მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » საქართველოში ათონიდან კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდა
3:29 PM
საქართველოში ათონიდან კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდა

1 ნოემბერს საქართველოში ათონის წმინდა მთიდან კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდა. ხატი კარიესის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის სენაკის მოღვაწეებმა - მღვდელმონაზონმა ეფრემმა და ბერმა ტიმოთემ ჩამოაბრძანეს.

კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი „ოდიგიტრიად" წოდებული ხატის ასლია. „ოდიგიტრია" ქართულად გზამკვლევს ნიშნავს და ეს ხატი ადამიანებს ცხოვრებაში სწორი გზის არჩევაში ეხმარება. კოლხეთის ღვთისმშობელი ფაქტობრივად ახალი ხატია, რადგან „ოდიგიტრიის" ასლს დართული აქვს 16 მცირე ზომის ხატი, რომელზეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უმნიშვნელოვანესი წმინდანებია გამოსახული.

თბილისის აეროპორტში დედა ღვთისმშობლის ხატს საქართვვლოს ეკლესიის მღვდელმთავრები, სამღვდელოება და მორწმუნე საზოგადოება შეეგება. აეროპორტში შეკრებილი მრევლისთვის ხატთან პარაკლისი აღავლინა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი). შემდეგ ხატი საგანგებო სადგარზე დააბრძანეს და სტიქაროსნების თანხლებით ღია ავტომობილით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც ხატს ტაძრის კარიბჭესთან მიეახლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მღვდელმთავრები, სამღვდელოება და მრავალრიცხოვანი მრევლი.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ერისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ფოთში გამგზავრებამდე ხატი სამების საპატრიარქო ტაძარში 2-3 კვირა დარჩება, რათა მორწმუნეებს საშუალება მიეცეს, თაყვანი სცენ ამ სიწმინდეს. ფოთის მოსახლეობა მოუთმვნლად ელოდება ხატის ჩაბრძანებას.

კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სენაკში დაიწერა. ეს სენაკი კარიესში მდებარეობს და იქ ევსთიგმენის მონასტრის ამბოხებულ საძმოს გამიჯნული ბერები მოღვაწვობენ. ისინი თავს ევსთიგმენელებად მოიაზრებენ, მაგრამ მონასტერში არსებული არაჯანსაღი ვითარების გამო იქ ცხოვრებაზე უარს ამბობენ. როგორც ცნობილია, უკვე 4 წელია, ათონის მთის ევსთიგმენის მონასტრის საძმო არ ემორჩილება კონსტანტინეპოლის პატრიარქის გადაწყვეტილებას, დატოვონ მონასტრის ტერიტორია. ათონის წმინდა მთის რესპუბლიკა ნახევრად ავტონომიურია და მისი იურისდიქცია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვემდებარება.

კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის შესახებ ვრცლად ისაუბრა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა:

„მთავარი მასპინძელი ამ სიწმინდისა არის სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესია და მისი კვთილმორწმუნე მრველი. ხატის შექმნის იდეა ჩვენი ეპარქიიდან წამოვიდა და იგი ეფუძნება სრულიად საქართვვლოს კათოლიკოს პატრიაქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევას იმის შესახებ, რომ ყველა ეპარქიას უნდა გააჩნდეს მთავარი ხატი, მთავარი სიწმინდე და თუ ასეთი არ არის, უნდა შეიქმნას. ჩვენი გადაწყვეტილება უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს გავაცანით და ლოცვა-კურთხევა ვითხოვეთ, ათონზე გავმგზავრებულიყავით და ბერებისათვის ხატის დაწერა გვეთხოვა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დაგვლოცა და ჩვენც ათონზე ამ საგანგებო მისიით გავემგზავრეთ. ათონი - მადლის წყაროა და ათონელი ბერების მიერ დაწერილი ხატი განსაკუთრებული მადლის მატარებელია.

ეს ხატი ჩვენი ეპარქიის მთავარი სიწმინდე გახდება. იგი დაბრძანდება მთავარ საკათედრო ტაძარში, რომელიც არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დედა ღვთისმშობლის ხატი შეგვეკვეთა.

ათონზე გამგზავრების წინ უწმინდესისგან რჩევა ვითხოვეთ, ღვთისმშობლის რომელი ხატი დაწერილიყო. პატრიარქმა ასე დაგვმოძღვრა: ჩადით ათონზე, გაესაუბრეთ ბერებს და რასაც ისინი გირჩევენ, ღვთის ნებად მიიჩნიეთო. პატრიარქმა გადაწყვეტილება უფალს მიანდო.

ათონზე სასულიეროთა და საეროთა მცირე ჯგუფი გავემგზავრეთ. წმინდა მთაზე გვიმასპინძლა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის სენაკმა. ბერებს ჩვენი მისია გავაცანით. მათ გვითხრეს, რომ ხატმწერები ათონზე მრავალ მონასტერში არიან და მათ შორის მათ მონასტერშიც და შემოგვთავაზეს, დაგვეთვალიერებინა მათი ხატმწერების ნამუშევრები და თუ მოვიწონებდით, ხატს ისინი დაგვიწერდნენ. ჩვენ მოვილოცეთ მათი დაწერილი ხატები და გამოვთქვით სურვილი, ხატი იქ დაწერილიყო. ჩვენს მასპინძლებს გავაცანით კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომ თავად ბერებს აერჩიათ, რომელი ხატი უნდა დაწერილიყო საქართველოსთვის. ამ საუბარში მონაწილეობდა მონასტრის წინამძღვარი და რამდენიმე არქიმანდრიტი. ბერებმა გვირჩიეს „ოდიგიტრიის" ხატის ასლი დაწერილიყო. ჩვენ მათი რჩევა მივიღეთ, როგორც ღვთის ლოცვა-კურთხევა და დავთანხმდით; ამასთან, ვთხოვეთ, რომ ხატი ყოფილიყო არა მარტოოდენ ზუსტი ასლი, არამედ მის გარშემო დაწერილიყო მცირე ხატები, რომლებიც საქართველოს ეკლესიის ეტაპობრივი ისტორიის ეპიზოდებს ასახავდა. ჩვენ ვისურვეთ, რომ ხატის არშიის ზედა ზოლზე, ცენტრალურ ნაწილში გამოსახულიყო კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შესრულებული ყოვლადწმიდა სამების ხატის ასლი. ხატის არშიის ზედა ზოლზე გამოისახა ასევე ის ორი მთავარი წმინდანი, რომელთაც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1977 წელს, აღსაყდრებისთანავე საქართველოს ეკლესია და ერი შეავედრა - წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი და წმინდა ძლევაშემოსილი გიორგი. ზედა კუთხეებში განთავსდა წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს ხატები, რომელთაც საქართველოში ქრისტეს რწმენა იქადაგეს. მათ გასწვრივ განთავსდა პირველი ქრისტიანი მეფის, წმინდა მოციქულთასწორი მირიანისა და ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხატები. შემდეგ გამოსახულია წმინდა მეფე, რომელმაც საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა - კეთილმორწმუნე მეფე ვახტანგ გორგასალი, და მის გასწვრივ პირველი კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიისა - პეტრე, რომელიც გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მოწაფე იყო. ხატის გვერდებზე შუა ნაწილებში გამოსახულია აწყურისა და პალიასტომის ღვთისმშობლის მცირე ხატები. მოგეხსენებათ, აწყურის ღვთისმშობელი ხელთუქმნელი ხატია, რომლითაც შემოვიდა წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული საქართველოში. პალიასტომის ღვთისმშობელი უძველესი კოლხეთის ქალაქში, ფაზისის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ისტორია გვამცნობს, რომ, დაახლოებით, VIII-IX საუკუნეებში ეს ტაძარი ჩაიძირა და ახლა იქ პალიასტომის ტბა მდებარეობს. ვიდრე ტაძარი ჩაიძირებოდა, მის წინამძღვარს დედა ღვთისმშობელი მრავალგზის გამოეცხადა და ხატის გელათში გადაბრძანება უბრძანა. ამჟამად ხატი ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში იმყოფება. კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის არშიაზე ასევე გამოსახულია ჩვენი სათაყვანო მეფეები - წმინდა დავით აღმაშენებელი და კეთილმორწმუნე მეფე თამარი, საპირისპირო მხარეს გამოსახულია დიდი მეფის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი და პირველი კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი, რომლის დროსაც აშენდა სვეტიცხოველი. ხატის არშიის ქვედა ზოლზე ცენტრში გამოსახულია ივერიის ღვთისმშობელის ხატი და მთელ ზოლზე - ათონელი მოღვაწეები: იოანე, ექვთიმე, გიორგი მთაწმინდელები და გაბრიელ ქართველი ბერი, რომელმაც ზღვიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა.

ვინაიდან ფაქტობრივად ახალი კომპოზიცია შეიქმნა, ამიტომ ათონელმა ბერებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ხატს ოდიგიტრია კი არა, არამედ ახალი სახელი ეწოდოს და შემოგვთავაზეს სახელწოდება „კოლხეთის ღვთისმშობელი", ვინაიდან ხატი უძველეს ფაზისში, ისტორიული კოლხეთის მიწაზე უნდა დამკვიდრდეს. ჩვენ სიხარულით დავთანხმდით და ესეც ღვთის ლოცვა-კურთხევად მივიჩნიეთ. ათონის მთაზე კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის დაწერა ორი წლის წინ შევუკვეთეთ. მას შემდეგ კიდევ 2-ჯერ ვიყავით ჩასულები ათონზე და ვინახულეთ, როგორ მიდიოდა ხატზე მუშაობა.

ათონიდან ხატის საქართველოში ჩამობრძანება გემით გვქონდა განზრახული. გემი ფოთის აკვატორიაში უნდა შემოსულიყო; მას პორტში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ჩვენს მღვდელმთავრებთან ერთად დახვდებოდა და ხატს საზეიმო მსვლელობით ფოთის საკათედრო ტაძარში გადავაბრძანებდით. ეს 3 ივლისს უნდა მომხდარიყო, მაგრამ უფალმა სხვაგვარად განაგო. ხატი საქართველოში სწორედ ამ მძიმე დღეებში, ძალიან დიდი ვნებათაღელვის პირობებში ჩამობრძანდა, როდესაც ასე დაიძაბა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში. ბუნებრივია, ასეთ პირობებში უწმინდესი და უნეტარესი ილია II ვერ დატოვებდა დედაქალაქს და ვერ გამოემგზავრებოდა ფოთში, რადგან კათოლიკოს-პატრიარქი იქ უნდა იყოს, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ერს. ამიტომ ხატის ჩამობრძანების მარშრუტი შეიცვალა და გადაწყდა, ხატი 1 ნოემბერს საქართველოში თვითმფრინავით ათენი-თბილისის რეისით ჩამოებრძანებინათ. დღეს, როდესაც ასე დაიძაბა ვითარება ჩვენს ქვეყანაში და უწმინდესი მოგვიწოდებს გავაძლიეროთ ლოცვა, ამ ხატის ჩამობრძანებას განსაკუთებულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება."

ჩვენ გავესაუბრეთ ათონელ ბერებს, რომელთაც კოლხეთის ღვთისმშობელი საქართველოში ჩამოაბრძანეს.

მღვდელ-მონაზონი ეფრემი: „ეს ხატი ათონის წმიდა მთაზე, კარიესის ერთ-ერთ სენაკში დამზადდა. იგი დაიწერა სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხატის „ოდიგიტრიის" მიხედვით. თუმცა, ეს მისი ზუსტი ასლი არ არის. ეს არის თვისობრივად ახალი ხატი, რომელსაც დამატებული აქვს კომპოზიციები წმინდანების გამოსახულებით. ეს არის ორიგინალური ხატი, რომლის ასლიც არ არსებობს. ეს ხატი ახალია და საგანგებოდ საქართველოსთვის შექმნილი.

დღეს ეს ხატი საქართველოში ჩამობრძანდა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში დღეს ძალიან დაძაბული ვითარებაა და ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს ხატი ყოფილიყოს მფარველი, მლოცველი და შემწე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისა."

ბერი ტიმოთე: „დედა ღვთისმშობლის სურვილი იყო, რომ ასეთი ხატი დაგვეწერა და საქართველოში ჩამოგვებრძანგბინა. ეს ღვთის განგებით მოხდა. შეეწიოს მისი მადლი თქვენს ქვეყანას."

მეტად სიმბოლურია, რომ დედა ღვთისმშობლის ხატი საქართველოში ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მძიმე დღეებში ჩამობრძანდა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ ტოვებს თავის წილხვედრ ქვეყანას და თავის კალთას აფარებს მრავალტანჯულ ქართველ ერს.









კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 2159 | დაამატა: allfile | ტეგები: კოლხეთი, ოდიგიტრი, ბერი ტიმოთე, ჩამობრძანდა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ, ათონი, მღვდელ-მონაზონი ეფრემი, ღვთისმშობლის ხატი | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar