მთავარი » 2009 აპრილი 2 » Elizabeth Bishop Lyrics / ელიზაბეტ ბიშოპის ულამაზესი ლექსები
8:38 PM Elizabeth Bishop Lyrics / ელიზაბეტ ბიშოპის ულამაზესი ლექსები | |
სასწაულია, გაგვეღვიძოს ორივეს ერთად და შემოგვესმას სახურავიდან უცაბედად წამოსული წვიმის ხმაური; სასწაულია, შევიგრძნობდეთ კამკამა ჰაერს, რომელიც თითქოს ელექტრობამ დამუხტა განგებ ცაზე გაჭიმულ მავთულების შავი ხლართიდან. სახლის სახურავს წვიმა ასველებს, ქვემოთ კი - კოცნა ასხივებს ნათელს. და იმ მარტივი თვალთახედვიდან (რასაც გაუჩენს კაცს ღამე და გულაღმა წოლა), ამსამყაროში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს ძალზე ადვილად, რადგან ყოველთვის იარსებებს შავი ელექტრომავთულების შერხევის საფრთხე. უმტკივნეულოდ შეიცვლება მთელი სამყარო, ისე უბრალოდ, როგორც ამინდი იცვლება, ანდა მოულოდნელად იელვებს ცაში. ჩვენ რომ კოცნისთვის გვჭირდება ის დრო, ძირფესვიანად შეცვლის სამყაროს. ძნელი არ არის დაკარგვაში დახელოვნება; დაკარგვის ბედი თან დაჰყვება უამრავ საგანს, რომელთა კლება ჯერ არ ნიშნავს უბედურებას. თითქმის ყოველდღე ვკარგავთ რამეს და დაგვაქვს სევდა დაკარგული გასაღების თუ უქმად ჩავლილი წუთების გამო. ძნელი არ არის დაკარგვაში დახელოვნება. თანდათან ვიძენთ უფრო შორს, უფრო სწრაფად დაკარგვის ჩვევას. ეს ეხება: სხვადასხვა ადგილს, სახელსა თუ სამოგზაუროდ მონიშნულ სივრცეს, თუმცა ასეთებს არ მოჰყვება უბედურება. დავკარგე დედის სახსოვარი მაჯის საათი და ამას მოჰყვა უსაყვარლესი სამი სახლიდან ერთის დაკარგვა. არ არის ძნელი დაკარგვაში დახელოვნება. დავკარგე ორი მშვენიერი, მყუდრო ქალაქი. და, უფრო მეტიც, ჩემი კუთვნილი სამეფოები, ორი მდინარე და კონტინენტი. მონატრება მკლავს, მაგრამ არ არის ეს ყოველივე უბედურება. - შენი დაკარგვაც (ხუმარა ტონი მე შენს ხმაში დღემდე მიყვარს) მოვახერხე, არ მოგატყუებ. ცხადი ერთია: დაკარგვა სულაც არ ყოფილა ძნელი ხელობა, თუმც შეიძლება (აღიარე, რომ შეიძლება!) დაემსგავსოს უბედურებას. აქ უთვალავი ჩანჩქერია; მთის წყაროები ელვის სისწრაფით ეშვებიან ზღვის შესართავთან, და ქედებზე უამრავი ღრუბლის ზეწოლას რომ ვერ უძლებენ შხეფების ფრქვევით გადმოდიან კალაპოტიდან ჩვენ თვალწინ წამის მეასედში ჩანჩქერებად გარდასახულნი. _ მანამდე კი ვიდრე წვეთები, ცრემლის ლაქებად მოციმციმე წვრილი ჭავლები, წყალუხვ ჩანჩქერად გადაიქცევა ერთი ან ორი საუკუნე მაინც გაივლის (აქ საერთოდ, ამ სიჩქარით გადის დრო-ჟამი). მაგრამ თუკი ღრუბლები და ნაკადულები მთა-ბარის მოვლას, მოგზაურობას არ მოიშლიან, მთები მალე დაემსგავსება შლამითა და მოლუსკებით ჩამოძენძილ გადმობრუნებულ გემის ტრიუმებს. დავფიქრდეთ უკან, შინისაკენ, მიმავალ გზაზე. ნეტავ, საერთოდ, ხომ არ სჯობდა სახლში დარჩენა, ამ სანახების მხოლოდ ფიქრში მონახულება? მაშინ, ამ წესით, ნეტავ ახლა სად ვიქნებოდით? საკითხავია, სწორად ვიქცევით, თეატრებს შორის ამ ყველაზე გრძნეულ თეატრში ჩვენთვის უცნობი მსახიობების თამაშს რომ ვუმზერთ? ან რა ბავშვური მოუთმენლობა შეგვიპყრობს ხოლმე, ვიდრე სხეულში სული გვიდგას, მზად რომ ვართ მოვწყდეთ ნაცნობ ადგილებს, მხოლოდ იმიტომ, მზეს შევხედოთ მეორე მხრიდან? მივეშურებით მსოფლიოში ყველაზე ციცქნა მწვანე კოლიბრის სანახავად, ან დავაცხრებით გარდასულ დროის რომელიმე ქვის ნაგებობას, რომელიც ყველა მხრიდან იდუმალი და აუხსნელია, და რომელსაც არ დაკლებია მნახველი და შემფასებელი, თან ყველა ჯერზე, ყველა ნახვაზე ერთნაირად მშვენიერია; ან დანაშაულს ხომ არ ჩავდივართ, როცა ვოცნებობთ ოცნებებზე და საერთოდ, ოცნება რომ გვაქვს? ნუთუ დავტოვეთ სადმე სივრცე ერთი რიგითი, ჯერ ისევ თბილი, კალთებაკეცილი მზის ჩასასვლელად?@ სინამდვილეში დანაშაული ის იქნებოდა, არ მოგვეხედა ამ გზის გასწვრივ ჩარიგებული ხეებისათვის, საკუთარ თავს რომ აჭარბებენ სილამაზეში და ვარდისფერით შემოსილი კეთილშობილი მიმებივით ნიშანს გვაძლევენ მწვანე ხელებით. _ სამწუხარო ის იქნებოდა, საწვავისათვის შეჩერებულებს არ გაგვეგონა დაცალებული ხის ქოშების მოურიდებელი ბაკუნის ხმა _ ნაღვლიანი, ორნოტიანი ხის მელოდია ბენზინგასამართის გაქონილი იატაკიდან. (სხვა ქვეყანაში შეამოწმებდნენ და ქოშების თითოეულ წყვილს ერთნაირ გუდრონის ძირს გაუკეთებდნენ ხმის დასახშობად). _ ის იქნებოდა სამწუხარო, არ მოგვესმინა მეორე, ნაკლებპრიმიტიული მუსიკა იქვე გადატეხილ ბენზინსაქაჩზე შეფრენილი ჩასუქებული რუხი ჩიტისა იეზუიტურ ბაროკოთი ბამბუკისაგან ნაგებ ტაძარში, რომლის ნიშანი სამი სამრეკლო და ხუთი დიდი ვერცხლის ჯვარია. _ დიახ, საწყენი იქნებოდა რომ არ გვეფიქრა ბუნდოვნად და ზედაპირულად, იმის შესახებ, ასწლეულთა განმავლობაში რა კავშირი შეიძლებოდა გაბმულიყო ხის მოუხეშავ ფეხსაცმელსა და ხის გალიებში გამომწყვდეულ პრეტენზიულ და თან მოთოკილ, ოცნებებს შორის. _ და სამწუხარო იქნებოდა, არ შეგვესწავლა ისტორია მომღერალ ჩიტთა გალიების ძლივსშესამჩნევი ხელწერის კვალზე; _ და კიდევ ის, რომ მოსმენილი არ გვქონდეს წვიმა, ასე რომ გავს პოლიტიკოსთა მწვავე გამოსვლებს ორსაათიან ორატორიის შემდეგ უეცრად ჩამომდგარი დუმილის წამით, როცა მოგზაური კალამს იღებს და რვეულში იწერს: "ნუთუ მხოლოდ წარმოსახვის ნაკლებობაა, რაც გვაიძულებს ვიმოგზაუროთ წარმოსახულ გრძედ-განედებზე იმის მაგივრად, რომ უბრალოდ, სახლებში დავრჩეთ? თუ დავიჯეროთ, რომ პასკალი ოდნავ სცდებოდა, როცა ამბობდა, რომ ყველაფერს შინ ყოფნა სჯობდა? კონტინენტია, ქალაქია, ქვეყანა თუ ნაცნობების წრე არსად არ არის არჩევანი თავისუფალი. აქ თუ იქ? არა, არსად. მართლაც, ხომ არ სჯობდა სახლში დარჩენა, ეს სახლი სადაც არ უნდა იყოს?" p.s.საინტერსო ხედვა აქვს ამ შესანიშნავ ქალბატონს,.. იმედია თქვენც მოგეწონათ და ისიამოვნეთ.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |