მთავარი » 2010 » ივლისი » 17 » რატომ თქვა ირინა ონაშვილმა მოდელობაზე უარი
1:29 PM
რატომ თქვა ირინა ონაშვილმა მოდელობაზე უარი

Ambebi.Geსამოდელო სააგენტო "შარმი" 12 წლის წინ სამმა მშვენიერმა მოდელმა - ლალი ტოტიკაშვილმა, ლელა ცინცაძემ და სოფო ბურჯანაძემ ჩამოაყალიბეს. წლების მანძილზე ქართული მოდის განვითარების საქმეში სააგენტო აქტიურად იყო ჩაბმული და ტოლს არავის უდებდა. ცოტა ხნის წინ "შარმიდან" ლალი ტოტიკაშვილი წავიდა და სააგენტო "არტ-ფეისის" ხელმძღვანელი გახდა. ლელამ და სოფომ კი, ლალის ნაცვლად, ირინა ონაშვილი მიიწვიეს. შემდეგ, "შარმმა" სახელწოდებაც შეიცვალა და "ფეშენ შარმად" იწოდება. ახლა სააგენტოს დამფუძნებელთა და დირექტორთა საბჭო ასე გამოიყურება: ლელა ცინცაძე, სოფო ბურჯანაძე, ირინა ონაშვილი. ისინი ახლა ჩვენი სტუმრები არიან.


- ლალი ტოტიკაშვილის წასვლის შემდეგ, თანამშრომლობა მაინცდამაინც ირინასთან რატომ გადაწყვიტეთ?
სოფო:

- როდესაც მე, ლელამ და ლალიმ "შარმი" დავაფუძნეთ, ჩვენებებზე ხშირად ვიწვევდით ირინას. ის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი გახლდათ. მაშინ ირინა პატარა იყო - ასე, 13-14 წლის. სამივეს ძალიან მოგვწონდა... შემდეგ წარმატებებს მიაღწია, "მის საქართველო" გახდა და გადავწყვიტეთ, სააგენტოში, როგორც პედაგოგი, ისე მოგვეწვია. გოგონებს დეფილეს გაკვეთილებს უტარებდა, საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა. ახლა, როდესაც ლალი წავიდა, გაგვიჩნდა იდეა, სამეულს ჩამოგვეყალიბებინა სამოდელო სააგენტო - "ფეშენ შარმი".

ირინა:
- სამოდელო სააგენტოში გვყავს როგორც პროფესიონალი მოდელების, ასევე სკოლის ასაკის ბავშვების ჯგუფები. პატარების ჯგუფი იანვარში დავაფუძნეთ, სადაც 3-11 წლის ასაკის გოგონები დადიან, რომელთაც ყოველწლიურად ჩვენებას ვუწყობთ. საქართველოში უკვე არსებობენ ისეთი დიზაინერები, რომლებიც ბავშვებისთვის კოლექციებს ქმნიან. ცოტა ხნის წინ ავთანდილის კოსტიუმების ჩვენება გვქონდა და მასში უმცროსი ასაკის მოდელები მონაწილეობდნენ.

- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ "მშვიდობის ხიდზე" ორიგინალური ჩვენება გამართეთ, რომელზეც მოწვეული გყავდათ დიზაინერი ირაკლი ნასიძე.
- ეს ჩვენთვის სერიოზული ღონისძიება იყო. ირაკლი საფრანგეთიდან თავისი ახალი კოლექციით - "2010-2011 შემოდგომა-ზამთარი" - ჩამოვიდა. ძალიან ნიჭიერი დიზაინერია. ის მკვეთრად გამოხატული, მისთვის დამახასიათებელი სტილით გამოირჩევა; ძალიან ინდივიდუალურია. სანამ ამ ჩვენებას მოვაწყობდით, კომპეტენტური ადამიანების, სპეციალისტების აზრი მოვისმინეთ, თუ ვინ შეიძლებოდა, რომ ამ ღონისძიებაზე მოგვეწვია. ყველამ ირაკლის მოწვევა გვირჩია.

სოფო:
- მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ არ გვყავს ნიჭიერი დიზაინერები. გვყავს და ყველას ძალიან ვაფასებთ, ვთანამშრომლობთ კიდეც მათთან, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სულ რაღაც ორ თვეში მოდის ორი კვირეული ("ჯორჯიან ფეშენ ვიკი" და "თბილისი ფეშენ ვიკი") ჩატარდა. ამიტომ ასე მოკლე ხანში ახალი კოლექციის შექმნა იმ დიზაინერებისთვის, ვინც იქ მონაწილეობდა, ცოტა რთული იქნებოდა. ამიტომაც ავირჩიეთ ირაკლი ნასიძე. მას ახალი კოლექცია უკვე შექმნილი ჰქონდა.

ირინა:

- ძალიან ლამაზი, უჩვეულო და არასტანდარტული ღონისძიება გამოგვივიდა. "ერისიონის" მოცეკვავეებმა "ცოცხალი კედელი" შექმნეს. ისინი ნაბდებით იყვნენ შემოსილები. ჩვენებამ დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ჩვენი სერიოზული ნაბიჯი და განაცხადი იყო. ბევრი შემოთავაზება და წინადადებაც მივიღეთ.

სოფო:
- ჩვენებაზე ბევრი უცხოელი სტუმარი იყო. მოეწონათ და კმაყოფილები დარჩნენ.

- რაკი ჩვენში ცოტა ხნის წინ ჩატარებული ორი "ფეშენ ვიკი" ახსენეთ, აქვე გკითხავთ - თქვენი სააგენტო ორივე მათგანში მონაწილეობდა?
ლელა:

- დიახ, ორივეში. საერთოდ, სააგენტოები ერთმანეთთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ... ეს ჩვენი მთავარი პრინციპია!

- რომელს რა კონკრეტული ფუნქცია გაქვთ "ფეშენ შარმში"?
სოფო:

- ფუნქციები არ გვაქვს გაყოფილი. სამივე ვაკეთებთ იმას, რასაც საქმე მოითხოვს. ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ.

- თქვენ შორის გამოკვეთილი ლიდერიც არ არის?
ლელა:

- არა.

ირინა:
- როდესაც ჯგუფში გამოკვეთილი ლიდერია, ეს ყოველთვის ღუპავს მას. გუნდური მუშაობა ამართლებს. ვცდილობთ, რომ ყველაფერი დაბალანსებული იყოს.

სოფო:

- ჩვენ შორის ყველაზე ცნობილი სახე ირინაა, რადგანაც მე და ლელა მოდელები დიდი ხნის წინ ვიყავით...

ლელა:
- როცა საქმეში ერთად ვართ და გასაყოფი არაფერი გვაქვს, ასეთ წვრილმანებს მნიშვნელობა არა აქვს...

- "შარმი" ყოველთვის საკმაოდ ცნობილი სააგენტო იყო. პოპულარობას ხელახალი ჩამოყალიბების შემდეგაც არ კარგავთ. ზოგადად რა განაპირობებს თქვენს პოპულარობას?
სოფო:

- ვინც არ იცის, რა არის პოდიუმი და მასთან შეხება არ ჰქონია, ის მოდელებს ვერაფერს ასწავლის. როგორც უკვე ვთქვი, თვითონ ვიყავით წარსულში მოდელები და ამიტომ საკუთარი გამოცდილების გაზიარება და სხვებისთვის ცოდნის გადაცემა ჩვენთვის სიამოვნებაა.

- ირინა, მოდელობაზე საბოლოოდ უარი თქვი?
- აკრძალვა არავისგან მქონია, მაგრამ ჩემი სამოდელო პარამეტრები - ფორმები ხელს აღარ მიწყობს. 90/60/90 აღარ ვარ. ცოტა მოვიმატე და შემაფერხებელი ფაქტორი ესეც არის.

Ambebi.Ge- აკრძალვა არავისგან მქონიაო, აღნიშნე. მეუღლისგან აკრძალვა მართლა არ გქონია, რადგანაც ლადო ვარძელაშვილი ახლა უკვე მინისტრია და შეიძლება, აღარ უნდოდეს, რომ მისი მეუღლე პოდიუმზე გამოვიდეს?
ირინა:

- (იღიმება) არა, რა აკრძალვა?! ჩემი პოდიუმზე გამოუსვლელობის მიზეზი უკვე დავასახელე. ამასთან, პიარის ხელოვნებასაც ვეუფლები; ვსწავლობ და მთლიანად იქითკენ ვარ გადართული.

- მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენში მოდის ორი კვირეული ჩატარდა, მგონია, რომ სამოდელო საქმე არც ისე კარგადაა. რას იტყვით ამაზე?

- მართალია, ერთი პერიოდი სამოდელო სფერო საკმაოდ აქტიური იყო. ვფიქრობ, რომ ახლა ცოტათი ისევ გამოცოცხლდა... პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ მოდის კვირეულებისა და ჩვენებების მოწყობა იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში საქმე დაიძრა და წინ მივდივართ...

- რას ნიშნავს თქვენთვის სამოდელო ბიზნესში საქმიანობა?
- ალბათ იმას, რომ ჩვენთვის სასიამოვნო საქმეს ვემსახურებით, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით, ეს ყველაფერი მომგებიანი არ არის.

სოფო:

- მართალია, სამოდელო ბიზნესში ვმუშაობთ, მაგრამ სხვადასხვა პროფესია გვაქვს. მე ექიმი ვარ, სამედიცინო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, ლელას - უცხო ენების ინსტიტუტი. ირინა იურისტია და ახლა პიარის ფაკულტეტზე სწავლობს.

- თქვენს სფეროში სააგენტოებს შორის კონკურენციაზე რას იტყვით?
ირინა:

- როცა საქმე სამოდელო ბიზნესს ეხება, რთულია საქართველოში კონკურენციაზე საუბარი. ამ შემთხვევაში კონკურენცია ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ყველა სააგენტოსთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. თუმცა, ამა თუ იმ სააგენტოში მოდელის გადაბირების ფაქტებიც ყოფილა. ჩვენგანაც გადაუბირებიათ, მაგრამ ასეთი რამ ჩვენ ნამდვილად არ გაგვიკეთებია.

- მაინც, რას მიიჩნევთ ამ სფეროს ძირითად ნაკლად?
ირინა:

- ერთადერთი, რაც არ მომწონს, ეს მოდელების საკუთარი საქმის მიმართ არაპროფესიონალური მიდგომაა. მოდელმა სამოდელო სფეროში საქმიანობა პროფესიად უნდა გაიხადოს. არც საზოგადოების დამოკიდებულება მომწონს. მიაჩნიათ, რომ თუ გოგონა მოდელია, ის უინტელექტო და ჩერჩეტია... ამასთან, არაპროფესიონალმა სამოდელო სააგენტო არ უნდა გახსნას, რადგანაც ეს საქმე შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ჩემი პრეტენზიებიც სწორედ ეს გახლავთ. გამიხარდება, თუ მალე ევროპის დონეს მივაღწევთ და მოდელებს მაღალი ანაზღაურება ექნებათ.

ლელა:

- საერთოდ, მოდის ბიზნესი სარეკლამო ბიზნესთანაა კავშირში. ნორმალური ანაზღაურება მოდელს მაშინ აქვს, როდესაც მას რეკლამაში იღებენ. სარეკლამო ბიზნესში კი მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა. ჰოდა, ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული, რაც პრობლემების მთელ წყებას ქმნის.

- რა არის თქვენი კომპანიის სავიზიტო ბარათი?
ირინა:

- ჩვენს სააგენტოში ბევრ გოგონასთან გვიწევს ურთიერთობა. როდესაც გაკვეთილზე მოდელს მოძრაობებს ვასწავლი, გამოცდილებას ვუზიარებ და ის იმ დროს სადღაც იყურება ან საღეჭ რეზინს იღეჭება, ასე არაფერი გამოვა. საქმეში მთავარი დისციპლინაა. ამას მეც და ჩემი კოლეგებიც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ისიც უკვე ტენდენციასავით დამკვიდრდა, რომ ულამაზესი გოგონები ცოდნის დაგროვებას დიდ დროს უთმობენ.

ლელა:

- ცოდნის დაგროვებაში გოგონებს ჩვენც ვეხმარებით.

- თქვენი სააგენტოსთვის ქუჩიდან თუ აგიყვანიათ გოგონები?
ლელა:

- როგორ არა. შეიძლება ითქვას, რომ მათ ყველგან ვეძებთ. ისე, მშობლებიც აქტიურობენ - შვილები თვითონ მოჰყავთ სააგენტოში.

სოფო:
- გოგონას თუ საინტერესო გარეგნობა აქვს, მაშინვე ვთავაზობთ, რომ ჩვენთან მოვიდეს.

ირინა:
- ხშირია შემთხვევა, რომ მოდელობას დაოჯახებული გოგონები იწყებენ და მათ მეუღლეები გულშემატკივრობენ... ბოლო დროს რაღაც უცხო გარეგნობის გოგონები (წვრილი, გაწელილი თვალებით, საინტერესო ტიპაჟები) მხვდებიან...

ლელა:

- გოგონებს გემოვნებას ვუყალიბებთ, სწორად მეტყველებას ვასწავლით. აერობიკაში, პლასტიკაში, ლათინურამერიკულ ცეკვებში ვარჯიშობენ, ვიზაჟის ხელოვნებას ეუფლებიან. მასტერკლასებს ცნობილი ადამიანები - მსახიობები, მხატვრები, მომღერლები უტარებენ... ვეუბნებით, რომ პოდიუმზე მთელი ცხოვრება ვერ იდგებიან, ერთ მშვენიერ დღეს იქიდან "ჩამოსვლაც" მოუწევთ. ვასწავლით, რომ ცხოვრების გზა ის "პოდიუმია", რომელზეც თავაწეულებმა, ლამაზი ნაბიჯებით უნდა იარონ...

ლალი ფაცია
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)









კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 2103 | დაამატა: allfile | ტეგები: onashvili, სოფო, შარმი, sofo, სამოდელო სააგენტო, ჟურნალი ”გზა”, irina onashvili, რატომ თქვა ირინა ონაშვილმა მოდელობა, ლალი ფაცია, irina | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar