მთავარი » 2010 » ივლისი » 1 » წიგნებით დაბალანსებული მაკულატურა
1:10 PM
წიგნებით დაბალანსებული მაკულატურა

"წიგნდ(ქ)ართული ყვითელი ჟურნალები მზესუმზირის მარცვალს ჰგავს: გული უნდა დაიტოვო და ქერქი გადააფურთხო” – მეტაფორულად მოაზროვნე ბიბლიოფილი

"ლანძღვა ისაა, როცა იტყვი და არას დაამტკიცებ” – ილია ჭავჭავაძე

 წიგნისა და ჟურნალის შედარებისას ქერქი რომელია, ალბათ, თავადაც მიხვდებით.
 იაფი (თუმცა, არა იაფფასიანი) წიგნი ჟურნალის ”გასაღების გასაღებად” კი ქართულ ბაზარზე პირველად "გზამ” გამოიყენა. ”გზაზე” დართული კრებულის ("ქართული პროზის საგანძური”), ან, უფრო სწორად თუ ვიტყვით, კრებულზე დართული ”გზის” მეთოდი იმდენად ტირაჟ(წარ)მატებული აღმოჩნდა, რომ ვისაც ოდესმე გამომცემლობის არსი გაეგონა, ყველა წიგნის გამოშვებას შეუდგა.  ასე გამოჩნდა მედია–ბაზარზე  ჟურნალები "სარკე”  და"გუმბათი” ("ქართული პოეზიის” ტომეულთან ერთად), "რეიტინგი” ("საზღვარგარეთული დეტექტივები”–ს ხაზით) და "თბილისელები” (ციკლით "მსოფლიო ლიტერატურის კლასიკა”).

რა თქმა უნდა,  ფაქტი, რომ მარკესისა და ორჰან ფამუქის შეძენა სამ ლარადაა შესაძლებელი, ჩვენი მშიერი თაროებისათვის ძალიან კარგია. თუმცა, როდესაც აქცია მასობრივ სახეს იღებს იმის გამო, რომ "წიგნის სახელით” ჟურნალის უხარისხო შინაარსის გადაფარვა ადვილად ხდება, მაშინ "ძალიან კარგი” უკვე ”დანაკარგად" გარდაიქმნება. მართალია, ჩვენი ბიბლიოთეკებისათვის ეს ტენდენცია არაფერს ცვლის, (და პირიქით, მისაღებია კიდეც), მაგრამ მთავარი პრობლემა იმაშია – ქვეყანაში მედიის სიკარგე, ჟურნალისტთა პროფესიონალიზმით რომ უნდა განისაზღვროს და არა მავანთა თაროების სისავსით.

გათვალისწინებით იმისა, რომ ქრისტეს აღდგომის დამამტკიცებელ საბუთს თვით თომაც კი (რომელსაც ქრისტეს სასწაულები თავისი თვალით ჰქონდა ნანახი) მოითხოვდა, ვეცდები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, ქართული ჟურნალისტიკის რამდენიმე ძირითადი პრობლემა ჩამოვაყალიბო. მათი გადაჭრა კი მინიმუმ ბასრი კალმის საშუალებით მაინცაა შესაძლებელი.  ზოგადად, ძალიან ცუდია, რომ ყვითელი პრესის "გაშავება” კიდევ ერთხელ მიწევს, მაგრამ ამ უკანასკნელი ფერის ამორჩევაც, ერთმა მარტივმა და თავხედურმა ჭეშმარიტებამ გადამაწყვეტინა: ”ჩვენი ყვითელი პრესა, სხვა ქაღალდების მსგავსად, არასოდეს წითლდება"  

 

პრობლემა # 1: უთაური სათაურები

სათაური, ლიდი, გარეკანი, ილუსტრაციების ტიტრები, გამოცემის უკეთ გაყიდვის მიზნით დართული პოსტერები და სხვა საპრეზენტაციო მასალა პუბლიკაციის შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს – "მედია ეთიკის კოდექსი”

სათაურების მოფიქრება ქართველი ჟურნალისტების "გორგასლის იღლიაა” (აქილევსი დავასვენოთ დღეს). თუმცა, თუ ზმნა "მოფიქრებას” ერთი შეხედვით მსგავსი ქმედება "მოგონება”–თი ჩავანაცვლებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

„ვის მიუძღვნა ნიკო გომელაურმა უკანასკნელი ლექსი?" - ამ სათაურის მქონე სტატია „გზის" ერთ-ერთი ნომრის გარეკანზეა გამოტანილი.  ჟურნალის საფუძვლიანი (და საფურცვლიანი) გადათვალიერებისას კი აღმოვაჩენთ, რომ მასში არათუ მსგავსი შინაარსის, არამედ მსგავსი სათაურის მქონე სტატიაც კი არაა დაბეჭდილი. ერთადერთი რამ რასთანაც ხსენებული სათაურის იდენტიფიცირება შეიძლება მოვახდინოთ, ნიკო გომელაურის სურათია, რომლის ქვეშაც „თინეიჯერთა" თხოვნით, პოეტის რამდენიმე ლექსია დაბეჭდილი. არადა, გაყიდო ჟურნალი, ან, უკეთ რომ ვთქვათ გარდაცვლილის ხსოვნისადმი არსებული პატივისცემით ივაჭრო, ეთიკური საქციელი ნამდვილად არ არის.

მადლობა ღმერთს, ისეთი სტატიებიც გვხვდება, სადაც სათაურში დასმული შეკითხვის პასუხის პოვნასაც კი ვახერხებთ.  თუმცა, ამ შემთხვევაში ეს სათაურები ისეა შედგენილი, რომ "სპილოდ ტრანსფორმირებული ბუზის” გამოთქმასა და "თითიდან უკუმიმართულებით ჩატარებული  გამოწოვითი პროცესების” იდიომს ერთდროულად გაგვახსენებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება ხოლმე, როდესაც ჟურნალისტი სკანდალის შექმნის მიზნით თავისივე ფანტაზიით რაიმე ჭორს იგონებს და სრული იგნორირებით იმისა, უდასტურებს თუ არა რესპონდენტი მას ამ "სისულელეს”, მის შესახებ სტატიის დასაწყისში მაინც მსხვილი შრიფტითა და კითხვისნიშნური დაბოლოებით გამოაქვს:

„არის თუ არა ნატალის ხელმძღვანელი ნაწყენი თაკო ჩხეიძეზე" (ქვესათაურით: „ინტრიგები მოდის სფეროში") – ვიღაცეებისათვის ნამდვილად მიმზიდველი სათაურია. ინტერვიუში კი მოულოდნელად ჟურნალისტის შემდეგ „შეკითხვას" "ვაღჩენთ” ("აღმოჩენის” ფორმაა ერთგვარი): „რამდენადაც ვიცი, სააგენტო ნატალის ხელმძღვანელი ყოფილა შენზე პირადად ნაწყენი…" რაზედაც თაკო პასუხობს: „არა, რას ამბობთ?! ნატას მიმართ კარგი განწყობა მაქვს, მასთან ავიდგი ფეხი".

 „ვახო სანაია ცოლს შეურიგდა და „პირველ არხზე" გადავიდა" – სიტყვა „შეურიგდა" ქართულ ენაში, ჯერჯერობით იმას გულისხმობს, რომ მანამდე ვახო ცოლთან გაშორებული, ან, მინიმუმ ნაჩხუბარი მაინც უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ჟურნალისტი ასე არ ფიქრობს. „მე ბევრი რამ წავიკითხე ჩემს ოჯახზე და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ტყუილია" – აღნიშნავს ტელეწამყვანი. „ანუ, ის რომ ვახომ მეუღლეს უღალატა და ამის გამო ოჯახი დაენგრა, ტყუილია?" – ხავსს ეჭიდება სასოწარკვეთილი ჟურნალისტი. „აბსოლუტურად" – პასუხობს ვახო და… ეს სულაც არ უშლის კორესპონდენტს ხელს იმაში, რომ სიტყვა „შეურიგდა"  სათაურში მაინც გამოიტანოს.

პრობლემა # 2: მობურატინო სურათები

"ილუსტრაცია არ უნდა გამოიყენებოდეს არასწორი მნიშვნელობით და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი შესაბამისი მხარეებისათვის… ჟურნალისტმა არ უნდა გამოაქვეყნოს არასწორი ხელმოწერები ფოტოსურათებზე…” – წყარო იგივე

მკითხველების მისაზიდად გარეკანზე გამოტანილ სურათებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, რაც უფრო სკანდალური იქნება ყდა, მით უფრო გა()ი()ვ()დი იქნება ჟურნალი. თუმცა, ფოტოსურათისა და მასზე არსებული მინაწერის საშუალებით მკითხველის მოტყუება უფრო მეტად სიტყვა "სინდისზე” „უ" პრეფიქსისა და „ობა" სუფიქსის დართვის მანიშნებელია, ვიდრე ჟურნალისტის გამჭრიახობისა.  

„გაბედნიერებული და დაწყვილებული ხატია სიჭინავა სხვების პრობლემებზე გადაერთო" – როდესაც ასეთი სათაურის მქონე სტატიის ფოტოზე ხატია სიჭინავას ჯაბა ქარსელაძესთან ერთად ხედავ, ვანგასა და ნოსტრადამუსის საერთო ნათესავი უნდა იყო იმის მისახვედრად, რომ ისინი უბრალოდ გადაცემის ერთად წაყვანას აპირებენ. როგორც წესი, ადამიანთა უმეტესობა ამ ორი კომპონენტის (სურათის და სათაურის) სინთეზს სულ მცირე  მათი (სურათის და სათაურის არა) სიყვარულის ახალ ისტორიად აღიქვამს.

„რატომ გადაუმალეს საქართველოს პრეზიდენტს ქეთი ფარცვანია?" (ქვესათაური – „ჩემზე მეტად მიშა სააკაშვილი არავის უყვარს") – ამ სურათით, გარეკანზე გამოსახული, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ კდემამოსილი მანდილოსნის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხოლო მაშინ კი, როდესაც ილუსტრაციას თან ასეთი ტექსტიც ახლავს, მკითხველი სავარაუდოდ, წარმოიდგენს იმას, თუ როგორ შეუვარდა აღგზნებული და გავეშებული მიხეილ სააკაშვილი ქეთი ფარცვანიას და როგორ ბეწვზე (ან, წკიპზე) მოახერხეს ვიღაცეებმა, რომ ეს თვინიერი გოგო პრეზიდენტისათვის ხელიდან გამოეგლიჯათ. ამ ტიპის ილუსტრაცია ამ ტიპისავე სათაურთან ერთად ცუდ კონტექსტს ქმნის და რესპონდენტისათვის ეს წესით შეურაცხმყოფელი უნდა იყოს.   

პრობლემა # 3: ინფორმაციული ნაგავი

საინტერესო თემების არარსებობა და ყურადღების სისულელეებზე გამახვილება ქართული ყვითელი პრესის კიდევ ერთი ჰობია. ასე მაგალითად, ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ უნდა აინტერესებდეს ვინმეს, თუ რას მიირთმევს საუზმობისას მიშა არჯევანიძე და რატომ ვერ გაუგო გემო ნატა ნიჟარაძემ უზრუნველ ცხოვრებას. მით უფრო მაშინ, როდესაც ხსენებული "ვინმეს” ”კონკრეტულ განსხეულებათა” უმეტესობას შეიძლება მიშა არჯევანიძის მხოლოდ კვების რაციონი კი არა, თვით მისი ვინაობაც არ აინტერესებდეს.

  • „რას შესწირა ვაჟა მანიამ ბავშვობის წლები" – რა ღირებულება აქვს სტატიას, რომლის მთავარ თემადაც ჟურნალისტი ამაზე მეტს ვერაფერს იპოვის?
  • ეკა მამალაძეს აეროპორტები უყვარს – SO WHAT?
  • როდის უყურებს მარი ასათიანს მომავალი მეუღლე პირდაღებული? – შესაშური ფანტა–ზეა;
  • ჯაბა ქარსელაძე ინგლისელმა გოგონამ პირდაღებული დატოვა – პირღიათა თემა პრესაში აქტუალურია, როგორც ჩანს;
  • ნატო ნიჟარაძემ თავი ადამიანად იგრძნო – და აქამდე რა იყო –  რეპტილია?
  • ნიკა ქაცარიძეს ექვსი საათი ძილი ჰყოფნის – მეც მყოფნის, მაგრამ რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ამის გაგება?
  • კახა ჯოხაძე საკუთარ თავს ხისთავიანად მიიჩნევს, ოღონდ ცოტათი… – ძალიან რაღაცნაირი სათაურია, ოღონდ მართლა.
  • ვის არ აპარსვინებს ფეხებს ბიჭოლა – მამაკაცის ფეხების პარსვამდე რომ დავა სტატიის მთავარი თემა, იმ ჟურნალს დიდი დღე აღარ უნდა ეწეროს ნორმალურ ქვეყანაში…
  • ვის ლობიოზე გაიზარდა ერნა წიფურია? – ეს და მაიას ქურუმების კომპეტენციაღა აინტერესებს კაცობრიობას არსებობის მშვიდად გასაგრძელებლად;

პრობლემა # 4: განათლების არასაკმარისი დონე – ჟურნალისტიკა მხოლოდ ჰალსტუხიანი ადამიანისათვის მიკროფონის მიშვერა და "თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?”–ს შეკითხვა არ არის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც  Google-ს რესურსი ჩვენგან ყოველთვის მაუსის კურსორის ერთ დაწკაპუნებაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალში მსგავსი შეკითხვაც კი შეიძლება მოხვდეს:

 მერაბ კოკოჩაშვილს: "როგორც ცნობილია, ამ ფილმის შემდეგ დოდო ჭიჭინაძეს და ლია კაპანაძეს ერთმანეთი შეუყვარდათ…” – აი, ამიტომ არის ცუდი, რომ ერთ ქვეყანაში ორი დოდო მსახიობობს და ორივე სხვადასხვა სქესისაა.

…ან, ჟურნალისტმა "იმედის” იმ რეპორტიორის ბედი გაიზიაროს, რომელიც ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენის გასაშუქებლად გაგზავნეს და ავტორთან ინტერვიუს ჩასაწერად იქ შეკრებილ საზოგადოებაში მისი მობილურის ნომრის ძებნა დაიწყო.  

პრობლემა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია. თუმცა, ყველა მათგანის ჩამოთვლას ეს უკვე ისედაც მოზრდილი პოსტი აღარ ეყოფა. გამოსავალი კი ამ სიტუაციიდან მხოლოდ წიგნი რომ არ არის  ღამესავით ნათელია (პეტერბურგის ღამეებს ვგულისხმობ). ყველაფრიდან გამომდინარე, მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ ორი გზა არსებობს: ან, ძალიან უნდა ვეცადოთ და არსებული სიტუაცია როგორმე უკეთესობისაკენ შევცვალოთ, ან, ქვეყანაში ხავსის დიდი ოდენობის იმპორტირებას შევუდგეთ,  რათა წყალმა საბოლოოდ არ წაგვლეკოს…


, , , , , , , , , , , , , , , ,


მასალის წყარო: http://www.doin.ge







კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 1799 | დაამატა: allfile | ტეგები: არაპროფესიონალიზმი, ილუსტრაციები, ნიკო გომელაური, გუმბათი, გზა, რეიტინგი, ვახო სანაია, მედია–ეთიკა, მედია, თბილისელები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar