მთავარი » 2009 » აპრილი » 29 » თამაში კადრს მიღმა
6:58 PM
თამაში კადრს მიღმა
 

                                                             

                                                              
 
 
 
ხელისუფლება დიდი ხანია, ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს. ოპოზიცია კი მხოლოდ იმ დიალოგზეა თანახმა, რომლის განსახილველი თემაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა იქნება. სხვა შემთხვევაში, 9 აპრილის აქციის ორგანიზატორ პარტიათა მტკიცებით, დიალოგი არ განიხილება. პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ჰქონდა კონფიდენციალური მოლაპარაკებები ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან, თუმცა ბაქრაძე მოლაპარაკებების დეტალებს იმ მიზნით არ აკონკრეტებს, რომ ამან, შესაძლოა, პროცესები შეაფერხოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა პასუხი თითქმის ცალსახაა: “ტყუის, სურს, რომ ოპოზიციურ პარტიათა შორის შუღლი და განხეთქილება ჩამოაგდოს”. თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთაც პასუხი საერთოდ არ აქვთ და ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. მაგალითად “ხალხის პარტიის” ლიდერმა, კობა დავითაშვილმა “ფაქტნიუსს” განუცხადა, რომ ბაქრაძის განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებდა, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ მოეპოვება.

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ბაქრაძემ მისი და რადიკალური ოპოზიციის ნაწილის კონფიდენციალური მოლაპარაკებები მას შემდეგ გახადა საჯარო განსჯის საგანი, რაც კობა დავითაშვილის მის მიმართ დატოვებული კითხვა მოისმინა: “თუკი არ არიან კრიმინალური დაჯგუფებები და თუკი მართლა სურთ ოპოზიციასთან დიალოგის წარმოება, რატომ არ არის დასჯილი პარლამენტარი ემზარ გელაშვილი, რომელიც ჩემს თავდასხმაში მონაწილეობდა?”.

“სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყველგან, სადაც მივდივარ, ჩემი ოპონენტები მახვედრებენ კითხვებს, ამ ოპონენტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მაქვს პირადი ურთიერთობა. მათი დიდი ნაწილი, როცა სჭირდებათ, ძალინ კარგად ახერხებს ჩემთან დარეკვას და კითხვის დამას, ასე რომ, ჩემთვის ასეთი ტელე-მიმართვები მიუღებელია”, _ ასეთი იყო ბაქრაძის პასუხი დავითაშვილის შეკითხვაზე.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციონერებს მათი პასუხები შემდეგია:
ნინო ბურჯანაძე, “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერი: _ არ ვარ საქმის კურსში, ვინ იყვნენ და ვის ჰქონდა კონფიდენციალური შეხვედრები. ალბათ, ეს იმის მცდელობა იყო, რომ ოპოზიციას შორის განხეთქილება ჩამოვარდნილიყო. ახლა ოპოზიციის ლიდერების შეხვედრიდან მოვდივარ, ეს საკითხი განსახილველად არც დასმულა, ვთვლით, რომ ეს არ არის თემა, რომელიც რაიმე განსჯას საჭიროებს. ზოგადად, დავით ბაქრაძის განცხადებები ქართული და მსოფლიოს პარლამენტარიზმის ისტორიაში შევა. პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების სამინისტროს აივნიდან მომხდარ ფაქტს ხუმრობას რომ უწოდებს, სხვა თუ არაფერი, უბრალოდ, სამარცხვინოა.

სალომე ზურაბიშვილი, “საქართველოს გზის” ლიდერი: _ ბაქრაძემ თავისი პირით თქვა, ადრე იყო რაღაც შეხვედრები, ამის შემდეგ კი მივიღეთ მტკიცე უარიო. ჩვენი ერთობლივი პოზიცია უცვლელია. გვაქვს ერთი მოთხოვნა, ამ მოთხოვნაზე ბევრი სალაპარაკო აღარ არის. თუ ლაპარაკია იმ დიალოგზე, რომელიც დანარჩენ ხელისუფლებასთან ერთად უნდა გაიმართოს, ამაზე ყოველთვის მზად ვიქნებით... თუ ხელისუფლებას სურს, რაღაც დათმოს, ძალიან კარგად იცის, რომელ დათმობებზეც უნდა წავიდეს, რომელი იქნება ხალხისთვის მისაღები. ამას არანაირი მოლაპარაკება არ სჭირდება.

გოგა ხაინდრავა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი: რას მალავს, ვერ გავიგე, სააკაშვილს, თურმე, დოკუმენტები ჰქონია, რომელიც ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რუსეთიდან ფინანსდება, ბაქრაძე იმას მალავს, ვინ იყო მასთან მოლაპარაკებებზე. თქვან, რა, თუ რამე იციან. ახლა ადამიანურად, პიროვნულად ვიღაცას იცნობს, ვიღაცას თუ ელაპარაკება, ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.

ირაკლი მელაშვილი, “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი: არ ვიცი, ამ ადამიანს თუ რამე ელანდება. ვინც ვიკრიბებით და ვინც ამ აქციის ორგანიზატორები ვართ, ლამის 24 საათის განმავლობაში, ერთად ვართ. ვინ წარმოუდგენია ოპოზიციად, ამას ვერ გეტყვით. თუ საპარლამენტო ოპზიციას გულისხმობს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ოღონდ ეს ჩვენ არ გვეხება. არც ერთი ჩვენგანი არც ერთ ნაბიჯს ხალხთან შეთანხმების გარეშე არ გადადგამს, ჩვენ არ ვაპირებთ მათთან კულუარულად საუბარს, ვსვამთ ერთადერთ საკითხს _  სააკაშვილის გადადგომას! თუ ამ საკითხზე შეხვედრისთვის მზად არიან, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ჩვენც და მათაც.

კახა ძეგანია, “ლეიბორისტული პარტიის” წევრი: ამითი ცდილობს ხელისუფლება, ოპოზიციური მუხტი ჩაახშოს და ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის განწყობები გაანელოს, რადგანაც მათი მოთხოვნა მოლაპარაკება კი არა, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლაა. ოპოზიციური პარტიები ამ დაკვეთას ვასრულებთ. თუ ვინმე ოპოზიციიდან გადაწყვეტს, რომ წავიდეს მოლაპარაკებაზე, ეს, რა თქმა უნდა, მომიტინგეებში აგრესიას გამოიწვევს. ვინც მოლაპარაკებებზე წავა, ის ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

ირაკლი ბათიაშვილი, “ალიანსი საქართველოსთვისა” და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი: ბაქრაძის ამ სისულელეებს და უტიფარ ტყუილებს რომ ვუსმინე, კიდევ ერთხელ გამიჩნდა კითხვა: ამ ხალხთან, საერთოდ, აზრი აქვს თუ არა რაიმე დიალოგს? მართალი გითხრათ, მაინც ისე ვიყავი და ვარ განწყობილი, რომ დიალოგი ნამდვილად აუცილებელია. უნდა შევეცადოთ, რომ ცვლილებები რაც შეიძლება, უმტკივნეულოდ მოხდეს. იმდენი რამ ვნახეთ ამ ხნის მანძილზე, დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველოს კატაკლიზმები ავარიდოთ. ისეთი ეშმაკური ღიმილით ლაპარაკობს დავით ბაქრძე, გეგონება, რაღაც განსაკუთრებულს ამბობს, თუ ვინმე ოპოზიციონერთან კავშირი ჰქონდა და ეს შეთანხმებული იყო დანარჩენ ოპოზიციასთან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ოპოზიცია მზად არის დიალოგისთვის, აი, ამ სცენიდან.

კახა კუკავა, “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი: მეკითხხებით, რატომ გააკეთა ბაქრაძემ ასეთი განცხადება? გეკითხებით, სანოძემ რატომ ესროლა პარკი მომიტინგეებს? ანცი ბავშვები არიან და ხუმრობენ, საერთოდ, ბაქრაძე ჩვენთვის პოლიტიკური პარტნიორი არ არის. პოლიტიკურ საკითხებზე შეხვედრა, თუ საერთოდ გაიმართება, იქნება მიხეილ სააკაშვილთან, თან იმ საკითხზე, რასაც ხალხის მოთხოვს. ბაქრაძეს შეიძლება, რუსთაველის გამზირის დასუფთავებაზე, ბიო-ტუალეტების დადგმაზე და უფრო ტექნიკურ საკითხებზე ველაპარაკოთ.

დავით გამყრელიძე, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი: მაგის ნალაპარაკების არაფერი მჯერა, ფაქტია, იტყუება. ეს არის მცდელობა, რომ როგორმე ოპოზიციაში შუღლი ჩამოაგდოს და პარტიები ერთმანეთს დააპირისპიროს. თუ ვინმე ნაცნობს გზად გადაეყარა და გამარჯობა უთხრა, ეგ ჰგონია მაგას დიალოგი?! გაუშვან ხელი მიშიკოს და ყველასთან, მათ შორის მაჭავარიანსა და ბაქრაძესთანაც სალაპარაკოდ მზად ვართ, საუბრის თემა კი იქნება, როგორ ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები.

ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი: პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციებს თუთიყუშიც კარგად შეასრულებდა, თუ ერთ სიტყვას _ “დიალოგს” ვასწავლიდით, რომელსაც დავით ბაქრაძე ყოველდღე, ან დღეში სამჯერ გვიმეორებს. თუ მაინცდამაინც აქ, ჩვენს მოედანზე არ მოდიან, ვაცხადებ ხმამაღლა, ნებისმიერ მოედანზე მივალთ, მაგრამ დიალოგი აუცილებლად ხალხისა და მედიის თვალწინ უნდა იყოს. გამოვიდეს ბაქრაძე და თუ თუთიყუში არ არის, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.

ჯონდი ბაღათურია, “ქართული დასის” ლიდერი: არ ვარ ინფორმირებული, რომელიმე ოპოზიციონერი თუ იმყოფებოდა ფარულ შეხვედრაზე. პირადად, მე  მიაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები არ შემდგარა. თუკი ვინმეს რაიმე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა დასჭირდება, უნდა გადადგას საჯაროდ, მიუღებელია საზოგადოების ზურგს უკან ფარული გარიგებების წარმოება. ცუდი დიალოგი კი არა, ისაა, როდესაც გარიგებაზე ფარულად და სეპარატისტულად წახვალ, ოპოზიცია და საზოგადოება წლებია, ხელისუფლებასთან რეალურ და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს ითხოვს. ხელისუფლების მხრიდან დიალოგზე მოწოდება ყალბი მოწოდებაა. ეს არის, უბრალოდ, დიალოგი დიალოგისთვის. მართალია, მათ დიალოგის თემები დაასახელეს, მაგრამ ის საკითხები, რომელზეც სასაუბროდ გვეპატიჟებიან, სააკაშვილის მმართველობის შედეგებია. ჩვენ კი ვიბრძვით მიზეზის აღმოსაფხვრელად. დღეს ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში იმყოფება და ამიტომ, დიალოგის თემა პოლიტიკური ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანა უნდა იყოს. თუ ვინმე ამ ჩიხიდან გამოსვლის რაიმე სხვა გზას ხედავს, გარდა სააკაშვილის გადადგომისა, მაშინ ეს შესაბამისი არგუმენტებით უნდა დაასაბუთოს. ჯერ-ჯერობით, პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტურ უმრავლესობას და საზოგადოებას მიაჩნია, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი პრეზიდენტის გადადგომაა.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს კი მიაჩნია, რომ ბაქრაძეს ზემოხსენებული განცხადების გაკეთების საფუძველი ჰქონდა, თუმცა საყვარელიძე დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ბაქრაძესთან წარმოებული დიალოგი ოპოზიციისთვის პროდუქტიული მაინც ვერ იქნება. ექსპერტს ამის თქმის საფუძველს ის აძლევს, რომ ბაქრაძე უფლებამოსილი არ არის. “მოლაპარაკებებზე ის ადამიანი უნდა დაჯდეს, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, ასეთი ადამიანი მხოლოდ სააკაშვილია, მოლაპარაკებების ყველა სხვა ფორმა ნაკლებად შედეგიანი იქნება”, _ აღნიშნავს საყვარელიძე. ექსპერტს მიაჩნია, რომ ოპოზიცია თავისი მოთხოვნისას ცალსახა იმიტომაა, რომ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის გარდა, ყველა სხვა დანარჩენი მოთხოვნა უკვე წამოყენებული იყო და მათ ფიასკო განიცადეს. საყვარელიძის აზრით, ოპოზიცია დამარცხებული მოთხოვნებისა და ლოზუნგების წამოყენებით მხარდამჭერებს დაკარგავს.მაშინ, როცა ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას აყენებს და ხელისუფლება სააკაშვილის მოთხოვნის დაკმაყოფილების გარდა, მზადაა სხვა ნებისმიერ საკითხზე ოპოზიციასთან დიალოგი აწარმოოს, საყვარელიძეს მოვლენების შესაძლო განვითარება რთულად პროგნოზირებადად მიაჩნია.“ამიტომ ითქვა, რომ ეს არის ნერვების ომი. ნერვების ომი მოლაპარაკებას, პრინციპში, გამორიცხავს. ნერვების ომში რომელიმე მხარის დამარცხების შემდეგ, შეიძლება, მოლაპარაკების დაწყება, მანამდე ომია. ყველა ომი კი მოლაპარაკებებით მთავრდება. ვისაც ნერვები უმტყუნებს, ის მოლაპარაკებებში წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება”.ამის მიუხედავად, ექსპერტი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის ხელისუფლებასთან დიალოგს მაინც არ გამორიცხავს: “შესაძლოა, იყვნენ ცალკე ჯგუფები, პარტიები, რომლებსაც სააკაშვილის გადადგომაში ეჭვი ეპარებათ და ფიქრობენ, რომ თუ პროცეს საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით წაიყვანენ, პროცესების ამ მიმართულებით წაყვანაში ინიციატორები იქნებიან, მერე, დივიდენდებს საპარლამენტო მანდატების სახით მიიღებენ”.

თიკო ნერგაძე
www.factnews.ge 
 
 
 
 
 




კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1891 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar