მთავარი » 2009 » მარტი » 26 » ესრეთ ლოცვა სამადლობელი
5:35 PM
ესრეთ ლოცვა სამადლობელი
 
                                                             
 
გმადლობ შენ უფალო, ღმერთო ჩემო, რამეთუ არა განმაგდე მე ცოდვილი, არამედ ზიარ-ყოფად მე სიწმიდეთა შენთა ღირს-მყავ, გმადლობ შენ, რამეთუ მე არა ღირსი ზიარებად ყოვლად-წმიდათა შენთა ზეცისა ნიჭთა ღირს-მყავ. არამედ მეუფეო კაცთ-მოყვარეო, ჩუენთვის მომკვდარო, და აღდგომილო, და მომნიჭებელო ჩუენდა საშინელთა ამათ, და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა, კეთილის-საქმედ, და განსაწმედელად სულთა, და ხორცთა ჩუენთა, მომეც ყოფად ამისა მეცა საკურნებელად სულისა ხოლო და ხორცთა, განსადევნელად, ყოველთა წინა-აღმდგომთა, განსანათლებელად თვალთა გულისა ჩემისათა. სიმშვიდედ სულიერთა ძალთა ჩემთა. სარწმუნოებად ურცხვენელად, სიყვარულად შეუორგულებელად, აღმავსებელად სიბრძნითა, დამარხვად მცნებათა შენთა შეძინებად საღმრთოთა მადლთა შენთა. შენისა სასუფევლისა თვისებად. რათა სიწმიდითა შენითა დაცული, მადლსა შენსა მოვიხსენებდე მარადის და არავინ თავით თვისით ცხოველ-არს, არამედ შენდამი, მეუფისა ჩემისა, და ქველის-მოქმედისა და ეგრეთვე ამის ცხოვრებისაგან განსრული, სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოსათა, მარადის მყოფსა განსვენებასა მივიწიო, სადა მედღესასწაულეთა ხმა დაუსრულებელ-არს, და წარუვალი სიტკბოება, ჰხედვენ პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქმელსა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სასურველი, და გამოუთქმელი სიხარული, მოყვარეთა შენთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენ გიგალობს ყოველი დაბადებული უკუნისამდე.

სხვა ლოცვა დიდისა ბასილისა
მეუფეო ქრისტე ღმერთო, მეუფეო საუკუნეთაო, და შემოქმედო ყოველთაო, გმადლობ შენ ყოველთათვის, რომელნი მომცენ მე კეთილნი, ზიარებითა ყოვლად-წმიდითა, და ცხოველს-მყოფელითა საიდუმლოთა შენითა. გევედრები უკვე სახიერო, და კაცთ-მოყვარეო, დამიცევ მე საფარველსა ქვეშე შენსა, და საგრილსა ფრთეთა შენთასა. და მომანიჭე მე სიწმიდით ზრახვად, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამდე, ღირსებით ზიარებად სიწმიდეთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ.
რამეთუ შენ ხარ პური ცხოვრებისა, და წყარო სიწმიდისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა სიმეონისა
მომცემელი საზრდელად ხორცისა შენისა ნებსით, ცეცხლ არს და შესწვავს უღირსთა; ნუ დამწვავ მე შემოქმედო ჩემო, უფროსღა შემოვედ ასოთა შინა ჩემთა, ყოველთა ნასხამთა, თირკმელთა, და გულსა დასწვენ ეკალნი ყოველთა შეცოდებათა ჩემთანი. სული განსწმიდე. წმიდაჰყვენ საცნობელნი. ნასხამნი დაამტკიცენ ძვალთა თანა ერთბამად. საცნობელნი განმინათლენ. ყოვლითურთ შემმსჭვალე შიშსა შენსა. მარადის დამიფარე, დამიცევ, და დამიმარხე მე. ყოვლისაგან საქმისა, და სიტყვისა სულთა განმხრწნელისა. წმიდა-მყავ, განმწმიდე, და განმბანე. წარმიმართე, და გულის-ხმა მიყავ, და განმანათლე მე გამომაჩინე საყოფელად სულისა შენისა, რათა სადგურ მისდა ვიქმნე, და არა ცოდვისა, და რათა ტაძარი შენი შემოსლვითა ზიარებისათა, ვითარცა ცეცხლითა დაიწვას ყოველი ძვირის-საქმე, და ვნება. სავედრებელად შენდა შევსწირავ, წესთმთავართა. წინა-მორბედსა შენსა, და ყოვლად-ბრძენთა მოციქულთა. მათ-თანა უხრწნელსა, უბიწოსა დედასა შენსა. მათითა ვედრებითა შეიწირე მოწყალეო ქრისტე ჩემო. მსახურ-მქმენ, და ძე ნათლისა. რამეთუ შენ ხარ განმწმედელი, და მხოლო სახიერი, და სულთა ჩუენთა განმანათლებელი და შენდა ვითარცა შვენის ღმრთისა და მეუფისა, დიდებასა აღვავლენთ ყოველნი ყოველსა დღესა.

სხვა ლოცვა
ხორცი შენი, წმიდა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მექმენინ მე ცხოვრებად საუკუნოდ, და სისხლი შენი პატიოსანი მოსატევებელად ცოდვათა მეყავნ მე, ხოლო სამადლობელი ესე სიხარულად, სიმრთელედ და მხიარულებად, და საშინელსა მეორედ მოსლვასა შენსა ღირს-მყავ მე ცოდვილი დადგომად, მარჯვენით დიდებისა შენისა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა.

სხვა ლოცვა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, ნათელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო, სასოებაო, საფარველო, შესავედრებელო, ნუგეშინის-მცემელო, სიხარულო ჩემო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირსმყავ მე არა-ღირსი, ზიარყოფად უხრწნელისა ხორცისა, პატიოსნისა სისხლისა ძისა შენისა, არამედ მშობელო ჭეშმარიტისა ნათლისაო, განანათლენ საცნაურნი თვალნი გულისა ჩემისანი, რომელმან ჰშევ წყარო უკვდავებისა, ცხოველ-მყავ მე მომკვდარი ცოდვითა. წყალობის მოყვარისა მოწყალისა ღმრთისა დედაო, შემიწყალე მე. და მოეც ლმობიერება და შემუსრვილება გულსა ჩემსა, და სიმდაბლე ზრახვათა ჩემთა, დახსნა ტყვეობისაგან გულის-სიტყვათა ჩემთა. და ღირს-მყავ მე ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე, დაუსჯელად მიღებად ყოვლად წმიდათა საიდუმლოთა, განსაწმედელად, საკურნებელად სულისა და ხორცთა, და მომმადლენ მე ცრემლნი სინანულისა და აღსარებისანი, გალობად, და დიდებად შენდა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. რამეთუ კურთხეულ ხარ, და დიდებულ უკუნისამდე, ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ტროპარი იოანე ოქროპირისა
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდება...
კონდაკი: ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.
აწ და...
სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო, დამბადებელისა მიმართ მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელს-ჰყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე ექმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის-აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის, იღვწი პატივის-მცემელთა შენთა ღმრთის-მშობელო.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
დიდება... აწ და...
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...
დიდება... აწ და...
უფალო შეგვიწყალენ 3-ჯერ.
გვაკურთხენ.
უკეთუ არს ლიტურღია დიდისა ბასილისა, ითქმის

ტროპარი წმ. ბასილი დიდისა
ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვანი შენნი, რომლითა ღმრთივ-შვენიერად ჰქადაგე სარწმუნოება. ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ. წესნი კაცთანი განაბრწყინვენ, და სამეუფო იგი მღვდელობა განაშვენე. წმიდაო მღვდელმთავარო ბასილი ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდება...
კონდაკი: გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა, რამეთუ განჰფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქვეყანასა ზედა, და ბრწინავ ზეცათა შინა ყოვლად პატიოსანო მნათობო სოფლისაო, ღირსო ბასილი.
და უკეთუ არის ლიტურგია პირველ შეწირულისა, სთქვი ესე

ტროპარი და კონდაკი წმ. გრიგოლი დიოლოღოსისა
რომელმან ღმრთისა მიერ ზეგარდამო საღმრთო მადლი მოიღე დიდებულო გრიგოლი, და მის ძლით განძლიერდი და სახარებისაებრ სლვა თავს-იდევ ვინაცა ქრისტესგან შესაძინელი მას შინა ჰპოვე ყოვლად ნეტარო, რომელსაცა ევედრე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

წინასწარ მთავრობად გამოსჩნდი, მწყემს-მთავრად განმაწესებელ ქრისტეს სამწყსოსა მამაო გრიგოლი, და შეზღუდე მოძღვრებითა ზეციერითა, და მსგავსად მმარხველთა გამოაჩინენ მიერითგან და სახითა ასწავე სამწყსოსა, ქრისტესსა მცნებანი მისნი, აწ მათ-თანა იხარებ, და იშვებ ზეცათა შინა
 
 
 
 
 




კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1768 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar