მთავარი » 2009 » მარტი » 9 » Lone leopard spotted in Georgia / საქართველოს ლეოპარდი დაუბრუნდა!
1:33 PM
Lone leopard spotted in Georgia / საქართველოს ლეოპარდი დაუბრუნდა!
 

                                                              

 

15 წლის წინ ჩვენმა ორგანიზაციამ ლეოპარდი თავის ემბლემად აირჩია არამარტო, როგორც ქართული კულტურის ერთერთი სიმბოლო,

არამედ როგორც კავკასიის ცხოველთა სამყაროს ყველაზე იშვიათი წარმომადგენელი. საქართველოში ბოლო ლეოპარდი 50 წლის წინ მოკლეს.

ბევრს ეგონა, რომ ეს უკანასკნელი ინდივიდი იყო ჩვენს ქვეყანაში .  . .

თუმცა: ა. წ. აპრილში ჩვენი ცენტრის (NACRES) მიერ ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში დამონტაჟებულმა ფოტო-ხაფანგმა სახეობისთვის დამახასიათებელი მთელი სილამაზით, გრაციოზულობითა და მედიდურობით აღსავსე ახალგაზრდა მამრი ლეოპარდი დააფიქსირა! 

სავარაუდოდ ეს არ არის ერთადერთი ინდივიდი ჩვენი ქვეყნის ამ ნაწილში. ამჟამად სპეციალური ჯგუფი მივლინებულნია არიან ვაშლოვანის სახელწიფო ნაკრძალში დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ახლად აღმოჩენილი ფაქტები მომავალშიც წარედგინება ფართო საზოგადოებას.

1994 წლიდან ჩვენი ცენტრი ამ რეგიონში ინტენსიურ კვლევებს აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში დეტალურად იქნა შესწავლილი და გამოკვლეული რეგიონის ბიოლოგიური მრავალფეროვნება. მიუხედავად ამისა, ამ ტერიტორიაზე  ლეოპარდის არსებობა არ გამოვლენილა. ეს ცხოველი საქართველოს სხვა კუთხეებშიც აღარ გვხვდებოდა და გადაშენებულად იყო მიჩნეული. ამიტომ სენსაციას არავინ ელოდა!

ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისის ნატურალისტები და ზოოლოგები თვლიდნენ, რომ ლეოპარდი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობა იყო კავკასიაში. 1954 წელს ერთი ინდივიდი საგურამოს ქედზე, სოფელ წნელთან იქნა მოკლული. დღემდე ყველას ეგონა, რომ ეს უკანასკნელი ლეოპარდი იყო საქართველოში. მიუხედავად ამისა, ჩვენი ცენტრი მაინც აგრძელებდა საქართველოში ლეოპარდის ძებნას. მოვაგროვეთ კიდეც მეტ-ნაკლებად სარწმუნო ზეპირსიტყვიერი ცნობები "დიდი კატის მაგვარი ცხოველის" შესახებ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, უმეტესად კი პირიქითა ხევსურეთიდან.

2001 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ დაფინანსდა ლეოპარდის თანამედროვე მდგომარეობის შეფასების პროექტი. აზიური ლეოპარდის ექსპერტ დოქტორ ვიქტორ ლუკარევსკისთან ერთად ჩვენი ცენტრის თანამშრომლებმა საველე კვლევები ჩაატარეს პირიქითა ხევსურეთში. მაგრამ ლეოპარდის არსებობის კვალიც კი ვერ დავაფიქსირეთ.

მოგვიანებით კი ლეოპერდის არსებობის ნიშნები იქ ვნახეთ სადაც საერთოდ არ ველოდით!

2003 წლის ზამთარში ჩვენი ცენტრის ორი ზოოლოგი (ბეჟან ლორთქიფანიძე და გიორგი დარჩიაშვილი) მსოფლიო ბანკის/გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში მოწყობილი საველე კვლევების დროს ერთ-ერთ რუტინულ საველე სამუშაოს დროს წააწყდა დიდი ზომის კატისებრის ნაკვალევს. მხოლოდ ფოცხვერზე გაცილებით დიდ "კატას" თუ შეეძლო მათი დატოვება. აღებულ იქნა ნაკვალევის თაბაშირის ასლი, რომელიც ზემოხსენებულ დოქტორ ლუკარევსკის გადაეგზავნა.

პასუხი წარმოუდგენლი იყო: ნაკვალევი უდავოდ ლეოპარდს ეკუთვნოდა! ! !

2004 წლის აპრილში სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ფოტო-ხაფანგები დააყენეს. შედეგი უკვე სენსაციური იყო: ფოტო-ხაფანგის აპარატმა ფირზე ლეოპარდი აღბეჭდა!

აქვე საგანგაშო ინფორმაციაც: ფოტო-ხაფანგმა ბრაკონიერის სურათიც გადაიღო!

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი თქვენს ყურადღებას მიაპყრობს ჩვენი ბუნების ყველაზე მთავარი საფრთხისაკენ: დღეს საქართველოში ბრაკონიერობის წარმოუდგენლად მაღალი დონეა!!!!!!

ინტენსიურ არალეგალურ ნადირობას ადგილი აქვს საქართველოს უკლებლივ ყველა ნაკრძალში!!!

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ცხოველთა სამყაროს და ტყეებს უდიდესი ზიანი მიადგა. მრავალი სახეობა გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. უპირველესად წინა მთავრობის არაქმედუნარიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გამო!

ამჟამინდელ მთავრობას უკიდურესად დანგრეული და გაპარტახებული ეკონომიკა დახვდა. მაგრამ, ჩვენი აზრით, გარემოსდაცვითი საკითხები არანაკლებ მნიშვნელოვანია. რადგან უმოკლეს დროში გადაუდებელი და გადამჭრელი ქმედებებია განსახორციელებელი ჩვენი ბუნების დასაცავად!

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა ოფიციალური თხოვნითმიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას დაუყონებლივ გაატარონ უმკაცრესი და ეფექტური ზომები ჩვენი ქვეყნის ნაკრძალების დასაცავად.

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ასევე სთხოვა ქვეყნის პრეზიდენტს თავისი პირადი პატრონაჟის ქვეშ აიყვანოს ლეოპარდი საქართველოში.

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აგრეთვე ითხოვს საერთაშორისო თანასაზოგადოების მხარდაჭერას საქართველოში ლეოპარდის დასაცავად, რისთვისაც უკვე გაგზავნილია შესაბამისი შეტყობინება 50-ზე მეტ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ საინფორმაციო სააგენტოში.

 

 

 

 




კატეგორია: ცხოველთა სამყარო | ნანახია: 1755 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar