მთავარი » 2009 » თებერვალი » 10 » ფინანსური კრიზისის ფონზე დასავლეთი ისევ ``ნაბუკოზე`` ფიქრობს
5:29 PM
ფინანსური კრიზისის ფონზე დასავლეთი ისევ ``ნაბუკოზე`` ფიქრობს
         
              

ინფორმაცია მოგეცემატ ქარტულ ენაზე

გაზეთი ``კომერსანტი``

ბოლო ხანებში, განსაკუთრებით რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ ევროპაში აქტუალური გახდა ენერგეტიკული დივერსიფიკაციის საკითხი. ევროპას ეშინია დამოკიდებული იყოს იმ ქვეყანაზე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, მეზობელ სახელმწიფოს დაესხას თავს. ამ ფონზე კვლავ აქტუალური გახდა ``ნაბუკოს გაზსადენის`` პროექტი, რომლის განხორციელებასაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

``ნაბუკოს გაზსადენზე`` საუბარი 27-დან 29 ოქტომბრამდე ბუდაპეშტი გამართულ მესამე საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმზეც იყო, რომელიც უნგრეთის პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა. ამ ფორუმზე დისკუსია მიმდინარეობდა ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის მომავალსა და მისი უსაფრთხოების განმტკიცებაზე.

ფორუმზე გამოსვლისას უნგრეთის პრეზიდენტმა ლასლო შოიომმა განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ენერგეტიკული რესურსების მარაგი კლებულობს, რესურსების გაკონტროლებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში გადადის.

ექსპერტებისა და ანალიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება ბუდაპეშტის ფორუმზე ჰადსონის ინსტიტუტის ევრაზიის ცენტრის დირექტორის, ზეინო ბარანის გამოსვლამ მიიპყრო, რომელმაც განაცხადა, რომ ნაბუკოს მილსადენი, ისევე, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ამერიკისთვის პოლიტიკური მნიშნელობისაა და არა, ეკონომიკური.

``აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებზეც გაივლის ნაბუკოს გაზსადენი, რუსეთის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ``, _ აცხადებს ზეინო ბარანი, რომლის მეუღლე მეთიუ ბრაიზაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში და ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

როგორც ბარანმა აღნიშნა, სწორედ პროექტი ``ნაბუკოა`` პასუხი იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს თურქმენული გაზი. ``თუ ``ნაბუკოს`` პროექტი განხორციელდება, ევროპა ენერგეტიკის ახალ წყაროს მიიღებს. თუ ეს პროექტი არ განხორციელდა, ენერგეტიკის ახალ წყაროს ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი მიიღებენ. ამიტომ ევროპის სახელმწიფოებმა ერთიანობა უნდა გამოიჩინონ და რუსეთის ზემოქმედებას არ უნდა შეუშინდნენ``, _ განაცხადა ბარანმა.

ჰადსონის ინსტიტუტის ევრაზიის ცენტრის დირექტორმა რუსეთის მიერ ლობირებულ ``სამხრეთის ნაკადის`` პროექტზეც ისაუბრა. ``ეს პროექტი მხოლოდ რუსულ ინტერესებშია და არამც და არამც ევროპისა. ``სამხრეთის ნაკადის`` მიზანი მხოლოდ ``ნაბუკოს`` ჩაშლაა და სხვა არაფერი``, _ განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა. მისი აზრით, ამ პროექტის მიზანია დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს არ ითვალისწინებენ.

ზეინო ბარანს მიაჩნია, რომ საქართველოში რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების მთავარი არსი ``ცივი ომის`` შედეგების გადასინჯვა იყო. ``რუსეთს კვლავ სურს ``დერჟავად`` იქცეს, ჩვენ კი მხოლოდ შეთანხმებული ქმედებებით შეგვეძლება, ამას წინ აღვუდგეთ``, _ განაცხადა ბარანმა. მას მიაჩნია, რომ ევროკავშირმა აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი ``ნაბუკოს`` პროექტს, რადგან ეს მის ინტერესებშიც შედის, ნაკლებად დამოკიდბეული იყოს რუსეთზე.

``ნაბუკოს პროექტის`` განხორციელებას აზრი არ ექნება, თუ არ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ის გაზით გაივსება. ``ნაბუკო`` კომერციული პროექტია და კომპანიები, რომლებიც მას აშენებენ, მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. რაც შეეხება ``სამხრეთის ნაკადს``, ეს სახელმწიფო პროექტია და მომგებიანი ვერ იქნება. ``სამხრეთ ნაკადის`` მიზანი რუსეთის გავლენის გაზრდაა``, _ აღნიშნავს ბარანი.

ბუდაპეშტის სამიტს წინ უძღოდა თურქმენეთის დედაქალაქში ამერიკის დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც კომპანია Fit International-ის თავმჯდომარე კერტ ედვარდსი ხელმძღვანელობდა. ოფიციალური ვერსიით, დელეგაციის სტუმრობა მიზნად თურქმენეთის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას ისახავდა, თუმცა, პარალელურად მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებების გაიმართა.

ბოლო ხანებში თურქმენეთში იმყოფებოდა ავსტრიის საგანგებო დავალებათა ელჩი მარე რაიხ-რორვიგი, რომელიც ``ნაბუკოს`` პროექტის კურატორია და კონცერნ OMV-ს გენერალური დირექტორი ვოლფგანგ რუტენსდორფერი. ამ ვიზიტის შემდეგ თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა განაცხადა, რომ თურქმენეთი ღიაა დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის ენერგეტიკის სფეროში. როგორც ბერდიმუხამედოვმა აღნიშნა, თურქმენეთში ახლადაღმოჩენილი გაზის საბადოები მის ქვეყანას საშუალებას აძლევს ბუნებრივი აირის ექსპორტი ნებისმიერი მოცულობით განახორციელოს.

ბერდიმუხამედოვის განცხადებებმა და ცნობილი ბრიტანული აუდიტორული ფირმის, GAFFNEY,CLINE & ASSOCIATES-ის დასკვნებმა კვლავ გააუქტიურა ამერიკისა და ევროკავშირის მცდელობები რუსეთის ემერგეტიკული ალტერნატივის შექმნასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კი საუკეთესო გამოსავალი გაზსადენი ``ნაბუკოა``.

ცნობილ ამერიკელ სენატორს, რიჩარდ ლუგარს არასაკმარისად მიაჩნია ის ძალისხმევა, რომელსაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ახორციელებდა ევროპის ენერგოუსაფრთხოების მხრივ. ვაშინგტონის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამსოვლისას ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რესპუბლიკელმა ლუგარმა განაცხადა, რომ ამერიკამ ცენტრალური აზიაში პასიურობის გამო ``თამაში წააგო`` და მან აუცილებლად უნდა იზრუნოს საკუთარი პოზიციების გამყარებაზე ამ რეგიონში.

მას მიაჩნია, რომ ამერიკის პრეზიდენტი აუცილებლად უნდა ჩავიდეს ცენტრალური აზიის რეგიონში და ამერიკის გეოსტრატეგიული არგუმენტები ჩამოაყალიბოს.

ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში ბოიდენ გრეიმ დაადასტურა, რომ ნახევარ წელიწადში შესაძლოა, ხელი მოეწეროს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური აზიის გაზის დასავლეთ ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით ექსპორტს.

``ნაბუკოსთან`` დაკავშირებით საკუთარი ორიგინალური მოსაზრებები გამოთქვა ცოტა ხნის წინათ ლუქსემბურგში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ``გაზ დე ფრანსის`` ყოფილმა პრეზიდენტმა ჟაკ დერმენჯანმა. მას მიაჩნია, რომ ``ნაბუკო`` არა ცენტრალური აზიის, არამედ, ირანისა და ერაყის გაზის მარაგებზე უნდა იყოს გათვლილი. ``ნაბუკო`` შესანიშნავი იდეაა, მაგრამ მისი განხორციელებისთვის არ არის საკმარისი ცენტრალური აზიის ბუნებრივი აირის მარაგები``, _ აღნიშნა დერმენჯანმა.

აზერბაიჯანი ``ნაბუკოს პროექტის`` განხორციელების საკითხში საკვანძო სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა ხშირი ვიზიტები ამ ქვეყანაში. ბოლო დღეებში ბაქოს ამერიკის კომერციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯონ სალივანი ესტუმრა. მასთან შეხვედრებისას აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა არა მარტო საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების დაპირება მისცეს ამერიკას, არამედ, განაცხადეს, რომ მზად არიან ``ნაბუკოს`` მშენებლობაშიც ჩადონ მნიშვნელოვანი ინვესტიციები.

ნაბუკოს გაზსადენმა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ლიბორებს, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით გაზი ევროპაში უნდა მიაწოდოს. ნაბუკოს პროექტზე, ამჟამად, ავსტრიული OMV, უნგრული Moll, თურქული Botas, ბულგარული Bulgrgaz და რუმინული Transgaz მუშაობენ. ``ნაბუკოს`` გაზსადენის მშენებლობა 2009 წელს უნდა დაიწყოს 2013 წელს დასრულდეს. პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე 8 მილიარდ ევრომდეა.

 

 

 

 

 





კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1844 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar