ინფორმაცია მოგეცემატ ქარტულ ენაზე იღებთ ახალი ორაგულის ფილეს (რაც შეიძლება დიდი თევზი უნდა იყოს, დიდი და "ბებერი" ორაგული, ან ე.წ. "კეთილშობილი ორაგული" - იგივე სიომგა, რომელსაც უკვე მოლეული აქვს ქვირითობა , მაშინაა ის გემრიელი და ვარდისფერი (ეს მნიშვნელოვანია! ანუ 5 წლის ასაკის მაინც უნდა იყოს, მანამდე - ნაცრისფერ-ვერცხლისფერი ადევს ხორცს). ერთი სიტყვით, Pink Salmon უნდა იყოს. დაჭერით ნაჭრებად (მე ერთი 150-200 გრამიანი ნაჭრის მაგალითზე გეტყვით პროპორციას). კანი თუ მოჰყვა, არ მოაცალოთ, კარგად გარეცხეთ. მოჭერით ალუმინის ფოლგის კაი მსხვილი ნაჭერი, ისეთი, რომ პირს რომ შეუკრავთ და ალუმინის ამ "პარკში“ სხვა რამეებიც ჩაეტიოს. ფილეს ნაჭერს მოაყარეთ შავი პილპილი, მარილი (ზოგი იტყვის, თევზს რაღა მარილი უნდაო, მაგრამ კეთილშობილ თევზს - უნდა), ჩადეთ ფოლგაში და შიგ ჩაუმატეთ (ქვემოდან და ზემოდან ამოუდეთ: 2-2 ნაჭერი ლიმონი, 2 ც.დაფნის ფოთოლი, 2-3 კაკალი სურნელოვანი პილპილი, დააყარეთ ცოტა ძალიან წვრილად დაჭრილი პეტრუშკა (ქვეშ ჩაუფინეთ და ზემოდანაც)+ კიდევ უფრო ნაკლები ქინძი. პარალელურად, გააკეთეთ შამპინიონის ჟულიენი (შეხრაკეთ ხახვი ზეითუნის ზეთში და ჩაყარეთ გასუფთავებული, სასურველია წვრილი, ანდა დაჭრილი შამპინიონები. დააყარეთ შავი პილპილი და მარილი და ხრაკეთ, რომ მომზადდება, დაასხით არაჟანი და წამოადუღეთ კიდევ 5-6 წუთი. მერე ხუფი დაახურეთ და თბილად შეინახეთ. ასევე, მოხარშეთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილი გაფრცქვნილი კარტოფილი. დააჭერით კამა (წვრილად), დააპკურეთ ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მარილი. ასევე კარგი იქნება თუ მოამზადებთ seafood sauce–ს, ანუ მაიონეზი (ხარისხიანი!) ათქვიფეთ 1/1-ზე მწარე კეტჩუპში და უყავით ცოტა (ერთი ბეწო წითელი წიწაკა). ამას ყველაფერს რომ მორჩებით, დაუბრუნდით თევზს, რომელიც აქამდე მაცივარში უნდა იდოს, ფოლგაში. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი (200 გრამზე 1 სუფრის კოვზი, მდუღარეში უარაფროდ მოხარშული დაჭრილი სტაფილო, ფრანგული ბარდა (უფრო ნაზია, ბულგარულს სჯობს!) და ყვავილოვანი კომბოსტოს, ან ბროკოლის ტოტი (ყვავილი?), რამხელაც გესიამოვნებათ და რაც ფოლგაში ჩაეტევა. მერე შეკარით ფოლგა, რაც შეიძლება უფრო ჰერმეტულად, ადგილი ბლომად დატოვეთ ცარიელი, რომ გამოვიდეს "ტომარა" და დუღილის დროს წვენი და ზეთი რომ არ გადმოვიდეს. შედგით ეს ფოლგიანი ორაგული უკვე მაგრა გახურებულ აირღუმელში, მაგრამ როგორც კი შედგამთ, ცეცხლი ეგრევე გაანახევრეთ და შეამცირეთ. აირღუმელში 20-25 წუთი უნდა დატოვოთ, საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე. მომზადებული დიდ თეფშზე დააწყვეთ: გვერდით, მარჯვნივ კიდეზე - მოხარშული კარტოფილი მოუწყეთ, კამაწაყრილი, დააპკურეთ ზეითუნის ზეთი (გრძელ რიგად). მერე გრძელ გასწვრივ რიგად (თეფშის ცენტრისკენ) დადეთ აწ უკვე ცოტა შედედებული, მაგრამ ცხელი ჟულიენი. მერე გადმოდეთ თეფშზე ფოლგის შიგთავსი, რომელმაც მისი ცენტრი და მარცხენა კიდე უნდა დაიკავოს (შუაში - ფილე, მერე - გაროშეკი, ბროკოლი და სტაფილო). ბოლოს გადაასხით თევზს seafood sauce, რომელიც ჩამოჟონავს და სხვა გარნირს შეუერთდება, მაგრამ ეგ არაფერი - კარგია. დასაყოლებელი – რამე ცნობილი აპელასიონის ფრანგული შარდონე, შაბლი, ან შამპანიური (ბრიუტი!). მიირთვით, რა თქმა უნდა, ცხლად და ღმერთმა შეგარგოთ. P.S. ხო, დააკვირდით: თუ ჭამის დროს ფილე "გარმოშკასავით" იშლება ბრტყელ, საკამოდ მკვრივ ვარდისფერ "ფოთლებად", მაშინ მიზანი მღწეულია - "კულინარიული შედევრი" გამოგსვლიათ.
|