12:28 PM საჯარო რეესტრის წარმატებული პროექტი - საქართველოს ყველა ქალაქი და რაიონი ერთიან სარეგისტრაციო ქსელშია ჩართული | |
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან კომპიუტერულ ქსელში მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის ჩართვით დასრულდა სარეგისტრაციო განცხადებების ვებპროგრამის დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიერიდან, ქვეყნის ყველა ქალაქისა და რაიონის ტერიტორიული სამსახურები მთლიანად გადავლენ ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს და გაამარტივებს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო პროცედურებს. ერთიანი კომპიუტერული ქსელის შექმნის პროექტი 2006 წლის სექტემბრიდან დაიწყო და მის სრულად გახორციელებას 2 წელი და 5 თვე დასჭირდა. ვებპროგრამა პირველად თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში დაინერგა, 2007 წლის ივლისიდან კი, სააგენტომ ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ჩართვაც დაიწყო. დღეისათვის კომპიუტერულ ქსელში ჩართულია 64 სარეგისტრაციო სამსახური. აღსანიშნავია, რომ ვებ-პროგრამა საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში შემუშავდა. პროგრამის დანერგვამდე, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების თანამშრომლებმა სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს. პროგრამა, რომლის მისამართია www.reestri.gov.ge, მნიშვნელოვნად ამარტივებს რეგისტრაციის პროცედურებს, შესაბამისად, მოქალაქეებს სწრაფი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება გაეწევათ. რეგიონებში ვებ-პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, სააგენტოს ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართულ ქალაქებსა და რაიონებში ჩაუსვლელად, დისტანციურად მოახდინონ უძრავი ქონების რეგისტრაცია. მაგალითად: მოქალაქეს, რომელიც იმყოფება თბილისში, ესაჭიროება ბათუმში მდებარე უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. ის ელექტრონულად ავსებს განაცხადის ფორმას ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის მოთხოვნის თაობაზე და ინტერნეტით აგზავნის საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში. სარეგისტრაციო სამსახური ერთ სამუშაო დღეში ამზადებს მოთხოვნილ დოკუმენტებს (საჯარო რეესტრიდან ამონაწერს და საკადასტრო გეგმას) და ასევე ელექტრონულად უგზავნის მოქალაქეს. პროგრამის ამოქმედებით, საქმიანობა ასევე საგრძნობლად უმარტივდებათ უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედ კერძო კომპანიებს: ბანკებს, ნოტარიუსებს, ბროკერებს, უძრავი ქონების სააგენტოებს. კომპანიები, რომლებიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ და ავტორიზებული მომხმარებლები გახდებიან, ენიჭებათ პროგრამის ერთიან მონაცემთა ბაზაში შესვლის ინდივიდუალური ნებართვა. ისინი ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით იღებენ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცულ მათთვის საჭირო ინფორმაციას. დღეისათვის აღნიშნულ ვებპროგრამას წარმატებით იყენებს საჯარო რეესტრის 343 ავტორიზებული მომხმარებელი.
საქართველოს მასშტაბით ვებპროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს საჯარო რეესტრის ერთიანი საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბებას და ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სისტემის შექმნას. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |