მთავარი » 2010 » ივლისი » 17 » რევაზ ინანიშვილი - მისსავე წიგნის კარადაში ჩამწყვდეული ასეულობით ადამიანის სულის "ზედამხედველი"
4:35 PM
რევაზ ინანიშვილი - მისსავე წიგნის კარადაში ჩამწყვდეული ასეულობით ადამიანის სულის "ზედამხედველი"

WWW.ALLFILE.DO.AM - Internet Files Encyclopedia1926 წლის 20
დეკემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში დაბადებულა. მაშინ მისი
მშობლებიც სოფელში ცხოვრობდნენ. წერა-კითხვა ბებიას უსწავლებია: ისხდნენ
თურმე საღამოობით გახურებულ ღუმელთან, ბებია წინდას ქსოვდა, მას კი
"ქართული მწერლობის" ძველი, გაყვითლებული სახელმძღვანელო გადაეშალა და
ნელ-ნელა, დამარცვლით კითხულობდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის,
ვაჟა-ფშაველას, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებს. განსაკუთრებით სევდიანი
ამბები გულს უჩვილებდა და თუკი ბებია თავშლის ბოლოთი ცრემლს იწმენდდა და
ხმამაღლა მოთქვამდა, თვითონ კბილს კბილზე აჭერდა და ოდნავ დაახანებდა
ხოლმე, რომ მოწოლილი ცრემლი და ბოღმა შეეჩერებინა...

წლები გავიდა,
გაიზარდა, თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, მაგრამ ის საღამოები არ
დავიწყნია. არც მაშინ, როცა თვითონ ძალიან ცნობილი მწერალი გახდა. უფრო
მეტიც, ყოველთვის ის წიგნი მიაჩნდა საუკეთესოდ, რომელიც ღრმად აფიქრებდა და
ცრემლებსაც ჰგვრიდა ნაოჭებით გარშემორტყმულ თვალებზე...

ეს
მწერალი ბევრ თქვენგანს ძალიან უყვარს, მას რეზო ინანიშვილი ჰქვია და
მომავალ ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად 21-ე ტომად სწორედ მისი
მოთხრობების კრებულს მიიღებთ "ქართული პროზის საგანძურის" მკითხველები.

თამაზ
ჭილაძე: "თითქოს იმავე თიხით იყო მოზელილი, როგორც მთელი კახეთი - ქვევრი,
ჯამი, დოქი, ხელადა, ოღონდ, ცეცხლში კი არა, მზეში იყო გამომწვარი, ხაშმის
მზეში, ედო კიდეც მისი ფერი. შეკრული იყო პატარა, მოდარაჯე კოშკივით,
როგორიც კახეთში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ. ლაპარაკობდა დინჯად,
მოზომილად, თითქოს უხილავ კრამიტებს აწყობდა ჩვენ ზევით, უხილავ სახურავზე.
მის სიტყვას მართლაც კრამიტის სიმძიმე და საიმედოობა ჰქონდა. რატომღაც
უცებ კვეტარას ლურჯი კრამიტი გამახსენდა - თითქოს ანგელოზის ცრემლისგან
გაჩენილი".

ჯონდო ბარდაველიძე იხსენებს: "სულ ჩაფიქრებული მახსოვს.
სევდიანად ჩაფიქრებული. ცხოვრება ყოველთვის მძიმე ჰქონდა, მაგრამ ეს სევდა
პირადული არ ჩანდა, უფრო ღრმა იყო, უფრო ფართო. 1979 იყო თუ 1980 წელი,
ჩემი მანქანით დასავლეთ საქართველოში უნდა წავსულიყავი. რეზოს შევთავაზე,
შენც ხომ არ წამოხვალ-მეთქი? სიამოვნებით დამთანხმდა. მოვინახულეთ ქუთაისი -
ბაგრატი, გელათი, წინათაც არაერთხელ ჰქონდა ნანახი, მაინც თითქოს პირველად
იყო, ისე გულდასმით ათვალიერებდა ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს, ნანგრევებში
ჩარჩენილ ჩუქურთმებს, გელათის მონასტრის ფრესკებს, მოზაიკას, აკადემიის
შენობის ნარჩენებს.

დიდხანს იდგა დავითის საფლავთან. "ღმერთო,
ღმერთოო", - ბუტბუტებდა თავისთვის. - რეზო, ხომ გაგიგია დავითის ანდერძი,
ფეხი უნდა დაადგა მისი საფლავის ქვას-მეთქი, - ვუთხარი და ხელი გავუწოდე. -
რას ამბობ, კაცოო, სხვა რა შევუსრულეთ იმ მირონცხებულს, რომ მაინცდამაინც
ეგ შევუსრულოო. უკან გადგა პირჯვრის წერით, ვერ დავითანხმე, არ ქნა: დავით
აღმაშენებლის საფლავის ლოდს ფეხით როგორ უნდა შეჰბედოს კაცმაო. მერე -
სამეგრელო: ზუგდიდი, მარტვილი, გორდის ციხე... - სად ვიყავით აქამდე, როგორ
შეიძლება, ქართველ კაცს ესენი ნანახი არ ჰქონდესო, - ამბობს და სევდა
ეძალება. ბავშვებს, მეგრელ ბავშვებს ესიყვარულებოდა განსაკუთრებით.

გაოცებული
შეჰფოფინებდა, რამდენი ცისფერთვალა და ქერათმიანი ბავშვია, ნამდვილად აქ
არის ძირძველი ქართული გენი. ღმერთო, ღმერთოო... - და ჩუმად, თავისთვის,
გულში ამთავრებდა სიტყვას თუ ვედრებას. ჭყვიშში რომ შევედით, გალაკტიონის
სახლთან, მოშორებით გამაჩერებინა მანქანა. რიონის ჭალებს შეჰყურებდა
აციმციმებული თვალებით. უხაროდა: ჩამოჰგავსო ჩემი ივრის ჭალებს.
გალაკტიონის
ოდა-სახლის აივანზე რომ ავიდა, გაქვავდა. ხმაამოუღებლად შესცქეროდა იქვე
ახლოს მდებარე ძველ სასაფლაოს. ჩემკენ ზურგით იდგა, დანამდვილებით ვერ
ვიტყვი, მაგრამ დღეს რომ ვიხსენებ, მგონი, ტიროდა. რაღაც დაბნეულები
დავეძებდით ოთახებში ვასიკოს, გალაკტიონის ძმისწულს.

რეზო ხმადაბლა
იმეორებდა: "ერთი დღეც არ გქონიათ მშვიდი, უსატკივარო"... თვითონ ცხოვრება
ყოველთვის მძიმე ჰქონდა: 37 წელი, მამისა და ახლობლების
დახვრეტა-გადასახლება, მუდმივი ხელმოკლეობა, ბავშვობიდანვე დღენიადაგ
ოჯახზე ზრუნვა, მერე - უმცროსი ძმის ნაადრევი სიკვდილი. უნივერსიტეტი
თანატოლებზე 7-8 წლით გვიან დაამთავრა, მაგრამ რეზოს სევდა არ იყო
პირადული, ის უფრო ღრმა იყო, უფრო ფართო... დეკემბერ-იანვრის ტრაგედია არ
გაუგია. მაშინ უკვე ღონე წართმეული ჰქონდა. 1991 წლის ბოლო დღეს მივაბარეთ
დიდუბის მიწას. ქართველებისათვის უჩვეულოდ მცირერიცხოვან პროცესიაში
ერთი-ორი მწერალიც ერია".

WWW.ALLFILE.DO.AM - Internet Files Encyclopediaმანამდე კი
რევაზ ინანიშვილი წერდა: "თქვენ შეგიძლიათ, თვით ჩემი თანდასწრებით ლანძღოთ
ქართველი ხალხი იმის გამო, რომ იგი მარცხენა ხელით მუშაობას არის მიჩვეული
და მომხვეჭველობაზე დახარბებულს გაჭუჭყიანებული აქვს სული, მაგრამ მე
უფლებას არ მოგცემთ, იგივე გაიმეოროთ ერზე, ქართველ ერზე... ერი...
მთლიანობაა ხალხისა და დროისა, რომელიც საუკუნეებით იზომება მხოლოდ და
მხოლოდ".

მწერალ თეიმურაზ მაღლაფერიძის მოგონებებში ამოიკითხავთ:
"იდგა დეკემბრის თვე, დასაწვავი დეკემბრის თვე 1991 წლისა, როცა ბედკრულ
საქართველოში ძმისმკვლელი კაენის სული კიდევ ერთხელ (მერამდენედ?) აღზევდა
და სისხლის ტბები დააყენა. ქუხდნენ ქვემეხები, კაკანებდნენ
ტყვიამფრქვევები, იწვოდა და ინგრეოდა ქალაქი, იჟუჟებოდნენ რჩეულ-რჩეული
ბიჭები. ერმა დაკარგა არსებობის საზრისი, შუაზე გაიპო, ვის რა უნდოდა, ვინ
რას აკეთებდა, თვით მამა-უფალიც ვერ მიხვდებოდა. სწორდებოდა მიწასთან
თაობების ოფლით ნაგებ-ნამუშაკევი. ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათი
ჩუმად კვნესოდა ცოდვიან უგუნურთა მიერ ათას ადგილას დაჭრილ-დაფლეთილი.

ვინ
იყო მტყუანი? ვინ მართალი? არავინ იცოდა, საქართველო რომ უფსკრულისაკენ
მიექანებოდა, ამას ყველა გრძნობდა. აი, ასეთ დროს კვდებოდა რეზო
ინანიშვილი, ამბობენ, სიკვდილის წინ ყველა ადამიანს რაღაც ახალზე თავისი,
საკუთარი, პიროვნული ეზმანებაო. ალბათ, მართალია. და თუ მართალია, მაშინ მე
დარწმუნებული ვარ, რომ რეზოს სიკვდილის წინა ზმანება, სწორედ ისეთი იყო,
როგორც ერთ მოთხრობაში აქვს აღწერილი: "თვალები დავხუჭე... აი, ამ ყოფაში
შემოვიდა რაღაც საამო, რაღაც ნათელი.

გავიხედე და დამბლა დამეცა:
იმ თოვლში, იმ ბნელ ბურუსში, მკვრივი, არაამქვეყნიერი ნათელი მოდის,
მოჰყვება შარავანდედად წვრილ-წვრილი ჩიტებისა და პეპლების მგალობელი გუნდი.
ვუყურებ ამ ნათელს და ვარჩევ - ქალს! მთლად ოქროსფერს, თმის ოქროსფერ
ნაკადებში გახვეულს. მოდის, ახლოვდება, მოანათებს თმებით, თვალებით,
ყველაფრით, ჟინიანად მოადგამს შიშველ, ოქროსფერ ფეხებს, ზეიმით მოაქვს
პატარა, შეკუმშული, თავმსხვილი ძუძუები, უკანაც თმა მისთრევს, თმაა თუ
შუქია ადევნებული.

წინ მიუძღვის ჩრდილისფერი, გრძლადაძაგრული ორი
ვეება მგელი, ნაბიჯი ნაბიჯთან აქვს შეწყობილი, ჩემკენ შემობრუნებული
თვალები ყურადღებით აქვთ სავსე, მოანათებენ თეთრ ლოჯებს. ქალი ესევე,
სიარულშივე მოიხედავს ჩემკენ... რა სიხარულის ცისფერი სინათლე ედგა
თვალებში, რა სიკეთის ღიმილით ეღიმებოდა აქეთ-იქით ოდნავ მაღლა აზიდული
ტუჩებით! წავიდა ისევე გაბრწყინებული, გაუძვრნენ წინ ნაბიჯშეწყობილი
მგლები, გაჰყვნენ მგალობლები, ჩიტები თუ ოქროსფერი პეპლები". წავიდნენ და
თან წაიყოლეს რეზო ინანიშვილის ნათელი, გამჭვირვალე სული. დასაფლავების
დღეს, 31 დეკემბერს მსუსხავი ქარი უბერავდა და ხოროში თოვლი აყრიდა.
განუწყვეტლად ისმოდა ჭურვების ბათქი და ტყვიების თარსი წუილი. რეზო იწვა
მშვიდად, ოდნავ იღიმოდა".

რეჟისორი რეზო ესაძე: "...მე და რეზო
კვესელავა რამდენჯერაც შევდივართ, და ხშირად შევდივართ, დიდუბის პანთეონში,
არ არსებობს, რეზოს ყვავილები არ დავუდოთ. ძალიან მომწონს მისი უბრალო
საფლავი და ისიც, რომ ყოველთვის ჩიტების სკინტლითაა იქაურობა მოფენილი.
მისი მეუღლე ძალიან განიცდის ამ ამბავს, მე კი უზარმაზარ ჰარმონიას ვგრძნობ
რეზოსა და ამ ჩიტების კავშირში"...

P.S. ის ამბობდა: "ჩემს წიგნის
კარადაში ჩამწყვდეულია ასეულობით ადამიანის სული. მე კი ხელები ზურგს უკან
მაქვს წამოწყობილი და ციხის ზედამხედველივით ვცემ ბოლთას მათ წინ". და
წერდა გოგო-ბიჭებისთვის, დედებისთვის, მამებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის,
ვინც "დღიურ საქმეს სიბნელით ართმევდა თავს", ნაშრომ-ნაჯაფი და დაღლილი
ჩამოჯდებოდა, გადაშლიდა წიგნს და გმირებთან ერთად, ხან ტიროდა, ხან
იცინოდა.

ირმა ხარშილაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის
ხუთშაბათობით)









კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 2088 | დაამატა: allfile | ტეგები: revaz inanishvili, ზედამხედველი, zedamxedveli, zedamkhedveli, რევაზ ინანიშვილი, კარადა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar