6:02 PM უდიდესი კატა - ვეფხვი | |
ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ვეფხვის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს. ყველაზე დიდ ვეფხვად ითვლება ციმბირული ვეფხვი, რომლის წონა 300 კილოგრამამდე აღწევს. იგი ბინადრობს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, უკიდურესად ცივ კლიმატურ პირობებში, ამიტომ მას კანქვეშ ცხიმის სპეციალური ფენა აქვს, რომელიც მას ზამთრის სუსხისგან იცავს. ამგვარ პირობებში საკვების მოპოვება ჭირს, ამიტომ ვეფხვს მის მოსაძიებლად დიდი მანძილის გავლა უწევს. ციმბირული ვეფხვის განსაკუთრებულად სქელი ბეწვის საფარი მოწითალო-მოყვითალო ფერისაა და ოდნავ უფრო ღია, ვიდრე სხვა ვეფხვებისა; ამასთანავე მასში ჭარბობს თეთრი ფერი, რაც მას თოვლში ჩაფლობაში ეხმარება. ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ვეფხვის სახეობაა ინდური, ანუ ბენგალური ვეფხვი. ხვადი ვეფხვები ხშირ შემთხვევაში მარტო ბინადრობენ, ძუ ვეფხვებს კი ურჩევნიათ ხვადებთან, ან სხვა მდედრ ვეფხვებთან ერთად ცხოვრება. ისევე, როგორც სხვა დიდი კატები, ვეფხვებიც თავიანთი კუთვნილი ტერიტორიის საზღვრებს საკუთარი შარდით ნიშნავენ. ვეფხვები ძლიერი მტაცებლები არიან და შეუძლიათ მათზე ზომით გაცილებით დიდი ნადირის დამარცხება. მსხვერპლის მოკვლის შემდეგ ვეფხვი გვამს მიყრუებულ ადგილზე მიათრევს, ძირითადად, წყალთან ახლოს და იქ იკვებება. თუ მსხვერპლი საკმაოდ დიდია, ვეფხვს ის რამდენიმე დღე ეყოფა. ვეფხვი ნანადირევის ნარჩენებს ფოთლებით ფარავს და იცავს მას. ნადირობა დამღლელი პროცესია, ამიტომ ვეფხვი დიდ დროს უთმობს დასვენებას. ვეფხვები ღამით ნადირობენ, ისინი იმალებიან მაღალ ბალახში და სიბნელეში უეცრად ესხმიან თავს მსხვერპლს. შებინდებისას და განთიადზე ვეფხვი თავს იწესრიგებს: შინაური კატის მსგავსად, ისინიც ენით ილოკავენ ბეწვს და ასუფთავებენ. თუმცა, შინაური კატისაგან განსხვავებით, ვეფხვებს ძალიან უყვართ წყალი და დიდ დროს უთმობენ მდინარეებსა და ტბებში ცურვას. თეთრი ვეფხვი დიდი კატების ყველაზე იშვიათი წარმომადგენელია. მას ვხვდებით მხოლოდ ინდოეთში. იგი გამოირჩევა თეთრ ბეწვზე შავი ზოლებით და ცისფერი თვალებით. ბუნებაში არსებობენ აგრეთვე ალბინოსი ვეფხვები — მტაცებლები, რომელთაც არცერთი ფერის პიგმენტი არ გააჩნიათ — მათი ბეწვი წმინდა თეთრი ფერისაა, ხოლო თვალები ვარდისფერი.
ვეფხვები წყვილდებიან წელიწადის ნებისმიერ დროს. წყვილი ერთად 3-4 დღეს ატარებს.
ძუ ვეფხვი ერთიდან ექვსამდე ბოკვერს აჩენს, მაგრამ ჩვეულებრივ, ერთი ან ორი თუ გადარჩება. დედა თვად ზრდის ბოკვერებს და არ შორდება მათ, დაახლოებით 2 წელიწადს. თავისუფალ პირობებში ვეფხვი 15-20 წელს ცოცხლობს.
ვეფხვის ბოკვერები ბრმები და უსუსურები იბადებიან. ისინი მთლიანად დედაზე არიან დამოკიდებულები .
დედა ვეფხვს ზოგჯერ თავისი ლეკვები ახალ ბუნაგში გადაჰყავს. იგი კისერში ავლებს პირს ლეკვს და სათითაოდ მიჰყავს ისინი ახალ ადგილსამყოფელთან.
თავიანთ თავზე ზრუნვას ბოკვერებს დედა ასწავლით. ვეფხვის ნაშიერნი სანადიროდ პირველად ექვსი თვისანი გადიან | |
|
სულ კომენტარები: 3 | 1 2 3 » |
0
1
leqso
• 9:10 AM, 2010-03-16 | |
1-1 2-2 3-3 | |