ამერიკელმა რეპერმა ემინემმა მეშვიდე სტუდიური ალბომის რელიზის შესახებ გააკეთა განცხადება.
როგორც შემსრულებელი საკუთარ ვებ-გვერდზე იუწყება, ფირფიტა „Recovery" ლეიბლში „Aftermath/Interscope" 22 ივნისს გამოვა. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს: DJ Khalil, Just Blaze, Jim Jonsin და Boi-1da.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ალბომი რეპერის ბოლო ფირფიტის „Relapse" ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო და ახალი ნამუშევრისთვის მას სახელწოდებაც კი შერჩეული ჰქონდა - „Relapse 2". თუმცა, ახალი სტუდიური ალბომი მისი წინამორბედისგან აბსოლიტურად განსხვავებული გამოვიდა.
ფირფიტა „Relapse", რომელსაც სალიდერო პოზიციები ეკავა ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმებში, 2009 წელს რეპ-ალბომებს შორის ყველაზე გაყიდვად ალბომად იქნა აღიარებული. ფირფიტამ აგრეთვე მოიპოვა „გრემის" ჯილდო; საერთო ჯამში, კი ემინემი 11 ოქროს გრამაფონის მფლობელია. გასულ წელს ჟურნალმა „Billboard", რეპერი ათწლეულის მთავარ არტისტად აღიარა.