მთავარი » 2009 » თებერვალი » 10 » დიტო გელოვანი. ორი მანაგუა
6:12 PM
დიტო გელოვანი. ორი მანაგუა
 
              
 
მე კი მგონია, რომ არსებობს რამდენიმე რუსეთი. პუტინის რუსეთი – ანუსის ხვრელების ქვეყანა,
მედვედევის რუსეთი – ქინძების ქვეყანა, მიროსლავ სტუპარის რუსეთი – კვერცხების ქვეყანა...
მაგრამ რადგანაც მაინც ერთია, გაეროს მიერ რაღაც საზღვრებში აღიარებული (რატომ არა ვარ მეფე გაერო...),
 ე.ი. ყოფილა ერთი, მაგრამ მრავალფეროვანი – ქინძების, კვერცხების და ხვრელების ქვეყანა.
 რომელია ამ სამში ყველაზე გრძელი ისტორიის მქონე და რომელი როდის არის სამში თამამი, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია.
 
ვისოცკის რუსეთი ბუნებაში არ არსებობს. არსებობს ვისოცკის კაცობრიობა.
ჯიპებზე შემომსხდარ გენდერულ ფემინისტებს დავამშვიდებ – ვისოცკის ქალობრიობაც არსებობს.
რუსეთმა აფხაზეთი და ”სამხრეთ ოსეთი” აღიარა და ამით კიდევ ერთხელ აღიარა, რომ იგი ქინძებისა და კვერცხების ქვეყანაა.
კოკოითი და ბაღაფში აღიარა ნიკარაგუამაც. კუმ ფეხი გამოყო – პენალტი მეც დამარტყმევინეთო. ანუ, რუსეთმა ჯერ პაიკებით შემოგვიტია,
 შემდეგ მათ ეტლები მიახმარა და ახლა კუებით გვიტევს. ასეთივე, ოღონდ შედარებით მორიდებული სვლა განახორციელეს ქართველმა ლეიბორისტებმაც.

მე არც ნიკარაგუასი ვიცი რამე და არც ლეიბორისტების. გეოგრაფიაში და პოლიტიკაში ვერ ვრეკვევი, მაგრამ მყავს მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთ ყველაზე მცოდნე-განათლებულს და კომპეტენტურს და ადექვატურს. სახელად ჰქვია “ინტერპრესნიუსი”. იმან მაცნობა:

”საქართველოს ლეიბორისტული პარტია” ნიკარაგუას პრეზიდენტ დანიელ ორტეგას თხოვნით მიმართავს, რათა” ნიკარაგუამ არ მოახდინოს საქართველოს დაშლა-დანაწევრების აღიარება: ”ლეიბორისტული პარტია” და ქართველი ხალხი მრავალი ათეული წელია, დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს თქვენს თავდადებულ და შეუპოვარ ბრძოლას თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისთვის, რაც ჩვენში ყოველთვის იწვევდა სოლიდარობის გრძნობას თქვენი გმირი ხალხის მიმართ.

თქვენო აღმატებულებავ, გვაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ქართველი ხალხი ასევე მრავალი საუკუნეა, იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკდებლობისთვის, რასაც მივაღწიეთ კიდეც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად. ეს ყველაფერი მიღწეულია ქართველი ხალხის უზარმაზარი მსხვერპლის ფასად. ამ ბრძოლაში ჩვენთვის ყოველთვის სამაგალითო იყო ნიკარაგუელი ხალხის თავდადებული და შეუპოვარი ბრძოლა”.

ამ წერილს აშკარად სოსო შატბერაშვილის ხელი ეტყობა და ისიც იგრძნობა, რომ სანამ წერას დაიწყებდა, მანაგუას გვარიანი დოზა მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ იტყოდა, მრავალი ათეული წელია ქართველი ხალხი თქვენ გგულშემატკივრობთო. რავა, მრავალი ათეული წელია, ქართველ ხალხს სხვა საქმე არ ჰქონია გარდა იმისა, რომ სანდინისტებისა და კონტრასების ბრძოლისთვის ედევნებინა თვალი?

წერილის ბოლოს ქართველი ლეიბორისტები კისერზე საბელშებმულნი და თავზე ნაცარწაყრილნი ემუდარებიან ნიკარაგუის მთავრობას, ნუ გადადგავს ისეთ ნაბიჯს, რომელიც მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებას გამოიწვევს. გეუბნებით, ამ წერილს რომ წერდნენ, მანაგუათი იყვნენ გამსკდარნი. ეს უკვე ცხადზე უცხადესია. მიუხედავად ამისა, ნიკარაგუამ არ შეისმინა ნათელაშვილის სამწყსოს ხვეწნა-მუდარა და აღიარა როგორც კოკოითი, ისე – ბაღაფში.

”ჩვენ ძალიან გვინდა, სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ ნიკარაგუას მაგალითს”, - ასე გამოეხმაურა ყოველივე ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ისე, თუ უცხო სხეული არ გაწუხებს, რატომ უნდა მიბაძო ნიკარაგუას, ანაც რატომ უნდა შეხვიდე ლეიბორისტულ პარტიაში? დავასკვენი, რომ არსებობს ორი მანაგუა – ნიკარაგუას მანაგუა და ლეიბორისტების მანაგუა. არ მესმის, რამ შეაყვარა ლეიბორისტებს მანაგუა! არსებობს, მშვენიერი ქალაქი ქეიფთაუნი. წადი, იქეიფე...

საერთოდ, გასული კვირა ლეიბორისტების გააქტიურებით აღინიშნა. “ჩვენს პრეზიდენტს ძალიან უყვარს ნიუ-იორკი და მის ქუჩებში ჰამბურგერების ჭამა. ჩაფრინდეს იქ და გაერო-ს შენობასთან მიტინგები გამართოს, თუ საჭირო გახდება შიმშილობის აქციაც დაიწყოს, რათა ბაღაფშისა და კოკოითის წარმომადგენლები არ დაუშვან სხდომაზე”, _ განაცხადა შატბერაშვილმა.

სანამ თვითონ მანაგუათი სკდებიან, სააკაშვილი ჰამბურგერებით უნდა გასკდეს. არც ისინი მემეტებიან გამობრუჟებისათვის და არც ეს – გასუქებისათვის. რაც არ უნდა იყოს, ქართველები არიან. ყოველ შემთხვევაში, ვართო – ირწმუნებიან.

ახლა, კვლევა-ძიებას არ შევუდგები, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ლეიბორისტების მანაგუაზე არც კახა კალაძე ამბობს უარს. ეს აზრი თავში მაშინ მომივიდა, როდესაც შევიტყვე, რომ “მილანის” მცველმა ქართველი ხალხის საუკეთესო მეგობრად სილვიო ბერლუსკონი გამოაცხადა – ორი საათი ესაუბრებოდა პუტინს და ცეცხლის შეწყვეტაზე დაიყოლიაო. ერთი-ორი საათიც ელაპარაკათ და იქნებ სოჭიც დაებრუნებინა! თუმცა, ამ საკითხზე ალბათ ჯენარო გატუზო და კლარენს ზეედორფი დაელაპარაკებიან.

ოთხი-ხუთი აბზაცი დავწერე და მოვიარე მოსკოვი, მილანი, მანაგუა, ნიუ-იორკი... თარგამაძის ჟურნალისტურმა დაჯგუფებამ კარდაკარ ჩამოიარა, ფული ააგროვა და ყველას რომ ეგონა, ტყვიაველ და ერედველ ბავშვებს ვერმიშელზე დაპატიჟებენო, აბაშიძისა და პატარკაციშვილის ყოფილმა გულის ვარდმა ბაზალეთზე წაიყვანა ისინი, ვისი გულის ვარდის მოვალეობასაც ამჟამად ასრულებს. არჩევნებისთვის ვემზადებითო!!!

აი, როგორ ემზადებოდნენ: ანიკაშვილი რაღაცას იწერდა ჭკვიანური სახით, ხოლო დანარჩენები, ასევე ჭკვიანური სახით, პირდაღებულები ისხდნენ. თავად გიორგი თარგამაძე კი ისეთი ჭკვიანური სახით საუბრობდა, მეტი რომ არ არსებობს. დაახლოებით ვიცი, რასაც ეტყოდა - “ამ ოლქში მანდატს გვპირდებიან, ამა და ამ ოლქებში კი – მეორე ტურში ღირსეულ დამარცხებას. ის ოლქიც მინდოდა, მაგრამ, ასე მითხრეს, ერთიც გეყოფათო, თუ ფრაქციიდან ვინმე გავა, ორ კაცს მოგაშველებთო.

ვინმე იკითხავდა, ერთი მანდატი კიდევ მოეცათ, ღორები ხომ არ არიანო. თარგამაძე უპასუხებდა, ღორები რა შუაშია? ამ ამბების შემდეგ ორ ოლქში რომ დამარცხდნენ, თავს ვერსად გამოყოფენ და ჩვენ თუ არ დავეხმარეთ ხელისუფლებას, მაშინ აბა ვინ დაეხმარებაო.

როგორ თუ ვინ? მაშ, დავითაია?! მაშ, ბაღათურია?! მაშ შალიკო და მისი რაზმი?!

მანანას და მის რაზმს – მანანისტ-ზვიადისტებს დიდი ხანია ასეთი კარგი კვირა არ ჰქონიათ. გასულ კვირაში თბილისში ცოტნე გამსახურდია ჩამოვიდა და მაშინვე გამახსენდა, როგორ ჩამოვიდა 93-ში, გაგანია ომის დროს ზუგდიდში ზვიად გამსახურდია. ისიც და ესეც რუსების მითითებით ჩამოვიდნენ. მაშინაც და ახლაც წყალმა ხელისუფლების წისქვილს მიაკითხა.

პოლიციის 30-მდე თანამშრომელმა, ბრგე მამაკაცებმა, სულ ნარჩევ-ნავარჯიშებმა ბიჭებმა დაშალეს მანანისტების აქციის მონაწილე 50 ბიოლოგიური ქალი. აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით სკანდირებდნენ: “მკვლე-ლე-ბი”.

რომ ვაკვირდები, ზვიადისტებიც რამდენიმე კატეგორიად იყოფიან: ზვიადისტები, მანანისტები და ზვიად ძიძიგურის მომხრეები. ეს უკანასკნელები დღემდე ამტკიცებენ, რომ 1991 წელს სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვის აქცია სწორი იყო და სულ თავისუფლად შეიძლებოდა რუსეთში გამოგვეწვია შიმშილი.

ცოტნე გამსახურდია დააკავეს. საინტერესოა, რომ მისი ადვოკატი გვარად არის ბექაური და ჰქვია ქეთი. ერთი პირობა ვიფიქრე, ეს ქეთი ბექაური შემთხვევით კობა ბექაური ხომ არ არის-მეთქი. ხომ შეიძლება, რომ ქეთი ბექაური კობა ბექაურის იურიდიული ფსევდონიმი იყოს-მეთქი? მაგალითად, სამუელ კლემენსი მარკ ტვენის ფსევდონიმით წერდა. თუმცა, შემდეგ, ეს აზრი უარვყავი.

რესპუბლიკელებმა, მემარჯვენეებმა და მათთან განთავსებულმა გაერთიანებულებმა ცივად უარყვეს ”საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტიაზე” საკუთარი ავტოგრაფის დატოვება. ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით ვიცი, რა წერია აღნიშნულ ქარტიაში – ახლა საჭიროა ყველა ჯანსაღი ძალის კონსოლიდაცია.

დრო გადის, ამ ლოზუნგს წელიწადში ორჯერ მაინც ვისმენთ, მაგრამ ქვეყანა მაინც ავადაა. იქნებ, პირიქით გვეცადა? მოვახდინოთ ყველა ავადმყოფი ძალის კონსოლიდირება და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ჯანსაღი ძალების კონსოლიდაციის მოთხოვნით ყოველთვის ავადმყოფები გამოდიან ხოლმე. არავითარი კონსოლიდაცია არ არის საჭირო. უბრალოდ, ეს ქვეყანა უნდა გვიყვარდეს და ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

ახლა, ისიც მითხარით, რა სოსო შატბერაშვილის საქმეა დანიელ ორტეგასთვის წერილების წერა და სიყვარულის ახსნა? შატბერაშვილიც ორია. ერთი ქუჩაა, მეორე – ლეიბორისტი. ანუ, ვაკის შატბერაშვილი და დუშეთის შატბერაშვილი.

”აღნიშნულ ქარტიაზე ხელმოწერით ჩვენ გამოვხატავთ ”ქრისტიან-დემოკრატთა” ყველა მხარდამჭერისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას – საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში ჩვენ ერთიანი ვართ”, - განაცხადა თარგამაძემ. დამოუკიდებლობა და ერთიანობა კარგია, მაგრამ დამოუკიდებლობა ირაკლი წერეთლის პრეროგატივაა, თავისუფლება – კოკო გამსახურდიასი, გიორგი თარგამაძეს კი ნუგეშად აღორძინება დარჩა.

ჩვენში დარჩეს და, გიორგი თარგამაძეც ორია – გივი თAრგამაძეს პასპორტში გიორგი უწერია. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილიც ორია. ერთი საქართველოს პრეზიდენტია, მეორეს “მონანიებაში” ახსენებენ – გადაგზავნილია მიმოწერის უფლების გარეშეო. ასეა – ზოგს მიმოწერის უფლება აქვს წართმეული, ხოლო ზოგი ენას არ აჩერებს.

მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდა (”ერთი მაინც რომ ყოფილიყო ისეთი, ვინც მეტყოდა, კოდორში წავიდეთო, წავიდოდი”), მალხაზ აქიშბაია ენას არ აჩერებს. სულ რაღაცეებს ლაპარაკობს. აი, ამონარიდები ნიუსიდან: ”ზემო აფხაზეთიდან დევნილების პრობლემების მოგვარებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი მალხაზ აკიშბაია მათთან სისტემატური ურთიერთობით აპირებს... აკიშბაიას ინფორმაციით, მას ყოველდღიური კონტაქტი აქვს დევნილებთან... აკიშბაიას განცხადებით, ყველა დევნილთან მოხდება გასაუბრება... მალხაზ აკიშბაია დე-ფაქტო აფხაზეთის მიერ ზემო აფხაზეთში დღეს ზაზა გურჩიანის გამგებლად დანიშვნასაც გამოეხმაურა...”

ეტყობა, ბოლო-ბოლო მის გვერდით აღმოჩნდა ერთი ისეთი, ვინც უთხრა, დევნილებს ინფორმაცია მიაწოდეო, დევნილებისგან ინფორმაცია მიიღეო, გურჩიანის დანიშვნას გამოეხმაურეო... ესკალატორზე არ ირბინო, ჩანგალიმარცხენა ხელში დაიკავე, დანა – მარჯვენაშიო. ჭამის წინ ხელები დაიბანეო.

რაც უფრო მეტს ლაპარაკობ, უფრო მეტ სისულელეს ამბობ. თუ გახსოვთ ლელა წურწუმიას შედევრი “სულელი წვიმა”? რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო არის სულელი ქინძი. ხმა გავრცელდა, მოსკოვი გალის და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე გამყოფი კედლის მშენებლობას იწყებსო. და აი, რა განაცხადა სულელი ხვრელის პრეს-მდივანმა სულელმა ქინძმა: “ეს ინფორმაცია არის მხოლოდ გამონაგონი ან რაიმე ლამაზი თემა, რომელზეც კომენტარების გაკეთება ან მკითხველთა ფართო წრეში განსახილველად გავრცელებაა შესაძლებელი”.

კედლის მშენებლობა “ლამაზი თემა” ყოფილა. ამას მხოლოდ ის იტყვის, ვისაც “პინკ ფლოიდის” “კედელი” არ მოუსმენია და მხოლოდ ლელა წურწუმიას აღიარებს. ელტონ ჯონს აქვს “სანთელი ქარში”, წურწუმიას - “მარაო ქარში”.

ჩვენ რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს “ორთავ თვალის სინათლე” - ასრულებს ცალთვალა მიხო”.

კიდევ, გვაქვს ერთი ახალი ამბავი, რომელსაც ზუსტად ისე მოგაწვდით, როგორც ძმებმა გაავრცელეს: “საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის აღიარებაა”, - აღნიშნა გვარამიამ.

მალე დიკ ჩეინი ჩრდილოეთ კორეაში აპირებს ჩასვლას. ეს გვარამია ხანდახან ისეთ რაღაცას იტყვის ხოლმე... ჰოდა, ამის შემდეგ მე რაღა უნდა ვთქვა?
 
 
 
 
 




კატეგორია: ნარკომანია | ნანახია: 2443 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar