გთავაზობთ
ინტერვიუს მსახიობ მონიკა ბელუჩისთან, რომელიც მან ინტერნეტ გამოცემა
"Жара"-ს მისცა:
- ყველაზე მეტად სად გიყვართ ყოფნა?
ჰოლივუდში?
- არა. მე იტალიელი ვარ და ევროპა ჩემთვის უფრო
ახლოებლია. შესანიშნავად მესმის, რომ თუ კინემატოგრაფში წარმატების მიღწევა
გსურს, კარიერა ყველგან უნდა აკეთო. აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიაში...
ყველგან! ადამიანებმა სხვადასხვა ჟანრში, ფილმებსა და ამპლუაში უნდა
გიხილონ. ამჟამად მე ევროპაში ვცხოვრობ. ხან პარიზში ვარ, ხან - მილანში,
ხან კი - რომში. ძალიან დიდ დროს ვატარებ ინგლისში. ცუდი არაფერი იფიქროთ,
აშშ ძალინ მომწონს, მაგრამ ჩემი გული ლოს-ანჯელესში ნამდვილად არ არის.
-
რატომ ასე?
- იმიტომ, რომ
ჩემი მეგობრები ძალიან შორს არიან ჰოლივუდიდან. მე კი მათთან დროის ტარება
მიყვარს - ვახშმობა, მაღაზიებში სიარული, უბრალოდ ურთიერთობა. გარდა ამისა,
ჩემი მენტალიტეტი უფრო ევროპულია, ჩემთვის ძალიან რთულია ამერიკული
სინამდვილის გათავისება. ასე რომ, ჰოლივუდში მხოლოდ სამუშაოდ ჩავდივარ.
-
როგორ ირჩევთ იმ პროექტებს, რომლებში მონაწილეობასაც თანხმდებით?
-
მხოლოდ ერთი პირობა არსებობს: სცენარი ჩემთვის საინტერესო უნდა იყოს.
გადაჭარბებულ პათოსად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ფულის გულისთვის ვერ
დავთანხმდები ისეთ ფილმში თამაშს, რომელიც ჩემში ემოციებს არ აღძრავს.
სცენარმა განცდისა და ფიქრის საშუალება უნდა მომცეს. აი, მაშინ ყველაფერი
გამოვა.
- მონიკა, თქვენ სექს-სიმბოლო ხართ. ქალები
ცდილობენ დაგემსგავსონ, მამაკაცები კი უბრალოდ გიჟდებიან თქვენზე. საერთოდ
როგორ ცხოვრობთ ასეთი გარეგნობით, ქათინაურების მიმართ როგორი
დამოკიდებულება გაქვთ?
- ქათინაურები ძალიან სასიამოვნოა! მე
ძალიან, ძალიან მიყვარს ქათინაურები. სიამოვნებას მგვრის ის ფაქტი, რომ
მამაკაცებს აღაგზნებთ ჩემი ყურება. და საერთოდ, იყო ლამაზი - ეს ძალიან
კომფორტულია. სხვათა შორის, ძალიან ადვილიც!
- ადვილი?
როგორ ინარჩუნებთ სილამაზეს?
- ჩემს შემთხვევაში ეს გენების
დამსახურებაა. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ ვცდილობ ჯანსაღად
ვიკვებო და კარგად გამოვიძინო. რა თქმა უნდა, ქალს ისე არაფერი ალამაზებს,
როგორც სწორად შერჩეული ტანისამოსი. ზუსტად ვიცი, რასაც არასდროს გავაკეთებ
სილამაზისთვის - ეს პლასტიკური ოპერაციაა. არც სავარჯიშო დარბაზებში ოფლის
ღვრა მიყვარს. მაგრამ ჩემი სხეული ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ჩემთვის და სილამაზისთვის მშობლებს ვუხდი მადლობას.
სილამაზე დიდი
ძალაა. მე ეს მშვენივრად მესმის და არ მცხვენია ამ იარაღის გამოყენება.
საერთოდ კი დაბერების არ უნდა გეშინოდეს. ქალი, რომელსაც საკუთარი ასაკის
გამო რცხვენია, მალე მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, შეუფერებელ ტანსაცმელს
და ასე შემდეგ... ეს ყველაფერი კი უფრო მეტად უსვამს ხაზს მის ასაკს.
-
თქვენ არ გსურთ მარადიული ახალგაზრდობა?
- არ მიყვარს იმაზე
მსჯელობა, რაც არ არსებობს. ყველას სურს მუდმივად ლამაზი და ახალგაზრდა
იყოს, მაგრამ ეს შეუძლებელია. უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და სხეული და
გაუფრთხილდე მას. ასეთ შემთხვევაში, დამიჯერეთ, ახალგაზრდობას ძალიან
დიდხანს შეინარჩუნებთ.
- რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე
მთავარი?
- შვილები და ქმარი. მე ისინი მთელი გულით მიყვარს
და მათზე უფრო ახლობელი არავინ მყავს. (მონიკა უკვე ათი წელია მსახიობ
ვინსენ კასელზეა დაქორწინებული. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ).
-
რითი გხიბლავთ მსახიობობა?
- მსახიობობა ძალიან ღირსეული
პროფესიაა. ეს არის შემოქმედება, მხიარულება და შესაძლებლობა, ნახო მთელი
მსოფლიო. ძალიან მომწონს გადაღება. თანაც ამაში ფულს გიხდიან.
-
თქვენ უკვე ათი წელია დაოჯახებული ხართ.
- და თქვენ გსურთ,
მკითხოთ, ხომ არ მომბეზრდა? ნუ გეცინებათ, მე ამას ხშირად მეკითხებიან. მე
და ვინსენი ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს ერთად. ჩვენ შესანიშნავი შვილები
გვყავს. მაგრამ არ ვიცი, მუდამ ერთად ვიქნებით, თუ არა. მომწონს ოჯახური
ურთიერთობა. თუ კვლავ თავისუფალი აღმოვჩნდები, ეს არ იქნება ტრაგედია.
-
როგორ ცხოვრობს ერთ ჭერქვეშ ორი მსახიობი?
- ერთად არც ისე
დიდ დროს ვატარებთ - ან ჩემი მეუღლეა სადმე გადაღებებზე წასული, ან - მე.
უარს არ ვიტყოდი, რომ ვინსენს ცოტა უფრო ხშირად ვხედავდე. ერთმანეთი
ყოველთვის ძალიან გვენატრება და გვსურს უფრო ხშირად ვიყოთ ერთად. ერთხელ
ლოს-ანჯელესში ხანგრძლივი გადაღებები მქონდა, დაღლილობისა და ახლობელი
ადამიანების მონატრებისგან კედლებზე გავდიოდი. ვინსენმა იგრძნო ჩემი
განწყობა, თავისი სამუშაო გადადო, შვილებს ხელი მოკიდა და რამდენიმე დღით
ჩემთან ჩამოვიდა. აი, ასეთი მეუღლე მყავს.
- ძალიან ბევრი
იტალიელი რელიგიურია. თქვენ?
- არა. მე კათოლიკური ტრადიციების
მიმდევარ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ საერთოდ არ ვარ
რელიგიური.
- მონიკა, როგორ ისვენებთ?
-
ორიგინალობით არ გამოვირჩევი. ვკითხულობ, ვსეირნობ, დროს მეგობრებთან და
ახლობელ ადამიანებთან ვატარებ. მოსაწყენი ვარ, არა? (იცინის)
-
რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
- არაფერს. ბედნიერი ვარ.
მიხარია, რომ სწორედ ამგვარად წარიმართა ჩემი ცხოვრება. ყველა ნანობს
რაღაცას, მაგრამ საერთო ჯამში არაფერს შევცვლიდი. დაე, ყველაფერი ისე იყოს,
როგორც არის.
მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.
მთავარი » 2010 ივლისი 16 » მონიკა ბელუჩი: მსიამოვნებს, რომ მამაკაცებს აღაგზნებთ ჩემი ყურება
3:16 PM მონიკა ბელუჩი: მსიამოვნებს, რომ მამაკაცებს აღაგზნებთ ჩემი ყურება | |
მასალის წყარო: http://www.ambebi.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |