_ უკადრისი იკადრა, _ უთხრა მოხუცს მეფუნდუკე ქალმა, _ მძინარე ქალისთვის არ უნდა ჩაედო თითი პირში ან გაეკეთებინა რაღაც ამდაგვარი. იასუნარი კავაბატა, `მძინარე მზეთუნახავების სახლი~ ოთხმოცდაათი წლისა რომ გავხდი, გადავწყვიტე, დაბადების დღის აღსანიშნავად საკუთარი თავისთვის თავად მიმერთმია საჩუქარი _ უბიწო გოგონასთან გიჟური სიყვარულის ღამე. როსა კაბარკასი გამახსენდა _ იატაკქვეშა დაწესებულების დიასახლისი: როგორც კი `ქორფა~ გოგოს ჩაიგდებდა ხელში, მაშინვე თავის გულუხვ კლიენტებს ატყობინებდა. მე არ მიზიდავდა მისი ბილწი შემოთავაზებები, მას არ სჯეროდა ჩემი პრინციპების სიწმინდისა. `მორალი დროის საქმეა, _ ღვარძლიანად ქირქილებდა ის. _ მოვა დრო, თვითონ დარწმუნდები~. როსა ჩემზე ცოტათი უმცროსი იყო. რამდენი წელიწადია არაფერი ვიცი მის შესახებ. იქნებ აღარც არის ცოცხალი, მაგრამ ყურმილში მომესმა თუ არა ხმა, მაშინვე ვიცანი _ როსა იყო. ეგრევე მივახალე: _ დღეს _ კი. როსა კაბარკასმა ამოიოხრა: `ეჰ, ჩემო ნაღვლიანო ბრძენკაცო, მთელი ოცი წელი სადღაც გადაიკარგები, მერე უცებ გამოჩნდები და შეუძლებელს მთხოვ~. მაგრამ ხელობა მაინც ხელობაა და როსამაც ასარჩევად რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა: ყველანი ხმარებაში გაცვეთილები იყვნენ. უსათუოდ ქალწული და უსათუოდ ამაღამ-მეთქი, _ ვთქვი შეუვალად. როსა დაიბნა: `კი მაგრამ, რისი იმედი გაქვს?~ `არაფრის, _ როსამ მტკივნეულ ადგილზე დამადგა ფეხი, _ მშვენივრად ვიცი, რა შემიძლია და რა არ შემიძლია~. როსა ცოტა დამშვიდდა: `ბრძენმა ხალხმა ყველაფერი იცის და მაინც ყველაფერი არ იცის. ამქვეყნად ერთადერთი `ქალწულები~ თქვენ ხართ, აგვისტოს თვეში ამ ნიშნით დაბადებულები. რატომ ადრე არ გამაფრთხილე?~ `აღმაფრენა წინასწარ არაფერს გითანხმებს~, _ ვთქვი მე. `მაგრამ მოცდა შეუძლია~. რაკი როსამ ყოველთვის ყველაფერი მამაკაცებზე უკეთ იცოდა, მთხოვა, იქნებ ერთი-ორი დღე მაცალო, საგულდაგულოდ გადავხედავ ჩემს `ბაზარსო~. სრულიად სერიოზულად ვუპასუხე, ასეთ საქმეში ჩემი ასაკის კაცისთვის ყოველი დღე წელიწადს უდრის-მეთქი. `ეშმაკმა დალახვროს, რაც არის, არის, _ გადაწყვიტა როსამ უცბად, _ არა უშავს, მგონი, უფრო საინტერესოცაა. ერთ საათში დაგირეკავ!~ ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება იმას, რაც შორიდანაც კარგად ჩანს: მე ერთი ულამაზო, მორიდებული და ძველმოდური კაცი ვარ, მაგრამ რაკი არ მსურდა ასეთი ვყოფილიყავი, თავს ისე ვაჩვენებდი ყველას, თითქოს ყველაფერი სწორედაც რომ პირიქით იყო, ოღონდ _ დღეს დილამდე. დღეს დილით კი გათენებულზევე მტკიცედ გადავწყვიტე, ბოლოს და ბოლოს მეთქვა საკუთარი თავისთვის _ თუნდაც სინდისის დასამშვიდებლად _ რაც ვარ და ვინც ვარ სინამდვილეში. ჰოდა, დავიწყე კიდეც საქმე როსა კაბარკასთან უჩვეულო სატელეფონო საუბრით. როგორც ახლა მესმის, ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი იმ ასაკში, როცა უბრალო მოკვდავთა უმეტესობა, როგორც წესი, უკვე მიცვალებულია. .
|