მამა ბესარიონი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი: უწმინდესმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ათონზე სტუმრობისას მე იგი არ მინახავს. მსმენოდა, რომ ქართველებს განსაკუთრებული პატრიარქი ჰყავთ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; ეს საოცარი სულიერების მქონე ბერია, სწორედ ისეთი, როგორებიც ძველ ათონზე მოღვაწეობდნენ; მის შესახებ ბევრი წავიკითხე წიგნში, რომელიც სქემარქიმანდრიტ ვიტალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს... წავიკითხეთ აგრეთვე 2004 წლის სააღდგომო ეპისტოლე და დავინახეთ, რომ ეს მართლაც წმიდა ადამიანია; ასეთ ადამიანებს პატივი უნდა მივაგოთ და თაყვანი ვცეთ, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ისინი გვიჩვენებენ სწორ მართლმადიდებლურ გზას. მამა ამბროსი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი: ვფიქრობ, რომ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II სახით ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მამასთან გვაქვს საქმე; ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ; როდესაც იგი ათონის მთაზე ჩამობრძანდა, თვით უდიდესი მამებიც კი გაოცებულნი იყვნენ მისი სიბრძნითა და სულიერებით. ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს. მე მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება. მამა კალინიკე, ივერონის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მღვდელმონაზონი: საქართველოს ეკლესიას გამორჩეული მწყემსმთავარი ჰყავს და თავმდაბალი და მოღვაწე მღვდელმთავრები. მე საქართველოს პატრიარქი გავიცანი ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი ეპისკოპოსი იყო, კუნძულ როდოსზე, მართლმადიდებელთა სინოდზე. იგი გამორჩეულად თავმდაბალი ადამიანია, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე. მთელი გულით უყვარს თავისი სამწყსო და ეწირება მას. ჩვენი დელეგაციის ყველა წევრმა დაინახა, რომ ქართველ ხალხს გულწრფელად უყვარს თავისი პატრიარქი. სოფელ ლეტოვოს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დიმიტრი კუვერტალოვი (რუსეთი): „უწმიდესი ილია საოცრებაა... მის მხრებზე დგას მთელი საქართველოს ეკლესია... მარტო ის რად ღირს, რომ მან ეს თუნდაც მცირე - 15-20 წუთი ჩვენთვის გამოძებნა, თანაც მაშინ, როდესაც შორ გზაზე მიდიოდა და ძალიან ეჩქარებოდა... ეს ჩვენთვის ღვთის წყალობა იყო, ოღონდ რით დავიმსახურეთ, არ ვიცი... მასში იგრძნობა უნიკალური გონიერება, ისიც, თუ როგორ იცავს და ცვლის ადამიანს მადლი ღვთისა, მასში საერთოდ არ არსებობს ადამიანური სისუსტეები, იმდენად ნათელი და მოქნილი გონება აქვს, ყურადღებიანი მზერა, თითოეულისთვის მოახერხა ყურადღების დათმობა, მოსიყვარულე სიტყვის თქმა... ჯგუფის თითოეულ წევრს მოეფერა უწმიდესი, ეს წარმოუდგენელია... შთაბეჭდილება ენით აუწერელია... ეს განსაკუთრებული უნარი და ნიჭია, რომ ყველასთვის შეძლო ყურადღების მიქცევა... ეს არის ბრძენი და კეთილი მწყემსი... სხვა სიტყვები არა მაქვს, სახარებისეულად კეთილი და ბრძენია... ძალიან სულიერი ადამიანია, წარმოუდგენლად!" ნიკოლოზ კასიანოვი (რუსეთი): „მე თქვენს უწმიდესს ადრეც შევხვედრივარ ზაგორსკში, როდესაც იგი ჯერ კიდევ აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო; ჩვენ ვგალობდით, როდესაც იგი შემოვიდა, ჩუმად, უხმაუროდ მოვიდა გუნდთან, სწორედ ჩემს გვერდით დადგა და რიგითი მგალობელივით იგალობა... თავზარდაცემული ვიყავი... საოცარი მუსიკალურობის გარდა მისგან მაშინვე ისეთი საოცარი სულიერი სითბო მოდიოდა, რომ ტირილი მომინდა... გალობის დასრულების შემდეგ მე მისგან კურთხევა ვითხოვე და მთელი ამ წლების მანძილზე ისეთი შეგძნება მქონდა, რომ მან ჩემი შინაგანი განწყობა იგრძნო... სულ მალე იგი პატრიარქი გახდა..." დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი (პოლონეთი): „უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს პირველად 1995 წელს შევხვდი, როდესაც საქართველოში წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის შესახებ ფილმის გადასაღებად ჩამოვედი; უწმიდესი ილია საოცარი ადამიანია; ხშირად მასთან ურთიერთობისა თუ საუბრისას მიგრძვნია, რომ ეს არ არის უბრალოდ, ადამინი, იგი ზეციური სტუმარია დედამიწაზე... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს, რამეთუ მას გადაშენება არ უწერია..." მღვდელმონაზონი ნიკანორი, ათონის მთის ქილანდარის (სერბული) მონასტრის ანტიპროსოპი: „საქართველოში პირველად ვარ და მან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ უწმიდესი ილიას სახით მე ძველი დროის ბერი ვიხილე... იგი ძალზე უყვართ საქართველოში და განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქართველებმა კიდევ არ იციან, რა არამიწიერი ღვთიური წყალობა მიუმადლებია მათთვის უფალს... ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ რჩეული ერი ხართ..." დეკანოზი ანდრია კოტრუცა: „ადრე მხოლოდ გაგონილი მქონდა, რომ საქართველოს ჰყავს პატრიარქი. ახლა წილად მერგო ბედნიერება, შევხვედროდი უნეტარეს პატრიარქ ილიას. მისგან ისეთი გასაოცარი სითბო ვიგრძენი, რაც აქამდე არასოდეს მინახავს. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე აღარ მიკვირს, რომ ქართველები ასეთი განსაკუთრებული ხალხი ხართ; უწმიდესი ილია თავისი სიყვარულით, რწმენით, ლოცვით ამას აფრქვევს თავის ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩქარობდა, შორ გზაზე მიდიოდა, არ გვაგრძნობინა დროის სიმცირე, შეყოვნდა ჩვენს გამო, ყველას მოგვეფერა, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გვიწილადა; ეს განსაკუთრებული ადამიანია, არავის არ ჰგავს; ვისურვებდი, რომ მისი ხალხი ღრმადმორწმუნე იყოს, რომ ისინი შეგროვდნენ პატრიარქის გარშემო". ქრისტოს კანავასი, ბერძენი ლიტურგისტი: „საქართველოში პირველად ჩამოვედი; ძალზე ბედნიერი და მადლობელ ვარ, რომ მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით შესაძლებლობა მომეცა, საკურთხეველში დავსწრებოდი წირვა-ლოცვას. მინდა გითხრათ, რომ ლიტურგიის ის უძველესი ტრაციდიები, რაც საუკუნეების წინ არსებობდა, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშია შემორჩენილი; ეს მხოლოდ და მხოლოდ უწმიდესი ილიას დამსახურებაა... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი პატრიარქი ჰყავს; თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რომ მის დროს ცხოვრობთ და იცნობთ მას, კურთხევას იღებთ მისგან. ეს უდიდესი მადლია..."
მასალა აღებულია: O r t h o d o x y . G e
|