მთავარი » 2010 » ივლისი » 7 » ოქროს გული რომ მაქვს, ბევრს იმიტომ ვიწონი
7:07 PM
ოქროს გული რომ მაქვს, ბევრს იმიტომ ვიწონი
Ambebi.Geკობა ბარათელთან დაკავშირებას თუ შეეცდებით, ყურმილის მეორე მხარეს აუცილებლად მოისმენთ: "მობილური ტელეფონი არ არის გამორთული და არ არის გასული მომსახურების ზონიდან, ნუ დარეკავთ მოგვიანებით, დაელოდეთ ან გადმორეკეთ ახლავე", - ერთი კვირა ყოველდღე ვისმენდი ამ ტექსტს და შესაბამისად, დავიზეპირე. ჩვენს შეხვედრას ხან რეპეტიცია უშლიდა ხელს, ხან გაუგებრობა პატრულთან. კობა ბარათელს, იმავე ჩაინიკას, ამჯერად კულინარიაზე ვესაუბრეთ.


- ჩემი გურმანობა კერძებისადმი უსაზღვრო სიყვარულში გამოიხატება. უსაზღვრო კი არა, უსაზღვროზე ცოტა მეტ სიყვარულში. ჩემს მენიუში ოქროს ასოებით წერია კუპატი, ქაბაბი და ხინკალი. ოქროს სამეულია, რა.

- ყოველდღიურად როგორი კერძებით იკვებები, ამ სამეულს ალბათ ყოველდღე ვერ ჭამ...
- არა, ეს სამეული ჩემთვის ყოველდღე ვერ იცლის. საერთოდაც, ისეთი კერძი არ არსებობს, რომელსაც ყოველდღე მივირთმევ. პურსაც კი ვერიდები. ახლა დავიწყე ფაფების ჭამა.

- დიეტაზე ხარ?

- შეძლებისდაგვარად. როცა მცალია, მაშინ ვარ დიეტაზე.

- კუჭმა შეგაწუხა თუ წონამ?
- არც ერთმა და არც მეორემ, გარეგნობამ. წონის რა გითხრა... მე ოქროს გული რომ მაქვს, ბევრს ვიწონი, ეგ არის პრობლემა. მაშინ ვწუხდები, ქამარზე ახალი ნახვრეტის გაკეთება რომ მიწევს. ეს კომპლექსი რომ მომეხსნა, ისეთი ქამრები შევიძინე, ნახვრეტები საერთოდ რომ არ აქვს. ახლა საერთოდ, დიდი რუსი ერი "პაწიაშკებს" რომ ეძახის, იმაზე გადავედი.

- კომფორტულია?

- ხანდახან მიჭერს, ერთი-ორჯერ გაიხსნა და მომხვდა კეფაში.

- ტვინის შერყევა ხომ არ მიიღე?

- ტვინი წინ მაქვს, გადმოვიტანე.

- ფაფებზე გადავედიო, მითხარი, მთელი დღე ფაფებს ჭამ?
- არა, დილით ვჭამ ჰერკულესის ფაფას, თან ცოტა ყველს ჩავაფშვნი ხოლმე შიგ, ელარჯის ასოციაციას მიქმნის. რა ვქნა, ბავშვობაშიც არ მიყვარდა ფაფა, ჩემს ფაფას მამაჩემი ჭამდა ჩუმად, დედაჩემს ეგონა მე ვჭამდი და სამივე კმაყოფილი ვიყავით.

- ნებისყოფა როგორ გაქვს, დიეტის დაცვა რამდენ ხანს შეგიძლია?

- წინა ზაფხულს კარგი ნებისყოფა აღმომაჩნდა. დიეტა კი არ დავიცავი, ალკოჰოლი არ დავლიე. ერთი თვე ქუთაისში, ლხინის, ღმერთის, დიონისეს სამშობლოში გავატარე და უამრავი სუფრა ავიცდინე ისე, რომ არ დამილევია. დიეტის სირთულეს ვხედავ იმაში, რომ ალკოჰოლი მეკრძალება. მკრეხელური შედარებაა, მაგრამ ხომ ამბობენ, რაც უფრო ხშირად დადიხარ ეკლესიაში, მით უფრო ცდილობს სატანა შემოგიჩნდესო. ასეა ჩემი და დიეტის საქმეც, როცა კი ვცდილობ დიეტა დავიცვა, მაშინ დაიწყება წვეულებები, დაბადების დღეები. მე ალკოჰოლი მასუქებს. ალკოჰოლს როცა ვამარცხებ, დიეტაც მარტივი დასაცავია. ჭამის გარეშე შემიძლია გავძლო, თუ არ ვსვამ, ჩემთვის ყველაზე კარგი დიეტაა, როცა პურზე უარს ვამბობ.

- ახლა რამდენი კილოგრამი ხარ?

- არ ვიცი, არ ვიწონები.

- სასწორი ვერ გიძლებს თუ შენი გული ვერ უძლებს რეალობას?
- ათასში ერთხელ ვიწონები. არც მახსოვს, ბოლოს რომ ავიწონე, რამდენი კილო ვიყავი.

- როგორ მზარეული ხარ?
- როცა მშია, კარგი მზარეული ვარ. "საპახმელიო" კერძების გაკეთება მიყვარს. მაგალითად, ძეხვს დავჭრი კუბიკებად და ხახვთან ერთად მოვხრაკავ ზეთში, მერე დავუმატებ ტომატს, მწვანილს, რაც მომხვდება ხელში, შეიძლება ბოლოს მაიონეზიც მოვასხა. გემრიელია.

- ოჯახში ვისთან ერთად ცხოვრობ?
- მეზობლებთან (იცინის), სახლში რომ მივდივარ, მეზობლები მხვდებიან, ერთი სამზარეულოში ტრიალებს, მეორე ლიფტს აკეთებს, მესამე განცხადებას წერს, დროზე მოვიდეს ლიფტიო, არადა 5-სართულიანი კორპუსია და ლიფტი საერთოდ არ გვაქვს.

- საძინებელში თუ გყავს რომელიმე მეზობელი?
- არა, მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებო, გამიგია. მაგაზე ანეკდოტი გამახსენდა. ჭიჭიკიას უთხრეს, მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, შინაურიაო. კი, მაგრამ ცოლზე შინაურიაო, იკითხა ჭიჭიკიამ.

- პატრულში ვარო, მითხარი გუშინ, მშვიდობაა?
- კი, ნასვამი არ ვიყავი და ჯარიმა გამიფორმეს, გაუფუჭდათ ალბათ აპარატი. ექსპერტიზამ სიფხიზლე აჩვენა. პატრულის ბრალი არ ყოფილა, ხელსაწყოს ბრალი იყო.

- ლუდის სეზონია ახლა, სადღეგრძელოები გეცოდინება ახალი.

- ლუდს არ ვსვამ, აგარის შაქარი მაქვს აწეული.

- ნუ დალევ, ისე გვითხარი სადღეგრძელოები.

- შარშან ლუდის დალევის კონკურსში გავიმარჯვე, სწრაფად დალევაშიც გავიმარჯვე და ორიგინალურ სადღეგრძელოშიც. იმ კაცს გაუმარჯოს, გეოგრაფიაში რომ 5-იანი ჰყავს და საქართველოს დედაქალაქი ხარაგაული ჰგონიაო. მე მოვიგონე, სხვის სადღეგრძელოებს მე არ ვსვამ. აი კიდევ, - იმ კაცს გაუმარჯოს, ომში რომ ტყვიებს დაზოგავს, ოჯახში გამომადგებაო.


ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)


წყარო/Source: http://www.ambebi.ge












კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1454 | დაამატა: web-world | ტეგები: ბევრს, მაქვს, გული, რომ, ვიწონი, იმიტომ, ოქროს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar