მთავარი » 2010 » აპრილი » 20 » ოცნების ქალაქის პროფილური რეალობა
2:29 PM
ოცნების ქალაქის პროფილური რეალობა


      (შენიშვნა:
პოსტი არ არის სარეკლამო და ჩემი იმედგაცრუებული საფულის ინტერესების
გარდა, სხვას არაფერს ემსახურება)


      ”ოსკარის” მიღება ჩვენ
კიდევ დიდხანს არ გვემუქრება…


      არადა, ისეთი "პრომოუშენი”
გაუკეთეს  პროდუქტს და ისეთი "პრომო” "უშინეს”
საზოგადოებას, რომ ქართულ ფილმთან მიმართებაში "ფენიქსი” და  ”რენესანსი”
ერთდროულად გამახსენდა. 


     ამ დროს,  "ოცნების ქალაქი”
იმ ტიპის "ჰოლივუდური” საქვითინო ჟანრის ფილმი აღმოჩნდა, რომლის სანახავად
არც მთლად მხოლოდ "რუსთაველის” გემრიელი ბატი-ბუტის ხათრით წახვალ და არც
იმდენად დაგაინტერესებს, ჭამა სულ რომ გადაგავიწყოს.


     მოკლედ, ეს არის მელოდრამა, რომელიც
ადამიანმა ერთხელ, ისიც შეყვარებულთან ერთად და ისიც რომანტიკულ ხასიათზე
უნდა ნახოს…



   შენიშვნა # 1: "ფილმია
თუ რეკლამა?!” -
გინახავთ ფილმი, სადაც მთავარი გმირი "სნიკერსს”
კბეჩს, მერე ყბების ქნევითა და ტუჩების ლოკვით ეკრანს აჩერდება და "იცით,
მე სნიკერსს ვჭამ
"-ს ამბობს? ან, გინახავთ ფილმი, რომლის
მსვლელობისას მუდამ ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ მსახიობი წუთი
წუთზე კამერისაკენ მობრუნდება, სანდომიანი ღიმილით რომელიმე პროდუქტს
შემოგთავაზებთ და "მაღალი ხარისხი დაბალ ფასად, შეიძინეთ
ჩვენთან”,”ჩვენი მისამართია…”
ან, რამე ასეთს იტყვის?

    ეს ისე,  უტრირებული სახით… თუმცა, ფაქტია, რომ "ოცნების
ქალაქის”
ყურებისას, ძალიან ძნელია გაერკვე სად მთავრდება რეკლამა
და იწყება სიუჟეტი;


    მაგალითი ფილმიდან:



  •    კადრში ჩანს კედელი, სადაც ყველა
    შესაძლო ადგილზე "ნატალი”-ა მიწერილი. თუმცა,  როგორც
    ჩანს რეჟისორი ჩვენს მხედველობას არ ენდობა და ორივე ყურისადმი გამოხატული
    პატივისცემის გამო, ეპიზოდს: "აუ, რა მაგარია არა ეს ნატალი?!” -
    თი იწყებს.



  •     ფილმში რამდენიმეწუთიანი ეპიზოდია
    მათთვის, ვისაც "ფლაერების”/ბუკლეტების/მოსაწვევების დაბეჭდვა,
    ან, გავრცელება სურს და როგორ მოიქცეს, არ იცის.

       მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ
    გადამწყვეტი არც "print.ge”-ში დავბეჭდე"-ს აღნიშვნაა და
    არც შემდეგი დიალოგის გამართვა:

    ჯეკო: "ამათ სამ დღეში გაავრცელებ!”

    ოფიციანტი: "კი, მაგრამ როგორ გავავრცელო?

    დუტას გმირი: "ჰო, ჰო, როგორ გაავრცელოს”

    ჯეკო: "მიდი ჯეოპლიუსში და ადნაკლასნიკებზე
    აგიტვირთავენ”  




  •     "ლოტო”-სა და "პრაიმ-ტაიმის”
    რეკლამას ფილმში მხოლოდ სლოგანები აკლია. ყურადღებას თუ არ მივაქცევთ
    იმას, რომ "ლოტოს” გათამაშება სამშაბათსა და პარასკევს ტარდება და
    შესაბამისად, მისი შედეგები მეორე დილის, ორშაბათობით
    გამომავალ ”პრაიმ-ტაიმში” ვერანაირად ვერ იქნება, თვითონ რეკლამაა მაინც
    ძალიან ხელოვნურია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გამყიდველისათვის ლოტოს ბილეთის
    თხოვნა და ციფრების კარნახი აშკარად რეკლამისკენ მიანიშნებს და მეორეც, 
    როდესაც ხედავ თუ როგორ დევს "პრაიმ-ტაიმი” მაგიდაზე მთელი 
    სამწუთიანი ეპიზოდის განმავლობაში, აღარ არის საჭირო, რომ მეოთხე წუთს ეს
    გაზეთი ხელში თითქმის უშინაარსოდ აიღო და მაყურებელს თვალებში შეაჩეჩო.


  •     ღვინის რეკლამა საერთოდ ყველა
    ფანტაზიის ზღვარს სცდება:  

    ოფიციანტი: რას დალევთ?

    ნანკას გმირი: ღვინოს

    აჩიკოს გმირი: წითელი თუ თეთრი?

    ოფიციანტი: ქარვისფერიც გვაქვს…

    აჩიკოს გმირი: ქარვისფერი?

    ოფიციანტი: ჰო "თელიანი ველის” ღვინო…



  •    აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყოველ
    მეორე სცენაში აუცილებლად რაღაცის რეკლამა უნდა იყოს. თან კადრი ამ
    "რაღაცაზე” ისეა მიბჯენილი, რომ ცალკე თვალები გვეჭედება კადრით და ყურები
    გამოგვიჭედოს ფრაზებით: "რა მაგარია ლუტეცია”, "ვაუ, პრადა, ყოჩაღ
    ნინი”, "სტუდია პიქსელის დახმარებით რემონტდება”
    და სხვა.


            შენიშვნა # 2: ფილმია
თუ პროფილ(მ)ი?!



    საქართველოში უკვე ”ასათიანი-მა(ნ)ია”-ა  მოდებული
და თუ ასე გაგრძელდა, საზოგადოებას  ფსიქიკური პროფილ-აქტიკაც
კი შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, არსებობს მოწინააღმდეგე ბანაკიც, სადაც
მაია ასათიანი მისი ხელოვნურობის გამო აღიზიანებთ და   ახლა წარმოიდგინეთ
როგორი იქნება მაია ასათიანი, რომელიც ფილმში თამაშობს წამყვანს იმ
გადაცემისა, რომელშიც ის რეალობაში ისედაც თამაშობს… ან, ნუ წარმოიდგენთ,
ცოდოა ფანტაზია. 

   ასევე, მესიჯი ფილმში, რომ მეძავებიდან დაწყებული, ტაქსის მძღოლით
გაგრძელებული და საზოგადოების ყველა ფენით დამთავრებული, "პროფილს” ყველა
უყურებს (რამდენადაც ეს მათი აცრემლებული თვალებიდანაა შესაძლებელი) უკვე
ცოტათი მოსაბეზრებელია, უფრო მეტი თუ არა.  მით უმეტეს მაშინ, როდესაც "კაი,
ჩემო ბატონო”-
ს ტიპის ფრაზები არც ფილმში დადგმულ გადაცემას
აკლია.


         შენიშვნა #3: მაყურებელი
ვარ თუ ინტრიგანი?! (ფილმისმიერი შეცდომები)


  • ვიტრინებსა თუ სახლებში მდგარ
    ტელევიზორებში, "პროფილისა” და "კურიერის” კორესპონდენტის პირდაპირი
    ჩართვის შემთხვევაში, კუთხეში "რუსთავი 2″-ის ლოგო არ არის;
  • "პროფილი” გადის პირდაპირ ეთერში;
  • ნანკას გმირი, რომელსაც საკუთარი მანქანა
    ჰყავს, მას მხოლოდ ერთხელ იყენებს და ძირითადად ტაქსით, ან,
    მამის ავტომობილით მოძრაობს;
  • მგზავრების” თხუთმეტივე წევრი ერთ პატარა
    ბინაში ცხოვრობს;


  • "ნაით-ოფისის” სამზარეულოში ვიღაც
    მზარეულის ტიპაჟის ადამიანი, რატომღაც ცომს ზელს და აბრტყელებს…
    (დისკოთეკაზე, კოქტეილს თუ ხაჭაპური არ დააყოლე, რაა გართობა?!”) ;
  • "პსპ”-ს აფთიაქარი საოცარი სუპერძალით
    გამოირჩევა, იმიტომ რომ ერთ წამში  სამი ნივთის სამ პარკში მოთავსება
    უპრობლემოდ შეუძლია;
  • ერთ ეპიზოდში, ნანკას პერსონაჟს ჩაის
    რაღაც გამურული და ჟანგიანი ჭიქით ასმევენ, რათა, სავარაუდოდ, ხაზი გაესვას
    იმას, რომ მან - ლონდონში მყოფმა გოგომ, ჩვეულებრივ ხალხს თავი გაუყადრა.
    თუმცა, როდესაც მის გვერდით აჩიკოს პერსონაჟი  სასმელს ერთჯერადი,
    სუფთა ჭიქით სვამს, ჩნდება მარტივი შეკითხვა: რა დააშავა ნანკამ?
  • მდიდარი მამის შვილი თითქმის მთელი
    ფილმის მანძილზე, ერთი და იგივე წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადის;
  • ფილმის აშკარა საახალწლო განწყობა
    გაგანია გაზაფხულს არ უხდება;
  • ერთ-ერთ ეპიზოდში ნანკას ანერვიულებული
    პერსონაჟი, ტაქსს აჩერებს და სახლის ნაცვლად, რატომღაც პარლამენტის წინ
    მიდის…

      ჰო კიდევ… ცუდია,
რომ  სექსის სცენები საბნის ქვეშ აღარ მიმდინარეობს და კარგია, რომ სექსის
სცენები საბნის ქვეშ აღარ მიმდინარეობს.


      რა მომეწონა:



  • მუსიკალური გაფორმება
    მგზავრების ნაცნობი სიმღერები + ახალი საუნდტრეკი, რომელსაც უდავოდ
    "ასაკვიატებელ” მელოდიათა ჟანრს მივაკუთვნებ;


  • შიგადაშიგა კარგი იუმორი 


  • მსახიობთა ნაწილის სამსახიობო
    ოსტატობა


  • დანარჩენი იხილეთ სხვა ბლოგებზე :)


    მოკლედ, "ოცნების ქალაქი” 
– ბილეთებზე რიგების არარსებობის მიუხედავად –  რიგ შემთხვევებში ურიგო
ფილმი ნამდვილად არ არის და გათვალისწინებით იმისა, რომ ამ ტიპის ბანალური 
რომანტიკული ფილმები ჩემს შეძვრას ვერ ახერხებს ხოლმე, შეგიძლიათ კინოში
მაინც შეიაროთ… ბატი-ბუტი ხომ ასეთი გემრიელია!









კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1793 | დაამატა: allfile | ტეგები: ნატალი, აჩიკო სოლოღაშვილი, ოცნების ქალაქი, დუტა სხირტლაძე, პროფილი, რუსთაველი, ნანკა კალატოზიშვილი, ლოტო, მაია ასათიანი, მგზავრები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar