მთავარი » 2010 ივლისი 7 » ვინ არის და რას საქმიანობს მოსკოვში "წმინდა ბესარიონად" წოდებული დიზაინერი
7:13 PM ვინ არის და რას საქმიანობს მოსკოვში "წმინდა ბესარიონად" წოდებული დიზაინერი | |
![]() ბესარიონ რაზმაძე 1978 წლის 31 აგვისტოს დაიბადა თბილისში. სახელი დიდი პოეტის ბესარიონ გაბაშვილის პატივსაცემად დაარქვეს. 6 წლის ასაკში გამოავლინა ხატვის ნიჭი, 10 წლისამ კი ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში ჩააბარა. მისი კარიერის საწყისად შეიძლება მივიჩნიოთ 1997 წელი, როცა თბილისში ავანგარდული მოდის საერთაშორისო კონკურსზე AMA გრან-პრი მიიღო. დამწყები დიზაინერი ცნობილმა ინგლისელმა მხატვარმა და მოქანდაკემ ენდრიუ ლოგანმა შეამჩნია და ლონდონში მიიწვია ერთობლივ გამოფენაზე. სწორედ მაშინ იგრძნო ბესარიონმა, რომ ყველაზე მეტად სწორედ მოდის სამყაროში მოღვაწეობა სურდა, ბლომად იდეები ჰქონდა და მათი რეალიზება სწყუროდა. საკუთარი ტანსაცმლის ხაზის შექმნის იდეაც მაშინ გაუჩნდა. 1997-დან 1999 წლამდე ბესარიონი თავისი კოლექციებით ათზე მეტ ჩვენებაში მონაწილეობდა, რომლებიც ძირითადად თბილისში იმართებოდა. 1999 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო კონკურსში "რუსული სილუეტი", სადაც ასევე პირველი ადგილი დაიკავა და პრიზის სახით მისცეს უფლება, ზაიცევის სახელობის მოდის სახლში ესწავლა - ასე დაიწყო მისი კარიერა მოსკოვში. ![]() 2008 წელს დაარეგისტრირა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი "წმინდა ბესარიონის" სახელით - St. Bessarion. რატომ წმინდა ბესარიონი? დიზაინერს ამაზე ასეთი პასუხი აქვს: - წმინდა ბესარიონი რომ მრქმეოდა, ეს სიზმარში მიკარნახეს. და ჩემი პირველი კოლექციაც არის სიზმარი, რომელშიც ყველაფერი გამოვხატე, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში დამიგროვებია, შემიქმნია, მიფიქრია, შემყვარებია. ბესარიონი ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია. როგორც თვითონ ამბობს, მისი შთაგონების წყარო დაიანა კროლის მუსიკა, ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტი", ვან გოგისა და სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაა. - როცა ახალ კოლექციაზე ვფიქრობ, ვუკრძალავ საკუთარ თავს მოდაზე ნებისმიერი ინფორმაციის მიღებას: არ ვუყურებ მოდაზე არხებს, არ ვფურცლავ ჟურნალებს, ინდივიდუალურობა რომ შეინარჩუნო, მთლიანად ვაკუუმში უნდა ჩაიკეტო, საკუთარ თავთან მარტო დარჩე. ლელა ზურებიანი ჟურნალი "რეიტინგი" (გამოდის ორშაბათობით) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |