მთავარი » 2010 » იანვარი » 20 » ვირუსული ვიდეო: Geo Style!
2:23 PM
ვირუსული ვიდეო: Geo Style!


ინტერნეტი ძალიან ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია. ზოგ შემთხვევაში, ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტური, ვიდრე თვით მედია-მეფე ტელევიზია. :) მსოფლიო აბლაბუდას ეს თვისება დიდი ხანია, რაც განვითარებულ ქვეყნებში შეამჩნიეს და მშვენივრადაც იყენებენ მას; საქართველოში კი, ინტერნეტის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება სტანდარტული საიტითა და მოსაწყენი საბანერო რეკლამით შემოიფარგლება ხოლმე (და ისიც, მხოლოდ რამოდენიმე კომპანიისთვის).

არადა, ქსელი შესაძლებლობების უსასრულო ზღვაა :) დაწყებული კლასიკური საბანერო რეკლამებით და დამთავრებული შესანიშნავი გარემოთი ვირუსული მარკეტინგისთვის. მთავარი კი ის არის, რომ ამ სივრცის ათვისება ძალიან, ძალიან იაფი ჯდება. სწორი გათვლების და ცოტა კრეატივის ჩართვის შემთხვევაში კი, შესაძლოა საერთოდ დანახარჯების გარეშეც კი „მიწვდეს" ჭკვიანი ადამიანი ათიათასობით მომხმარებელს.

რატომღაც მეც მქონდა იმის ილუზია, რომ ქართული ინტერნეტი ფართომასშტაბიანი ონლაინ-კამპანიებისთვის ზედმეტად პატარა და განუვითარებელი იყო. მეგონა, რომ ძალიან ცოტა ქართველი მომხმარებლის შესაძლებლობები სცილდებოდა „ადნაკლასნიკებში" ფოტოს შეფასებას ან ვარეზნიკებიდან ფილმების ქაჩვას. მაგრამ ბოლო პერიოდში დავრწმუნდი, რომ საბედნიეროდ მწარედ ვცდებოდი :)) ჩვენი მომხმარებლები ბევრად უფრო „სოციალურები" ყოფილან, ვიდრე მეგონა. და ბევრად უფრო გამოცდილები კონტენტ-შერინგის საყოველთაო მანიაში.

დავიწყოთ თავიდან. რა არის ვირუსული ვიდეო?
ასე უწოდებენ მოკლე ვიდეოს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში რომელიმე ვიდეო-შერინგ საიტზეა განთავსებული და რომელსაც ელვის სისწრაფით ეწვევა ხოლმე არანორმალური პოპულარობა. ხალხი ერთმანეთს უგზავნის ბმულებს ამ ვიდეოზე, აფორვარდებენ წერილებს ყველა ნაცნობის ელფოსტაზე, უზიარებენ მეგობრებს ფეისბუკში, ტვიტერზე, მესინჯერებში, ხსნიან თემებს და წერენ პოსტებს ფორუმებში და საკუთარ ბლოგებზე… მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ვიდეო ვირუსივით მოედება ხოლმე მთელ ინტერნეტს და რამოდენიმე დღეში იგი მინიმუმ რამოდენიმე მილიონ ადამიანს აქვს უკვე ნანახი.

მთავარი კი ის არის, რომ მთელი ეს პროცესი უმრავლეს შემთხვევებში ბუნებრივად, ყოველგვარი ზედმეტი ბიძგის გარეშე იწყება. ვირუსული შეიძლება გახდეს თითქოს-და არაფრით გამორჩეული ვიდეოც კი. ზუსტი რეცეპტი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შექმნა ასეთი ვიდეო, ბუნებაში არ არსებობს :) თუმცა, ძირითადად ვირუსული ხდება ხოლმე: რომელიმე ტელეშოუს კომედიური სკეტჩი, სატელევიზიო კურიოზი, საკონცერტო ნომერი, სკანდალური კლიპი და ა.შ. მაგრამ ამათთან ერთად, არანაკლები პოპულარობა შეიძლება მოიპოვოს ჩვეულებრივი „მოკვდავის" მიერ გადაღებულმა სრულმა სისულელემაც, საკუთარი ვებკამერით ან მობილური ტელეფონით :)) მაგალითად, ვიდეომ იმის შესახებ, თუ როგორ სასაცილოდ იქნევს ვარსკვლავური ომების სინათლის ხმალს მსუქანი ბავშვი ან როგორ ეცემა აივნიდან გადმომხტარი კატა ქუჩაში გამვლელს თავზე :))

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბოლო პერიოდში ორი ნამდვილი ქართული ვირუსული ვიდეოც დაიბადა :) როდესაც ერთ დღესაც ეს ვიდეოები მინიმუმ ათმა სხვადასხვა ნაცნობ-მეგობარბა მომილინკა, ზოგმა მესინჯერში, ზოგმა დაფორვარდებული წერილით და ზოგმაც - ფეისბუკში, როდესაც ყოველ მეორე დღეს თბილისის ფორუმის მომხმარებლები ხსნიდნენ ახალ-ახალ თემებს მათ შესახებ და როდესაც ავტობუსის გაჩერებაზე ორჯერ ვნახე თინეიჯერები, ერთმანეთს მობილურში როგორ აწერინებდნენ ამ ვიდეოებს, მივხვდი, რომ ჩვენც გვეწვია ეს ინტერნეტ-ფენომენი :))

ქრონოლოგიურად, პირველი მათგანი იყო „გატრაკება წავიდა, აეეე!" :)) გაურკვეველი სოფლის გაურკვეველი ქეიფის ეპიზოდი :))

მეორე და ყველაზე წარმატებული კი, ლეგენდარული თემურ ჯახაია კოხორიდან :)) ალბათ ნამდვილად არ დარჩა ქართული ინტერნეტის მომხმარებელი, ვისაც მინიმუმ ორჯერ მაინც არ აქვს ნანახი ეს ვიდეო. პატრულის გადამღები ჯგუფის გადაღებული მასალა მომენტალურად მოედო მთელ ჯინეტს, ფორუმებს, სოციალურ ქსელებს, ოფის-ფორვარდებს და სულ მალე ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე გახდა ჩვენ ქვეყანაში :D

ამ მოვლენას ბუნებრივად მოყვა მავანთა განცხადებები იმის შესახებ, რომ „ჩვენთან ისევ დამნაშავეები არიან პოპულარულები" და ა.შ. თუმცა, არამგონია ბატონი თემური ხალხს იმის გამო აეტაცა, რომ საფულე მოიპარა. იმას არ ვუარყოფ, რომ ჩვენთან კრიმინალები ბევრს დღემდე ბასა ფოცხიშვილისეულ ნოსტალგიურ რომანტიზმს გვრის, მაგრამ „კოხორა" ნამდვილად სხვა შემთხვევაა :) უბრალოდ, მართლა ძალიან სასაცილო, სფეციფიური მეტყველების და (რაც მთავარია) ძალიან გულწრფელი პერსონაჟი იყო :)

კოხორა დღეს ბევრ ქართველ სელებრითიზე უფრო ცნობადი სახეა :D მან რეალურად შეძლო და გახდა ცნობილი, თუნდაც უორჰოლისეული 15 წუთით. თუმცა, დიდი შანსია, ეს 15 წუთი ცოტათი უფრო გაიწელოს - ახლადგამოჩეკილ ვარსკვლავს „ვანოს შოუს" გუნდი დააცხრა და სავარაუდოდ, მანამ არ დაანებებენ თავს, სანამ ბოლო წვეთამდე არ გამოწურავენ პოპულარობას :)) „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს"-ის წარმატების შემდეგ, ეს გუნდიც გეგმავს კომედიის გადაღებას და მასში მთავარი როლი უკვე შეუთავაზებიათ ინვერ მანიას ნათესავისთვის. პიქსარის მორიგი შედევრის, UP-ის ქართულ ვერსიაში კი, როგორც გავიგე, Dug-ს (ძაღლს) ასევე კოხორა გაახმოვანებსო :(( ესეც წყარო - კურიერ პოსტსკრიპტუმის სიუჟეტი.

მოკლედ, თემურს ყველაფერი წინ აქვს. ქართული ინტერნეტი კი ახალი ვირუსის მოლოდინშია. :) ამ შესაძლებლობის საკუთარი სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენებას კი ჯერჯერობით არცერთი კომპანია არ გეგმავს. საოცრად მოსაწყენ ქვეყანაში ვცხოვრობთ :( სარეკლამო კომპანიებო, იდეების მშენებელ-გამყიდველებო, მარკეტინგის და პიარის მენეჯერებო, აამოძრავეთ ტვინი, გაცდით ბილბორდის ჩარჩოდან გადმოსული ბოთლის ან ხელების დონის კრეატივს და შემოგვთავაზეთ რამე სახალისო :) როგორც ხედავთ, ხალხი მზადაა ამისთვის. იმედია, ეკონომიკური კრიზისი და შემცირებული ბიუჯეტები მაინც გაიძულებთ რამე განსხვავებულის, უფრო ეკონომიურის და ბევრად უფრო ეფექტურის გაკეთებას :) ესეც ბმული ინსპირაციისთვის - ვირუსული მარკეტინგის მხეცები და ნადირები: www.theviralfactory.com
ოღონდ, მხოლოდ ინსპირაცია! სარკეს და კანის ლომების ამბავი არ დაგემართოთ :))










კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1629 | დაამატა: allfile | ტეგები: ვანოს შოუ, ვირუსული ვიდეო, თემურ კოხორა ჯახაია, ვირუსული მარკეტინგი, მარკეტინგი, ჯინეტი, WOM, პიარი, ინტერნეტი, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar