მთავარი » 2009 » თებერვალი » 9 » 500-კაციანი ოსური ომონიდან ცოცხალი 3 გადარჩა
8:52 PM
500-კაციანი ოსური ომონიდან ცოცხალი 3 გადარჩა
 

              


 

ოსური ბანდფორმირებები, კაზაკები და რუსი სამხედროები ქალაქ გორისა და მისი სოფლების ძარცვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

მოროდიორობამ არნახული მასშტაბი მიიღო. ნაქურდალით დატვირთული რუსული სამხედრო მანქანები როკის გვირაბის გავლით გადიან.

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ქართული სოფლებიდან ხალხს იტაცებენ და ცხინვალის მიმართულებით მიჰყავთ. მათი ბედი კი გაურკვეველია.

“პრესა.გე” ამ საკითხებზე ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

მამუკა არეშიძე: “ცხინვალის რეგიონში ამ წუთში ტყვედ 300 კაცამდე ჰყავთ აყვანილი. მათ შორის ძირითადად მამაკაცები არიან, მაგრამ ასევე ჰყავთ ქალები და ბავშვებიც.

ამ ტყვეთა შორის ძირითადი მასა მშვიდობიანი მოსახლეობაა. ცნობილია, რომ ტყვედ ჯარისკაცებიც არიან, მაგრამ მათ თაობაზე არაფერი შემიძლია გითხრათ.

ვისაც ეს 300 ადამიანი ჰყავს, ისინი ერთ-ერთ ოჯახთან კავშირზე გამოვიდნენ. ამბობენ, რომ ამ ხალხს დაპატიმრებულ ოს სამხედრო მოსამსახურეებში გაცვლიან”.

ანუ, გამოსასყიდს არ ითხოვენ?
- ამ 300 ადამიანთან დაკავშირებით ასეთი მოთხოვნაა. რაც შეეხება გამოსასყიდს. როგორც ცნობილია, ცხინვალის რეგიონში ცალკეული ბანდები დათარეშობენ. მათ ტყვედ სხვადასხვა რაოდენობის ხალხი ჰყავთ. ამ ხალხში გამოსასყიდს ითხოვენ, დაახლოებით 5’000-დან 10’000 დოლარამდე.

თუ არის თქვენთვის ცნობილი, ცხინვალის რეგიონში რა სამხედრო ძალები და რა რაოდენობით არიან ამ დროისათვის?
- ცხინვალში არის რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები. მაგრამ ისიც ვიცი, რომ 45-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკი, რომელმაც ცხინვალის შტურმში მიიღო მონაწილეობა უკან რუსეთშია გადასული.

საქართველოში კი 58-ე არმიის დამრტყმელი ნაწილები რჩება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩეჩნებიც არიან. ოღონდ, არ ვიცი, ისინი რომელ სამხედრო ფორმირებას წარმოადგენენ, რადგან ჩეჩნებით დაკომპლექტებული სპეცდანიშნულების რაზმი “ვოსტოკი” ახლა სამეგრელოს ტერიტორიაზე იმყოფება.

საუბრობენ, რომ ხალხის ძარცვითა და გატაცებით ოსები და კაზაკები არიან დაკავებული.
- მოთარეშე ბანდები მიშვებულები არიან. ხალხის ძარცვა-გლეჯითა და მოროდიორობით ძირითადად თავი გამოიჩინეს რუსებმა, კაზაკებმა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსებმა.

13 აგვისტოს სოფელ ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამ კაზაკს შორის ჩხუბი მოხდა. ისე აღმოჩნდა, რომ ღამის 2 საათზე ადგილობრივი მოსახლეობა კაზაკებზე რაოდენობით მეტნი იყვნენ. კაზაკები დაკეტილ სახლს ამტვრევდნენ და მაშინ მოხდა შეტაკება.
ცემა-ტყეპით შემოიფარგლნენ და ამით დამთავრდა ყველაფერი. როგორც უკვე გითხარით არიან ჩეჩნებიც, რომლებიც საწყის ეტაპზე ქართულ მოსახლეობას ეხმარებოდნენ კიდევ, მაგრამ იქაც ბევრი ყაჩაღი და ბანდიტია და იმათაც დაიწყეს ბაცაცობა.

ჩრდილოეთკავკასიელები საბრძოლო მოქმედებებში თუ იღებდნენ მონაწილეობას?
- საწყის დღეებში, როცა მძიმე ბრძოლები იყო, პრაქტიკულად, ჩრდილოეთ ოსების გარდა მონაწილეობას არავინ იღებდა, მაგრამ ახლა ყველანი გამოჩნდნენ.

ანუ, კოკოითის თხოვნას, რომ ჩრდილოკავკასიელები ბრძოლაში დახმარებოდნენ, არავინ გამოეხმაურა?
- აფხაზეთმა თავისი მებრძოლები არ გამოაგზავნა, რის გამოც კოკოითის რისხვა დაიმსახურა. კოკოითმა დახმარებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა და პირველი დახმარება 300 მოხალისის სახით ჩრდილოეთ ოსეთიდან მიიღო. მათ შორის დიდი ნაწილი ცხინვალის რეგიონიდან წასული ოსები იყვნენ.

დანარჩენების შემოყვანაც იგეგმებოდა, მაგრამ რუს სამხედროებს ჰქონდათ გეგმაში, რომ 2-3 დღე უნდა გაეძლო ოსურ შენაერთებს ქართული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ მათ მხოლოდ 8 საათი გაძლეს.
ამიტომ, ამ დეკორაციის გამოყენება აღარ გახდა საჭირო. გაწიეს ეს ძალები გვერდზე და რეგულარული არმიის ნაწილები შემოიყვანეს, რადგან ბრძოლისუნარიანობით ეს მოხალისეები არაფერს წარმოადგენდნენ.

თქვენ საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველ დღეებში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეთ, რომ დახმარებისთვის ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის მიემართა.
- საქართველოს ხელისუფლებამ არავის არ მიმართა და საერთოდ, არაადექვატურად მოიქცა და ახლაც ასე იქცევა. ერთი თვის წინ, მედიით ოფიციალურად გამოვაქვეყნე ის სქემა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მხოლოდ 6 დღეში შემეშალა. მეგონა, რომ პროვოკაცია 14 აგვისტოს დაიწყებოდა. სადაც ხელი მიმიწვდებოდა, ყველგან ამ საკითხზე ვლაპარაკობდი, მაგრამ არავინ გაითვალისწინა.

თქვენ საიდან გქონდათ ეს ინფორმაცია?
- ეს გეგმა ცნობილი იყო. ამაზე მთელი ცხინვალი ლაპარაკობდა. აბა, საიდან ვიცოდი მე ყველაფერი? როცა ასეთ თემაზე ვიღაც საუბრობს, ინფორმაცია ხომ უნდა გადამოწმდეს მაინც?! თუ ის ვინც ამაზე ლაპარაკობს, პანიკას თესავს, მაშინ უნდა დაისაჯოს. ამის თაობაზე ჩემს გარდა სხვებიც დაპარაკობდნენ. თუ ეს გეგმა არსებობდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ რაღაც ადეკვატური ზომები ხომ უნდა ყოფილიყო მიღებული.

საქართველოს ხელისუფლებამ წინდაუხედავობა გამოიჩინა?
- ცხადია, წინდაუხედაობა გამოიჩინა და სხვის ხმას არ მოუსმინა. ახლა ჩვენ გვაქვს ტრაგიკული მდგომარეობა. ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მორატორიუმის გამო რუსებს ჩვენი მოსახლეობა ფეხქვეშ ჰყავთ გაგდებული. ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ.
მესმის, რომ ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტა უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ მყარი გარანტიები უნდა მიეღო უცხოელი პარტნიორებისგან, ან ისეთი რამ უნდა გააკეთოს, რომ აგერსია შეამციროს. ახლა ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ისეთ რაღაცეებს საუბრობს, რაც რუსებს კიდევ უფრო აღიზიანებს.

როცა გორში ჩვენს ხალხს ამცირებენ, რუსი ჯარისკაცები თან ეუბნებიან, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ასე თქვაო. შეიძლება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გარკვეული განცხადებები იმისთვის კეთდება, რომ ადამიანების მორალური სული აამაღლოს. თუმცა, მაგით ვერ აამაღლებ.

მე არ ვამბობ, რუსები არ გავაღიზიანოთ-მეთქი. უბრალოდ, ვამბობ, რომ ჭკუით მოვიქცეთ-მეთქი. განვსაზღვროთ თითოეული ნათქვამის შედეგი.

დღეს უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რატომ გამოვიდნენ ცხინვალის რეგიონიდან ქართული სამთავრობო ძალები. ეს გამართლებული ნაბიჯი იყო?
- სამხედრო თვალსაზრისით ძალიან რთული იყო ამხელა არმადის შეკავება. პრინციპში, რუსებს გავუნადგურეთ უზარმაზარი რაოდენობის ტექნიკა, მაგრამ იმათაც ხომ გაგვინადგურეს. ძალიან რთული იყო 58-ე არმიასთან ომი. თანაც, ჩვენ ავიაციის შეტევების მოგერიება არ შეგვეძლო.
მე არ ვიცი, რატომ არ გვქონდა ჩვენ შესაბამისი იარაღი, რომ ამ შემოტევას წინ აღვდგომოდით. მით უფრო, რომ ვიძახდით, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლიაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი არ გვქონდა. ხელისუფლება ამბობს, რომ რუსების 20 ბომბდამშენი ჩამოვაგდეთო, ეს კარგია, მაგრამ, ეტყობა, მეტი იყო საჭირო.

დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ კოდორს აფხაზები აკონტროლებენ. მათ ხეობა თითქმის უბრძოლველად აიღეს?
- კოდორში ბრძოლება იყო. პირველი ორი იერიში ჩვენებმა მოიგერიეს, მაგრამ ავიაციის დაწოლას ვეღარ გაუძლეს. ჩემთვის მაინც საკვირველია, კოდორის დაცვა თავის რელიეფიდან გამომდინარე ასე რატომ გაჭირდა. თანაც იქ ისეთი მთები და ტყეა, რომ ხეობის სერიოზულ დამცველებს ვერავითარი ავიაცია იქიდან ვერ გამოყრის.

კოდორში აფხაზებთან ერთად რუსები იბრძოდნენ. მათი მხრიდან მსხვერპლის რაოდენობაზე საუბარი არ არის.
- კოდორში მხოლოდ რუსები იბრძოდნენ, მაგრამ როცა ხეობა დაიკავეს, მერე აფხაზებს გადააბარეს ყველაფერი. აფხაზებს არც ერთი დაღუპული არ ჰყავთ. თუ იბრძოდნენ, როგორ არ ჰყავთ დაღუპული. შეიძლება დაჭრილი ჰყავთ, მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დაღუპული რომ არ ჰყავთ, ეს ნამდვილად ვიცი.

თუ იცით, ცხინვალის ოპერაციის დროს ოსებისა და რუსების მხრიდან მსხვერპლი როგორია?
- რუსული სამხედრო ტექნიკა დიდი რაოდენობით რომ დაიწვა, ვიცი, მაგრამ დახოცილებზე რა მოგახსნეთო. თავად რუსული მხარე ამ საკითხზე არ საუბრობს, მე კი უშუალოდ, ბრძოლის ველზე არ ვყოფილვართ. ოს სამხედროებში კი მსხვერპლი უზარმაზარია.
მშვიდობიანი მოსახლეობიდან, როგორც ვიცი, “ჰუმან რაითს ვოჩის” მონაცემებით, 50 ადამიანია დაღუპული. ოსები კი ამბობენ, რომ 1600 კაცი დაიღუპაო. თუმცა, გაზვიადებულია. სამხედროებში კი მართლაც დიდი დანაკარგი აქვთ. თავად ოსების განცხადებით ვიცი, რომ ოსური ომონიდან, სადაც 500 კაცი იყო, ცოცხალი მხოლოდ სამია დარეჩილი.

მას შემდეგ, რაც სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები კონფლიქტურ რეგიონებში?
- ხვალ რა იქნება, ამის პროგნოზირებას შეგნებულად არ ვაკეთებ, თუმცა, შემიძლია ვთქვა. მთავარია, ჩვენ დღეს რა გვაქვს: ვართ დამარცხებულები, გვაქვს დამატებით დაკარგული ტერიტორიები, გვყავს უამრავი ახალი დევნილი, დაუცველი მოსახლეობა, რომელიც არის თავშიჩარტყმული, ჩაფურთხებული და შერცხვენილი და, საერთოდ, რეპუტაცია გვაქვს შელახული.
ის, რომ თავად რუსეთს საშინლად შეელახა რეპუტაცია და რუსეთი სამშვიდობო კონტიგენტი აღარ გამოდგება არასდროს, ეს გასაგებია. ამასთან კატასტროფულად დაეცა რუსეთის ფასიანი ქაღალდების ღირებულება.

ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელი გამოვიდა და განაცხადა, რომ დავიღუპეთ, იმიტომ რომ ეკონომიკაში ძალიან მძიმე დანაკარგები გვაქვსო. გასაგებია, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებში შეიზღუდება რუსეთის მდგომარეობა და უამრავი დარტყმა მიადგება რუსეთს.
მაგრამ ჩვენ ასეთი მდგომარეობა გვაქვს: დანგრეულია ეკონომიკა, თავიდან არის ასაშენებული ქალაქები და რაც არ უნდა ილაპარაკოს ვინმემ, ქვეყანაში საინვესტიციო გარემო კარგა ხანს ფეხზე ვერ დადგება. უმძიმეს სიტუაციაში ვართ.

 

 

 

 

 




კატეგორია: ჯარი | ნანახია: 1992 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar