მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 14 » პიკასო ბათუმში სამ ლარად
9:20 PM
პიკასო ბათუმში სამ ლარად
 

 
2009 წელი პიკასოს წლადაა მიჩნეული, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში გენიალური ესპანელი მხატვრის გამოფენები მოეწყობა.
`პიკასოს~ წელიწადი საქართველოში მხატვრის ბოლო პერიოდის ნამუშევრების გამოფენით აღინიშნა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მხატვრის ნამუშევრებმა საქართველოში სამი თვე `იმოგზაურა~: თბილისი, სიღნაღი და ბოლოს ბათუმი, სადაც გამოფენა ხელოვნების მუზეუმში ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება და მისი ნახვა სამ ლარადაა შესაძლებელი.
 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საფრანგეთის იონის დეპარტამენტის ქალაქ ვეზელეს ზერვოსის მუზეუმის კოლექციაში დაცული პიკასოს ნამუშევრები. მუზეუმი ცნობილი ფრანგი მწერლის, რომენ როლანის, სახლშია განთავსებული, სადაც, პიკასოს ნახატების გარდა ალექსანდრ კოლდერის, ალბერტო ჯაკომეტის, მაქს ერნსტის, ხუან მიროს, ვასილი კანდინსკისა და სხვა ცნობილ მხატვართა ნამუშევრებია დაცული. მუზეუმის დამაარსებელია ფრანგი გამომცემელი და ხელოვნებათმცოდნე _ ქრისტიან ზერვოსი, რომელმაც გარდაცვალების შემდეგ პირადი კოლექცია ქალაქ ვეზელს უანდერძა. საქართველოში პიკასოს 34 ლინოგრავიურაა ექსპონირებული, მათი უმეტესობა 1962 წელსაა შესრულებული. ასევე გამოიფინება გასული საუკუნის 30-იან წლებში შესრულებული სამი ოფორტი და სამი გრაფიკა. ნამუშევრების საერთო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

`არ მიყვარს, როცა ექსპერიმენტატორს მიწოდებენ. მე არასდროს არ ვეძებ, მე მხოლოდ ვპოულობ~ _ ამბობდა პაბლო პიკასო, რომლის შემოქმედებამ მე-20 საუკუნის ხელოვნებაზე უდიდესი გავლენა იქონია. პიკასოს მეგობარი, პოეტი რაფაელ ალბერტი წერდა: `პიკასო მოვიდა ამ ქვეყნად, რათა კარგად შეეჯაჯღარებინა იგი, წინაუკმო ამოებრუნებინა და სულ სხვა თვალებით აღეჭურვა~.
 

აჭარის ხელოვნების მუზეუმში ძირითადად გრავიურები იქნება გამოფენილი. ხელოვნებათმცოდნე, რატი ჩიბურდანიძე ამბობს, რომ ეს `გვიანდელი~ პიკასოა: `1950 - 60-იანი წლებიდან პიკასო მხატვრული ფორმის უკიდურესი გამარტივებისკენ მიდის. მის ბოლოდროინდელ სურათებში ფაქტიურად ქრება შუქ-ჩრდილები, მოცულობები, პერსპექტივა, მათ უფრო სიბრტყობრივი გამომსახველობა ენიჭებათ. `პრიმიტივისკენ~, ე.წ. `ნაივური~ მანერისკენ ერთგვარი სწრაფვით პიკასო ცდილობს გადმოსცეს სამყაროს უშუალო აღქმა, რაც გარკვეულწილად ბავშვების გულუბრყვილო ნახატებს მოგვაგონებს. თავადაც ამბობს: `14 წლის ასაკში, მე ვხატავდი როგორც რაფაელი და მე დამჭირდა მთელი ცხოვრება იმისათვის, რომ მეხატა როგორც ბავშვს და გავმხდარიყავი პიკასო~.

პიკასოს გვიანდელ ნამუშევრებში ჩანს ხელოვანის პიროვნული და შემოქმედებითი თავისუფლების ის სიმაღლე, რომლის იქეთ შეიძლება იყოს მხოლოდ სიგიჟე. საოცარი სილაღე, `თამაში~, სპონტანურობა, რითაც აღბეჭდილია ეს ნაწარმოებები, ძლიერ ემოციურ მუხტს, ენერგიას ასხივებენ.

მინდა შეგახსენოთ პიკასოს დიდი თანამემამულის, სალვადორ დალის სიტყვები: `მე მეჩვენება, რომ პიკასოს ნამუშევრებში არის რომანტიკული მაგია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი ძირები გადატრიალებაშია ფესვებგადგმული... პიკასოს აინტერესებს არა სილამაზე, არამედ სიმახინჯე, მე კი _ მშვენიერება... მაგრამ ეს უშნო სილამაზე და ეს მოხდენილი სილამაზე გენიის ისეთ უკიდურეს გამოვლინებებში, როგორებიც გახლავართ მე და პიკასო, შეიძლება იყოს ჭეშმარიტად ანგელოზური~.
 
 
 
 
 




კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1774 | დაამატა: allfile | ტეგები: გაზეთი, ბათუმელები, საუკეთესო, ბათუმში, ტურისტებისთვის, კვაჭაძე, ნანა, ნანა კვაჭაძე, პიკასო, შანსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar