მთავარი » 2010 » ივლისი » 12 » მსოფლიოს ესპანეთი მეფობს
2:24 PM
მსოფლიოს ესპანეთი მეფობს



11 ივლისი. იოჰანესბურგი. სოკერ სიტი. 84 490 მაყურებელი
ჰოლანდია-ესპანეთი 0:1 დ.დ.
ჰოლანდია (4-2-3-1):
სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი (105. ბრააფჰაიდი) - ვან ბომელი, დე იონგი (99. ვან დერ ვაარტი) - რობენი, სნეიდერი, კუიტი (71. ელია) - ვან პერსი.
ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი - რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო (87. ფაბრეგასი) - პედრო (60. ნავასი), ჩავი, ინიესტა - ვილია (106. ტორესი).
გოლი: 0:1 ინიესტა (117)
გაფრთხილება:
ვან პერსი (15), პუიოლი (16), ვან ბომელი (22), რამოსი (23), დე იონგი (28), ვან ბრონკჰორსტი (54), ჰეიტინგა (57), კაპდევილა (67), რობენი (84), ჰეიტინგა (109), ვან დერ ვილი (111), ინიესტა (116), მატიისენი (117), ჩავი (121)
გაძევება: ჰეიტინგა (109)
მატჩი დაიწყო: ჰოლანდია; დარტყმა: 13-18 (5-6); ჯარიმა: 28-19; კუთხური: 6-8; ბურთის ფლობა: 44%-56%.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

საინტერესო მომენტები

5' - ჩავიმ ჩამოაწოდა საჯარიმო, ყველას სერხიო რამოსმა დაასწრო, თუმცა მისი თავური სტეკელენბურგმა მოიგერია, იქვე მყოფი პიკე კი ვერ გაერკვა სიტუაციაში.
7' - რამოსმა საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ჩააწოდა, ბურთი კუთხურზე ჰეიტინგამ მოიგერია.
12' - დავიდ ვილიამ ახლო მანძილიდან შეუჩერებლივ დაარტყა, ბურთი ოდნავ აცდა კარს.
18' - სნეიდერმა შორიდან დაარტყა საჯარიმო, ბურთი კასილიასმა აიღო.
38' - პედრომ ბრწყინვალე რეიდი მოაწყო და საჯარიმოს მისადგომიდან დაარტყა, მაგრამ ააცილა ბურთი.
45' - ჰოლანდიელთა ხანგრძილივი შეტევა რობენმა დაასრულა, კასილიასმა გუნდი იხსნა, ბურთი კუთხურზე მოიგერია
48' - პუიოლის თავურით დაუგდო კაპდევილას, რომელმაც ვერ მოახერხა დარტყმა.
55' - ჩავიმ შეასრულა საჯარიმო, ბურთი ოდნავ აცდა კარს.
62' - სნეიდერის სუპერპასით რობენი მეკარესთან პირისპირ გავიდა, კასილიასმა ფეხით მოიგერია ბურთი.
69' - ნავასის ჩამოწოდებული ვერ მოიგერია ჰეიტინგამ, ვილიამ ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ ჰეიტინგამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
77' - ჩავის ჩაწოდების შემდეგ რამოსმა თავით გადააცილა ბურთი ჰოლანდიელთა კარს.
82' - რობენმა გაასწრო პუიოლს, მაგრამ კასილიასმა იყოჩაღა.
95' - ინიესტამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ფაბრეგასი, რომელსაც შეეძლო ვილიასთვის პასის მიცემა, მაგრამ გადაწყვიტა დაერტყა, მეკარემ იხსნა ჰოლანდიის ნაკრები.
96' - მატიისენის თავური ოდნავ აცდა კასილიასის კარს.
101' - ნავასის დარტყმული მცველმა მოიგერია კუთხურზე.
104' - ფაბრეგასი ლამის ხუთ მეტოქეს გაცდა, მაგრამ ააცილა ბურთი.
109' - ჰეიტინგა ინიესტაზე დაჯარიმდა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, ჰოლანდიის ნაკრები 10 კაცით დარჩა.
116' - 1:0: ფაბრეგასის ბრწყინვალე პასის შემდეგ ინიესტამ ახლო მანძილიდან გაიტანა.

სახალისო სტატისტიკა
ანდრეს ინიესტა: 1 დარტყმა კარში 1 გოლი; 70 პასიდან 41 ზუსტი; გაირბინა 14 028 მეტრი.
ყველაზე მეტი პასი: ჩავი (99)
ყველაზე მეტი ზუსტი პასი: ჩავი (80)
ყველაზე მეტი ჩაწოდება: ჩავი (10)
ყველაზე მეტი გაირბინა: ჩავი (14 987 მ)
ყველაზე სწრაფი: ნავასი, ბრააფჰაიდი (31,5 კმ/სთ)

30 დღის, 63 მატჩისა და 121 მომქანცველი წუთის შემდეგ ინგლისელმა არბიტრმა ჰოვარდ ვებმა საფინალოდ ჩასტვინა და პლანეტას ამცნო, რომ მას ახალი, მერვე ჩემპიონი ჰყავს - ესპანეთის ნაკრები. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ორი წლის წინანდელ კონტინენტურ ტრიუმფს მსოფლიოს მწვერვალზე ასვლაც დაუმატა, გამარჯვების გოლი კი ჰოლანდიასთან ფინალის 116-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ მოხდენილი დარტყმით გაიტანა - 1:0. ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია...

მაშ ასე, ერთთვიანი, პლანეტის ყველაზე თვალსასეირო მარათონი დასრულდა. გამარჯვება ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა შეძლო, თუმცა "ფურია როხა" მეტოქეებთან ერთად თავის უიღბლო ისტორიასაც ებრძოდა. დელ ბოსკეს ბიჭებმა ეს დიდებულად შეძლეს, მსოფლიოს დამსახურებული ჩემპიონი ჰყავს. საკვალიფიკაციო მატჩების ჩათვლით ესპანეთის ნაკრებმა 17 თამაშიდან 16 მოიგო, მათ შორის ყველაზე მთავარი დამატებით დროში. ქებათა ქება ჰოლანდიის ნაკრებს, ერთადერთ გუნდს, რომელიც "ფურია როხამ" ბურთის კონტროლში აშკარად ვერ დაჩაგრა, სხვა დანარჩენთან პირენეელებს ამ კომპონენტში უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ. ამიტომაც ფინალი 120 წუთს გაგრძელდა და ვისაც არ უნდა გაეტანა დამატებით დროში (ან მოეგო პენალტების სერიაში) იქნებოდა მსოფლიოს დამსახურებული ჩემპიონი.

გერმანიის ნაკრების შემდეგ (1972 და 1974) ესპანეთის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც მოახერხა ჯერ ევროპის ჩემპიონობის მოპოვება და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობა. სხვა თანმიმდევრობით (ჯერ მსოფლიო, მერე ევროპა) ეს საფრანგეთის ნაკრებმა შეძლო (1998 და 2000).

ფინალში მწვრთნელებმა შემადგენლობის მხრივ სიურპრიზი არ შემოგვთავაზეს, ბერტ ვან მარვიიკი დაუბრუნდა თავის ძირითად შემადგენლობას (ვან დერ ვილი და დე იონგი დაბრუნდნენ), ხოლო დელ ბოსკემ წინა მატჩის ექსპერიმენტი გამართლებულად ჩათვალა და სასტარტო შემადგენლობაში ისევ პედროს უხმო. დაიწყო თამაში და ცხადი გახდა, რომ ისევ მსგავსი სიუჟეტი უნდა გვენახა, ანუ ესპანელებს ბურთი ეკონტროლებინათ, მის მეტოქეს კი ხელი შეეშალა. ერთია, ჰოლანდიელებმა უხეშობით გადაწყვიტეს ესპანეთის შუახაზის აქტივობის დაცხრობა, რაც გარკვეულწილად გამოუვიდათ კიდეც. სულ რაღაც ხუთ წუთში პირველივე საგოლე მომენტი შეიქმნა ჰოლანდიელთა კართან, სტეკელენბურგმა სერხიო რამოსის ძალზე სახიფათო თავური მოიგერია. ყველა მომენტის აღწერას არ შევუდგებით (ამის ნახვა ცალკე გრაფაში შეგეძლებათ), თუმცა ფაქტია, ორივე მეკარემ ამ შეხვედრაში გააკეთა ყველაფერი, რათა მის ნაკრებს გაემარჯვა. სტეკელენბურგმა და კასილიასმა ორი-სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნეს ნაკრები.

I ტაიმი ესპანეთის ნაკრებისა იყო, თუ არ ჩავთვლით რობენის დარტყმას, რომელიც "ბაიერნის" ვარსკვლავმა უკვე დამატებულ წუთზე შეასრულა, ჰოლანდიელებს საგოლე მომენტი ტაიმში არ შექმნიათ. სამაგიეროდ გატანა შეეძლოთ სერხიო რამოსს (ორჯერ), დავიდ ვილიას და პედროს.

მეორე ტაიმიც ანალოგიური შემართებით დაიწყო და ახლა გატანა კაპდევილას ჩავის შეეძლოთ. ვფიქრობთ, მეორე ტაიმის სიუჟეტი ერთმა მომენტმა შეცვალა, რომელიც 62-ე წუთზე მოხდა. აქამდე საიმედოდ "ჩაკეტილმა" და თამაშიდან საფუძვლიანად გამოთიშულმა ვესლი სნეიდერმა სუპერპასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა რობენი ("ჩავარდა" პიკე, ხოლო პუიოლი საერთოდ არ იყო თავის პოზიციაზე), ჰოლანდიელთა ლიდერს ხეირიანი დარტყმაღა ევალებოდა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო, იკერ კასილიასმა კი ფეხით მოიგერია ბურთი კუთხურზე. ამის შემდეგ ესპანელებმა იგრძნეს, რომ მხოლოდ შეტევაზე ფიქრი სახიფათო იყო და უფრო ფრთხილად ათამაშდნენ. ამის შემდეგ სულ ცოტა დააკლდა დავიდ ვილიას მუნდიალზე მეექვსე გოლის გატანამდე, მაგრამ "ელ გუახეს" ჰეიტინგამ დაასწრო და თავისივე შეცდომა გამოასწორა. ტაიმის მიწურულს რობენს კიდევ ერთხელ შეეძლო ესპანელთა კარის დალაშქვრა, კვლავ კასილიასმა იყოჩაღა. მოკლედ, ორივე გუნდი რამდენჯერმე გადარჩა და დამატებითი 15-15 წუთიანი ტაიმები დაინიშნა.

პირველი დამატებითი ტაიმი ფანტასტიკური საყურებელი გამოდგა, ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა მომენტები ორივე კართან, თუმცა ესპანელთა უპირატესობა მაინც აშკარა იყო. ფაბრეგასი და ინიესტა უბრალოდ ვალდებულნი იყვნენ გაეტანათ, თუმცა ეს ვერ შეძლეს. კვანძი კი მეორე დამატებით ტაიმში გაიხსნა - ჯერ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ჰეიტინგამ და თავისი გუნდი 10 კაცით დატოვა. ამ დროს ათი კაცით დარჩენა შეიძლება არც ყოფილიყო გადამწყვეტი, რომ არა ერთი დეტალი - ბერტ ვან მარვიიკს ყველა ცვლილება გაკეთებული ჰქონდა და იძულებული გახდა დაცვაში ვან ბომელი დაეხია, რადგან დე იონგი შეცვლილი იყო, "ნარინჯისფერები" ნატურალური ჩამშლელი ნახევარმცველის გარეშე დარჩნენ. არ ვიცით, იყო თუ არა ესპანელთა გოლი ამის შედეგი, მაგრამ ფაქტია, გოლის ეპიზოდში ესპანელებმა ორჯერ შეაბრუნეს მოგერიებული ბურთი საჯარიმოში, სესკ ფაბრეგასს კი ბრწყინვალე საგოლე პასი გამოუვიდა ანდრეს ინიესტას მისამართით. გახარებულმა ინიესტამ მაისური გაიძრო და წარწერა გამოაჩინა: "დანი ხარკე, შენ ყოველთვის ჩვენთან ხარ". "ბარსელონელმა" გოლი შარშან დაღუპულ "ესპანიოლის" კაპიტანს მიუძღვნა.

დასრულდა თამაში და აქვითინებულმა კასილიასმა მსოფლიოს თასი ზეპ ბლატერისგან მიიღო. პირველად ისტორიაში ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია...

საუკეთესო ფეხბურთელი
ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)

ფიფას საიტზე საუკეთესოდ გამარჯვების გოლის ავტორი ანდრეს ინიესტა დაასახელეს, ჩვენც ვეთანხმებით მას. ანდრესმა მართლაც დიდებულად ითამაშა, მან ჰოლანდიის ნაკრების დაცვა დატანჯა, რამდენიმე ბრწყინვალე პასი გააკეთა და ჩემპიონობის მომტანი გოლიც გაიტანა. ისე, სპეციალისტის დონეზე თუ ჩავუღრმავდებით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ყველა დეტალის გათვალისწინებით ინიესტას თანაგუნდელი "ბარსელონაში" ჩავი ერნანდესია. მოკლედ, ამ ორმა კაცმა შეიწირა ჰოლანდიის ნაკრების ოცნება მესამე ჯერზე მაინც მოეპოვებინა მსოფლიოს ჩემპიონობა.

მატჩის შემდეგ
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "ეს იყო ურთულესი მატჩი, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები ფანტასტიკურები არიან. მათ შეძლეს ეს, ესპანეთს პირველად მოუტანეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. მეტოქეს ძალიან კარგი შანსები ჰქონდა, მაგრამ არც ჩვენ დაგვიკლია - 4 ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გვქონდა. თავი და თავი ამ გამარჯვებისა ეს ბიჭები არიან. 50 დღეა ერთად ვართ და ერთი მცირე ინციდენტიც კი არ ყოფილა გუნდში. მე ვამაყობ მათით. ეს ძალიან ბედნიერი დღეა ესპანეთისთვის და ესპანელი ხალხისთვის".








კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1400 | დაამატა: allfile | ტეგები: ანდრეს ინიესტა, ვისენტე დელ ბოსკე, holandia-espaneti, მსოფლიო, ჰოლანდია-ესპანეთი, iniesta | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar