რამეს
გეუბნებათ არაბი შეიხის ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ-ნაჰიანის სახელი? კიდევ
ერთხელ გაგიმეორებთ: ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ-ნაჰიანი. არა? ძალიან ცუდი.
აუცილებლად დაიმახსოვრეთ. ნუ დაიზარებთ და კარგად დაიზეპირეთ - ნაჰიან ბინ
მუბარაქ ალ-ნაჰიანი.
ეს იმიტომ, რომ წელს ბათუმში თუ ჩახვალთ,
აუცილებლად გამოგადგებათ. "ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე კიდევ
ერთ ქუჩას მიანიჭა ცოცხალი კაცის სახელი", - ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს
გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტოებმა. კერძოდ, ხიმშიაშვილის ქუჩიდან
ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე არსებულ მონაკვეთს არაბი შეიხის ნაჰიან ბინ
მუბარაქ ალ-ნაჰიანის სახელი ეწოდა. ამასთან, საკრებულომ გადაწყვიტა, ამ
მონაკვეთისთვის ხეივნის სტატუსი მიენიჭებინა.
საკრებულომ ქუჩისთვის
შეიხის სახელის მინიჭება იმ დამსახურებით ახსნა, რომ მას მეგობრული
ურთიერთობა აქვს აჭარასთან, დაინტერესებულია რეგიონის ტურისტული
განვითარებით და აჭარას საჩუქრად 10 ათასი პალმა გამოუგზავნა. აი, ხომ
ხედავთ, რა დამსახურებული კაცი ყოფილა? მთელი ათი ათასი პალმა
გამოუგზავნია! ათი ათასი! თან პალმა, სხვა რამე კი არა.
ლეღვის ან
ბლის ხე, არამედ პალმა! რას მოვა მასთან სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილის ღვაწლი,
რომელსაც საქართველოს სიყვარულისთვის თურქებმა თავი მოჰკვეთეს და ახლა მისი
სახელობის ქუჩა სწორედ ამ არაბის ხეივანმა უნდა დააკავშიროს დიდი ქართველი
პოეტის ლეონიძის ქუჩასთან. ან ლეონიძის ღვაწლი რას შეედრება ათი ათასი
პალმის ჩუქებას? თქვენ ათი ათასი პალმა ათი ათასი ლექსი ხომ არ გგონიათ?
პალმაა, ჭო! აზრზე მოდი, პალმა! ლექსს საქართველოში ყველა მეორე წერს,
პალმას კი, დიდი ბოდიში და, ვერავინ მოგართმევს არაბი შეიხის გარდა.
თანაც
ეს პირველი შემთხვევა სულაც არ არის, როდესაც ბათუმის საკრებულო ასეთ
გადაწყვეტილებას იღებს. წინა მოწვევის საკრებულომ ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას
თურქი ბიზნესმენის სახელიც მიანიჭა, რომელიც რეგიონში თავის ინვესტიციას
სასტუმროს მშენებლობის სახით ახორციელებს.
თუ არ ვცდები, ეს ის
ბიზნესმენია, სააკაშვილმა დაჟანგული პროჟექტორი რომ აჩუქა. მოკლედ,
თბილისში ბუშის ქუჩით დავიწყეთ და ბათუმში თურქი და არაბი ბიზნესმენებით თუ
შეიხებით ვაგრძელებთ. მალე, ალბათ, ბათუმის საკრებულო სპეციალურ
განცხადებას გაავრცელებს: "ვანიჭებთ ქუჩას თქვენს სახელს, მსოფლიოში
ყველაზე იაფად: ეს სულ რაღაც ერთი სასტუმრო ან ათი ათასი პალმა დაგიჯდებათ.
პალმის "ჟმოტები" ნუ გამოგვეხმაურებიან. ქუჩას საჩუქრად მოჰყვება
დაჟანგული პროჟექტორი".
ჰო, იმას ვამბობდი: არაბი შეიხის სახელი
კარგად დაიზეპირეთ-მეთქი. ბათუმში რომ ჩახვალთ და ვიღაცა გკითხავთ, სად
ხარო, ხომ უნდა უთხრათ: ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ-ნაჰინის ხეივანში ვსეირნობო.
მოიქეცით
ისე, როგორც ევროპა
დღეს ქართულ პოლიტიკაში ერთ- ერთი
აქტუალური საკითხი ასეთია: ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან
და დინებას მიჰყვეს, თუ ხელისუფლებას სათოფეზე არ გაეკაროს. იყოს
რადიკალური და რევოლუციაც არ გამორიცხოს. შესაბამისად, ოპოზიციაც რამდენიმე
ნაწილადაა გაყოფილი. ერთნი თანამშრომლობის გზას ირჩევენ, მეორენი -
რადიკალური დაპირისპირების. არიან ისეთებიც, ვინც არც ერთს ემხრობა და არც
მეორეს (მაგალითად რესპუბლიკელები და "ახლები"). საბოლოოდ რომელი გზაა
სწორი? თუ ამ კითხვას ევროპული პოლიტიკის ჭრილში შევხედავთ, გამოვა, რომ -
პირველი.
როგორ იქცევა ევროპა და ახლა უკვე ამერიკაც რუსეთთან?
უპირისპირდება? არა, ცდილობს თანამშრომლობით, ტკბილი სიტყვით გველი
ხვრელიდან ამოიყვანოს. რატომ? იმიტომ, რომ იცის, ძალით რუსეთს ვერ აჯობებს.
რუსეთთან დაპირისპირებამ შეიძლება ყველა მხარე აზარალოს და შედეგი კი არ
მოიტანოს. ოპოზიციის განწირულმა სულისკვეთებამ კარგად აჩვენა, რომ ძალით ამ
ხელისუფლებას ვერ ჯობნის. აქედან ხეირი არა აქვთ, მაგრამ, დასავლეთისგან
განსხვავებით, დასკვნა ვერ გამოაქვთ.
ვერ ხვდებიან, რომ უპრიანი
იქნება, თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან ისევე მოიქცევა, როგორც დასავლეთი
რუსეთთან, ანუ ითანამშრომლებს და ტკბილი სიტყვით შეეცდება, დათმობაზე
წამოიყვანოს. ახლა არ მითხრათ, სააკაშვილთან ამას აზრი არა აქვსო. რუსეთთან
აქვს და სააკაშვილთან - არა? ესეც რომ არა, სხვა გზა ამ ეტაპზე არ
არსებობს. სააკაშვილის დამხობის იდეა უპერსპექტივოა და რაც მთავარია,
ქვეყნისთვის დამანგრეველი.
გვეყო ქვეყანაში დამხობები და
გადატრიალებები. ეს არ ნიშნავს, რომ თანამშრომლობის გზა უცილობლად
შედეგიანი იქნება, მაგრამ მოსინჯვა ღირს. არც ობამას ადმინისტრაციამ იცის
წინასწარ, სად მიიყვანს მათ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, მაგრამ ახლა
ამ გზას ადგას, რადგან ბუშის პოლიტიკამ ნაყოფი ვერ გამოიღო. როდესაც ერთი
სტრატეგია არ ამართლებს, მეორე უნდა მოსინჯო. ჩვენი ოპოზიცია კი ჯიუტად
ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს.
ჩემი ეს შეხედულება არ ნიშნავს,
რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი, ვინც დღეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის
პოლიტიკას ირჩევს, სწორად იქცევა. არა. იმიტომ, რომ თანამშრომლობის
პოლიტიკას დამახინჯებულად იგებენ. ამის ბოლო მაგალითი ალასანიაა.
ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ოპოზიციამ ერთი შედეგი უნდა მიიღოს, - მეტი
დემოკრატია. ოპოზიციამ ამ თანამშრომლობით უნდა შეძლოს და ხელისუფლებას
ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო გააკეთებინოს, ან უკიდურეს შემთხვევაში,
მავნებლური იდეა გადააფიქრებინოს. თანამშრომლობის შედეგი თანამდებობებზე
დანიშვნა და სარგებლის ნახვა არ უნდა იყოს.
ეს თანამშრომლობას კი
არა, გარიგებას ჰგავს. როდესაც ხელისუფლება ოპოზიციონერებს უშიშროების
საბჭოზე ეპატიჟება, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მივიდნენ, მაგრამ, როდესაც
თანამდებობებს სთავაზობენ, უარი უნდა თქვან. ალასანია კი პირიქით იქცევა:
არ მიდის უშიშროების საბჭოზე, სამაგიეროდ იღებს თანამდებობებს. ეს რასაც
ჰგავს, ზევით უკვე ვთქვი.
მერაბ მეტრეველი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის
ორშაბათობით)
მთავარი » 2010 ივლისი 17 » ათი ათასი პალმა, ჭო?!
4:24 PM ათი ათასი პალმა, ჭო?! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |