უკვე
მოასწარით...
- გარდერობს ჩვენი გადაცემის დიზაინერები
განმიახლებენ, რომლებიც ჩემს ჩაცმულობაზე იზრუნებენ. ეთერში ყოველდღე უნდა
ვიჯდე, ბუნებრივია, უნდა ვიყო ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი და ამას
ყოველნაირად შევეცდები. რა თქმა უნდა, ჯობია, შოპინგზე მილანში ან
ფლორენციაში წახვიდე, სადაც ცოტა ხნის წინ ვიყავი და ძალიან კმაყოფილი
ჩამოვედი. ახლა ვეცდები, თბილისში დავიკმაყოფილო შოპინგებთან დაკავშირებული
სურვილები. ჩვენთანაც არის კარგი მაღაზიები, სადაც შეიძლება, მშვენივრად
შეიმოსო. სეზონზე აუცილებლად უნდა გქონდეს ახალი ფეხსაცმელი, ახალი ჩანთა
და ქამარი. გადაცემისთვის, რა თქმა უნდა, ჩემი გემოვნებით შევარჩევ სამოსს.
დიზაინერმა რაც უნდა შემომთავაზოს, თუ არ მომიხდა, რატომ უნდა ჩავიცვა...
-
მოდით, სიყვარულზეც ვისაუბროთ, ფადი ასლის ახალი რომანი თქვენთვის
რამდენად მოულოდნელი იყო?
- რატომ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი.
ფადის მე თვითონ ვურჩიე, თავის ახალ რომანზე ელაპარაკა, ვუთხარი,
ჟურნალისტები მაინც არ მოგეშვებიან-მეთქი და ფადიც დამეთანხმა.
-
ძლიერი ქალბატონი ყოფილხართ. ცოტა ხნის წინ ეს ადამიანი ხომ გიყვარდათ...
-
რა პრობლემაა. მე და ფადი ახლა ვმეგობრობთ, ჩვენ შორის რაც იყო, უკვე
დამთავრდა. ფადის ყოველთვის გვერდით დავუდგები. დარწმუნებული ვარ,
ანალოგიურად მოიქცევა ფადიც, თუ ამას გარემოება მოითხოვს.
-
როგორ დასვენებას ინატრებდით?
- საოცნებო დასვენება
წარმომიდგენია კანადაში. ნამყოფი ვარ ვანკუვერში, იქ ფანტასტიკური ბუნება
და ტყეებია. კანადის უღრან ტყეში ქოხში დიდი სიამოვნებით დავისვენებდი.
ოღონდ ეს ქოხი ძალიან კეთილმოწყობილი უნდა იყოს. ამ ქოხის გარშემო
აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა სირთულის ბილიკები, რომ ბევრი ვიარო.
ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერი ერთად ძალიან კარგი იქნება. რა თქმა
უნდა, სასურველია, იქ ჩემს საყვარელ მამაკაცთან ერთად ვიყო. თუ ოცნებაა,
მაშინ ბოლომდე ვიოცნებოთ.
- საკურორტო რომანების არ მჯერაო,
ხომ მითხარით...
- მე ის კაცი უღრან ტყეში კი არ უნდა
გავიცნო, იქ ერთად უნდა წავიდეთ. ტყეში ადამიანის ჭაჭანება არ უნდა იყოს.
მე ბუნებაში ყოფნა მინდა. ხალხის ნახვას თბილისშიც ვახერხებ.
-
ახლა თუ არის თქვენ გვერდით მამაკაცი, ვისთან ერთადაც შეიძლება კანადაში
უღრან ტყეში გამგზავრებაზე იფიქროთ?
- ამ კითხვას უპასუხოდ და
ღიად დავტოვებ.
- ანუ, არის, არ გაგვიმხელთ ვინაა?
-
არაფერს არც ვადასტურებ და არც უარვყოფ.
- იმედია, კანადის
უღრანი ტყის ქოხში გამგზავრებამდე გაგვაცნობთ.
- (იცინის)
ვნახოთ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)