მთავარი » 2010 » ივნისი » 10 » ინგა გრიგოლია: "არ გამოვრიცხავ ვადამდელ არჩევნებს ექვს თვეში, ან ერთ წელში"
10:35 PM
ინგა გრიგოლია: "არ გამოვრიცხავ ვადამდელ არჩევნებს ექვს თვეში, ან ერთ წელში"



"არ გამოვრიცხავ უცბად თვითონ ხელისუფლებამ შექმნას მიზეზი, რომ ხალხი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდეს და დაინიშნოს კიდეც. არის შანსი, რომ ეს მოხდეს ძალიან მალე და ჩვენ გვაქვს ვადამდელი არჩევნების მოლოდინი და ამისათვის ვემზადებით," - აცხადებს "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ინგა გრიგოლია, რომელიც პარტიის ოფისში აქტიურად აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს.

- ძალიან გულწრფელად რომ ვთქვა, თბილისში ველოდით უკეთეს შედეგს, საქართველოს მასშტაბით კარგი შედეგები იყო, თუმცა, მერე როდესაც კადრები ვნახე, სახეზე მეწერა ჩემი დამოკიდებულება იმ დადებული პროცენტების მიმართ, რაც "ნაცმოძრაობამ" მიიღო, არაფრით არ ველოდი ამხელა პროცენტებს. როდესაც საკრებულოში უმრავლესობით მოსვლაზე ვსაუბრობდით, ყოველთვის განვმარტავდით, რომ იგულისხმებოდა ოპოზიიცის ერთიანი შემადგენლობა და არამც და არამც ის, რომ მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით უმრავლესობით. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ ორი წლის პარტიისათვის, თანაც ვისაც არ ეზარებოდა კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდა, დაწყებული ხელისუფლებიდან, დამთავრებული ოპოზიციით, მაინც კარგი შედეგი ვაჩვენეთ.

- რამ გამოიწვია "ნაცმოძრაობის" ასეთი რეიტინგი და ის ფაქტი, რომ ამომრჩევლის თითქმის ნახევარი არ მოვიდა არჩევნებზე?

- ეს შედეგი სწორედ იმან მოიტანა, რომ ნახევარი არ მოვიდა და "ნაცმოძრაობამ" თბილისში მხოლოდ 250 ათასი ხმა მიიღო. როდესაც სააკაშვილი ამბობს, რომ მითი თბილისის ოპოზიციურობაზე დამარცხდა, ასე არ არის. ასეთი შედეგი გამოიწვია სახელისუფლებო რესურსის გამოყენებამ და ეს ეუთოს დასკვნაში ხაზგასმითაა ნათქვამი. მოდი ვთქვათ, რომ "ნაცნოძრაობა" სახელმწიფოსთანაა გატოლებული და ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული ვალდებულია, რომ "ნაცმოძრაობას" მიცეს ხმა, კარგი დედის შვილია და ვინმე იტყვის რომ სააკაშვილს ან მის გუნდს არ აძლევს ხმას, ის მეორე დღესვე დატოვებს სამსახურს.

მინდა გავიხსენო ნანა ლეჟავას გადაცემა, სადაც ვნახეთ თუ როგორ აქეიფებდნენ ხელისუფლების პირველი პირები იმ კორპუსების ხელმძღვანელებს, რომლებიც სიებით ხელში ვიხილეთ არჩევნების დღეს, მიდიოდა გამალებული მუშაობა, გამოყენებული იყო სახელისუფლებო რესურსი და "ნაცმოძრაობამ" მოახერხა ამ შედეგის დადება. როგორც საბჭოთა კავშირში იყო პარტსტრუქტურები, მათაც ანალოგიური რამ შექმნეს და შედეგსაც მიაღწიეს.

- იქნებ ოპოზიციამ ვერ მიიტანა სათქმელი ამომრჩევლამდე, ამაზე არ გიფიქრიათ?
- წინაპირობა ოპოზიციისთვის იყო ძალიან მძიმე. "ქრისტიან-დემოკრატებიდან" რომ დავიწყოთ, ჩვენ ვიყავით ყველაზე წამგებიან სიტუაციაში, გვქონდა ძალიან მაგარი პროგრამა და ამის განხორციელებისათვის ვიბრძოლებთ. ჩვენ ვიყავით დარტყმის ქვეშ, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან. სააკაშვილს ავადმყოფურად ეშინია ხმების დაკარგვის და ხელისუფლება რომ არავინ წაართვას.

ამის ყველაზე რეალური ალტერნატივა იყო ჩვენი პროგრამა, რომელიც ამბობდა, რომ ხელისუფლება გატყუებს და გახდევინებს ხუთჯერ უფრო ძვირს. მთელი სახელისუფლებო მანქანა მუშაობდა, რომ ეს პროგრამა არარეალისტურად გამოეცხადებინათ, რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, იყო სერიოზული შიში კონკურენციისა და არცერთი პარტიის პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ იყო საინტერესო, კონკრეტულად დაპირებებს არ იძლეოდა. ზოგჯერ ოპოზიციიდან წამოსული თავდასხმები ბევრად აჭარბებდა ხელისუფლებიდან წამოსულ თავდასხმებს.

ლამის არაფერი უკეთებია ოპოზიციას, გარდა იმისა, რომ გამოდიოდნენ და ყოველ ღამე აგინებდნენ ჭანტურიას. ჩვენ ამით ვხსნით იმ მაჩვენებელს, რომლითაც მესამე ადგილზე აღმოვჩნდით. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, იქ ისეთი ღია დაპირისპირება იყო, რომ ხელისუფლება პედესტალზე აღმოჩნდა, ოპოზიცია ჭამდა ერთმანეთს და ეს აისახა კიდეც შედეგებზე.

ასევე, არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთი, აქციები რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა, ეს იყო უზარმაზარი მუხტი, რომელიც საბოლოოდ დავიდა ლამის სამას კაცამდე. ჩვენ ვნახეთ გაოგნებული პოლიტიკური ლიდერებიც და ეს უნდა გავითვალისწინოთ.

- იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც ოპოზიციას აქვს, რა შანსებია მოახდინოთ ცვლილებები, არსებობს კი რესურსი ცვლილებებისთვის?
- ოპოზიციამ ვერ მოახერხა დადებული პირობა შეესრულებინა და გაეშვა მიშა, მაგრამ ამ არჩევნებმა ერთი რამ მოახერხა, მაშინ როდესაც პარლამენტის მანდატები გადახიეს, დღეს ეს აღარ განმეორდა. ახლა იმედი მაქვს სერიოზული პოლიტიკური პროცესები აგორდება საკრებულოდან. ოპოზიციის მიმართ, მართალია, გულგატეხილობაა, არის ნიჰილიზმიც და ეს მოიტანა იმ საპროტესტო აქციების მოლოდინმა, რაც იყო.

ახლა ოპოზიციას სჭირდება ახალი სისხლი, ახალი გეგმა და სახეები, ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ოპოზიცია მხოლოდ ქუჩაში კი არ დგას, შეუძლია აიძულოს ხელისუფლება კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე მიიყვანოს. როდესაც იწყებ ბრძოლას დაბალი ტარიფების მოთხოვნით, ხელისუფლებას აიძულებ წამოიყვანო შედეგზე. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციის მიერ აღებულ პროცენტებს აქვს შედეგი. აღმოჩნდა, რომ ქუჩიდან ვერაფერი იცვლება, იმაზე მაგარი მუხტი, რაც ვნახეთ წინა წლებში, თუნდაც ინაუგურაციის დროს, იგივე 26 მაისს, მეტი რა უნდა ყოფილიყო? ბუნებრივია ახლა ხალხში უნდობლობა რომაა.

გუშინ ჩამოვედი იმერეთიდან და ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებოდი, ხალხს ვერ წარმოიდგენთ როგორ უჭირს. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ისინი ელოდნენ, რომ მიშა წავიდოდა, მაგრამ როდესაც ასე არ მოხდა ისინი დაიშალნენ და სახლებში წავიდნენ. თუმცა, შანსი არის, ეს შეიცვალოს.

- რას აპირებთ საკრებულოში შესვლის შემდეგ?
- საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს პრივილეგირებული მდგომარეობა. ფრაქცია გვყავს პარლამენტში და ჩვენსა და ხელისუფლებას შორის ძალიან სერიოზული ბრძოლა დაიწყება - გვაქვს გადაწყვეტილი იმ დანაპირების შესრულება, რომელიც ხალხს მივეცით. იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობაში არ ვართ, ვიბრძოლებთ ტარიფებზე, საპენსიო ასაკის გაახალგაზრდავებაზე, მუნიციპალურ საავადმყოფოებზე დევნილებისთვის, საერთოდ მე მაქვს ეჭვი, რომ ტოტალურად აპირებენ გამოასახლონ ის დევნილები, რომელთაც სახლები არ დაუკანონეს. თუ საჭირო გახდება, ხელისუფლებას მოუწევს ხალხის ხმის გაგონება და არ გამოვრიცხავთ აქციებს. ოღონდ ზუსტად უნდა იცოდე რისთვის იწყებ და რა უნდა იყოს შედეგი.

- ვისთან აპირებთ საკრებულოში თანამაშრომლობას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი არჩევანი არ არის?...
- გვექნება ჩვენი ფრაქცია და ხელოვნურად არავისთან გავერთიანდებით, ვითანამშრომლებთ ყველასთან ვინც ოპოზიციაშია. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მე დაბალი ტარიფების საკითხს დავაყენებ და ამას თუნდაც კობა დავითაშვილმა არ დაუჭიროს მხარი, როგორ შეიძლება მათგან წამოვიდეს რამე მნიშვნელოვანი ინიციატივა და ჩვენ უარი ვთქვათ. თუმცა ხელოვნურ გაერთიანებებს არ ვგეგმავთ.

- ამ გადმოსახედიდან რამდენად სწორად თვლი გადაწყვეტილებას, რომ საკრებულოში იყარე კენჭი და არა პარლამენტში?
- ეს ბრძოლა იყო მოსაგები, საზეიმოდ საქმე არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს, მაგრამ საქართველოს მასშტაბით თუ გადავხედავთ შედეგებს, ესაა გარანტია რომ უფრო დიდ არჩევნებში უფრო დიდი შანსი გვაქვს.

- ოპოზიციის ერთი ნაწილი კიდევ აპირებს შემოდგომიდან აქციებს, იქნება შედეგი?
- ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვნახეთ ამ ქვეყანაში, მაგრამ ძნელია იმის პროგნოზირება, რომ ახლადაწყებული აქცია რაიმე კონკრეტული შედეგით დასრულდეს. ჩვენ მივყვებით ჩვენს გზას და თუ საჭიროდ ჩავთვლით, არ გამოვრიცხავთ აქციებს.

- ანუ, შესაძლოა დედაქალაქის მერსაც მოუწყოთ აქციები?
- არ არის გამორიცხული, თუკი საჭირო იქნება, ხელისუფლება დაყრუვდება და გადაწყვეტილების გასატანად ძალა არ გვეყოფა ფრაქციით, მათ სერიოზული აქციები ემუქრებათ. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ პროცესები, რომლითაც გვეგონა ეს ხელისუფლება დამთავრდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა, ახლა ხელისუფლება ტყუილად იქნება წყნარად, იგივე რეგიონებში ძალიან სერიოზული საპროტესტო განწყობაა. ისე, მე მინახავს მიშას წინააღმდეგ დაწყებული აქცია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნებულა...

- ვადამდელი არჩევნების შანსი არსებობს?
- მგონია, რომ არსებობს, ხელისუფლება იმდენ სისულელეს აკეთებდა ამ წლების მანძილზე, რომ მე არ გამოვრიცხავ უცბად თვითონ ხელისუფლებამ შექმნას მიზეზი, რომ ხალხი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდეს და დაინიშნოს კიდეც. ჩვენ ვართ მომხრე ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით, მაგრამ როდის იქნება ეს, არ ვიცით. არის შანსი, რომ ეს იყოს ძალიან მალე და ჩვენ გვაქვს ვადამდელი არჩევნების მოლოდინი, ამის მიზეზი ხელისუფლება იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაინიშნოს ექვს თვეში, ან ერთ წელში. ჩვენ ამისათვის ვემზადებით.

- დედაქალაქის მერი ალბათ ესტუმრება საკრებულოს და რა კითხვები გაქვთ მასთან?
- მერთან გვექნება ძალიან ბევრი კითხვა - დაწყებული თბილისის ბიუჯეტით, გაგრძელებული ძალიან ბევრი სოციალური საკითხით. გიგი, შენ თუ მართლა გინდა თანამშრომლობა ოპოზიციასთან, როდესაც ამას ამბობდი, მაშინ დავსხდეთ და დავიწყოთ ტარიფების გაიაფებაზე ზრუნვა და თუ ეს ასე მოხდება, მე ღიად გამოვალ და ამას ვიტყვი. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე პარტია შევიდა საკრებულოში და თუკი გადავხედავთ იმ თერთმეტ ოპოზიციონერს, რომელიც საკრებულოშია, ბევრად აღემატება "ნაცმოძრაობის" იმ გუნდს, რომელიც ჩვენ გვერდით საკრებულოში იქნება.


გიორგი ფუტკარაძე
გაზეთი ”რეზონანსი”

წყარო / Source: http://www.ambebi.ge




კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1601 | დაამატა: allfile | ტეგები: რომ ეს მო, არ გამოვრიცხავ უცბად თვითონ ხელისუფ, რომ ხალხი ვადამდელი არჩევნების მოთხ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar