მთავარი » 2009 » თებერვალი » 9 » ქართულ ეკონომიკას რუსული ტანკი ვერ დაანგრევს
8:48 PM
ქართულ ეკონომიკას რუსული ტანკი ვერ დაანგრევს
 
              
 
თუ გლობალურ პოლიტიკას დავივიწყებთ და რეალობას თვალს გავუსწორებთ, რუსეთი ქართულ ეკონომიკას ტანკებით ანგრევს.
 ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ქართველი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ტანკებით ბრძოლის დრო დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა
და რუსეთი საქართველოს ანექსიას ეკონომიკური ბერკეტებით ცდილობს.

ტყუილი იქნება ვამტკიცოთ, რომ ჩრდილოელ მეზობელს ამაში ჩვენც არ ვუწყობდით ხელს, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ქართულ ეკონომიკაში რუსულ სახელმწიფო კაპიტალს ფესვები, ასე თუ ისე, გადგმული აქვს, ქართული ეკონომიკის განადგურებას მაინც რუსული ბომბდამშენები და ტანკები დასჭირდა.

ზარალის დათვლა ჯერ ვერც კი ხერხდება. იმის მიუხედავად, რომ დასავლეთ საქართველო თითქმის თბილისამდე იზოლირებულია და იძარცვება, შეჩერებულია სატრანსპორტო მიმოსვლა და სარკინიგზო გადაზიდვები, ზარალის ოდენობა ასეულობით მილიონს ითვლის.

თუმცა ქართულმა, სხვათაშორის, საკმაოდ არამყარმა ეკონომიკამ შოკს ღირსეულად გაუძლო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ქვეყნის ეკონომიკა ამ კატაკლიზმებს საკმაოდ სწრაფად გაუმკლავდება, საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანებული ძალისხმევა ამყარებს.

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს საქართველოს დახმარების სტრატეგიული გეგმა უკვე გააჩნია. სავარაუდოდ, დიდი ოდენობით გრანტებსა და შეღავათიან კრედიტებს საქართველო რუსული ჯარის ქვეყნიდან გასვლისთანავე უნდა ელოდეს. მანამდე კი ქვეყანამ უკვე მიიღო რამდენიმე კონკრეტული წინადადება, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთს საქართველოს მიმართ არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური მიზნებიც გააჩნია. ამის დასტურად რამდენიმე ფაქტის კონსტატაციაც კი საკმარისია:

ამერიკამ საქართველოს ეკონომიკური პაკეტი გამოუყო და, როგორც საქართველოს მთავრობა აცხადებს, ეს ინფორმაცია ამერიკის ხაზინამ გაავრცელა. ასევე, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ორგანიზაციები მზად არიან, ეკონომიკურად დაეხმარონ საქართველოს და გარკვეული თანხები გამოუყონ.

ამერიკის გარდა, დასახმარებლად მზად არიან ევროპის ქვეყნებიც.

ექსპერტების შეფასებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, “სახალხო ბანკმა” ლონდონი-სითიში, ევროპის საფინანსო ცენტრში საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების “ჯი-ემ-ელ-კაპიტალისა” და “სინერჯის” მხარდაჭერით, 35 მილიონი აშშ დოლარის რესურსი მოიზიდა.

ბანკში იმასაც აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტი გამორიცხავს შიშის საფუძველს ქართული საბანკო სფეროს შეფერხებასთან დაკავშირებით.

მსოფლიო ბანკი, საქართველოს მხარდაჭერის ნიშნად, საქართველოსთვის ახალი კრედიტის გამოყოფის საკითხს განიხილავს, რომლის მოცულობა 300-350 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს თანხები საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარება მომავალი ერთი წლის განმავლობაში გააგრძელოს რეფორმების კურსი და განავითაროს ქვეყნის ინფრასტრუქტურა.

მსოფლიო ბანკი დაახლოებით 120 მილიონიან საკრედიტო ხაზებს გაუხსნის ქართულ კომერციულ ბანკებს, რაც არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ მთელი ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

საქართველოს თანადგომას უცხადებს თურქეთიც და უკვე ცნობილია, რომ მთლიანად ჩაერთვება საქართველოს დანგრეული ქალაქების რეაბილიტაციის პროექტში. გაგრძელდება თურქეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის გამოგზავნა დევნილებისათვის. თურქული მხარე აცხადებს, რომ პარალელურად გაფართოვდება თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, რათა მთლიანად შავიზღვისპირეთი დაზღვეული იყოს მსგავსი მასშტაბური კონფლიქტებისგან.

საკმაოდ დიდი მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპის სხვა ქვეყნები. როგორც ბრიტანელი პოლიტიკოსი დევიდ კემერონი აცხადებს, ”დასავლეთში ყველას კარგად ესმის, რომ თუ ახლა საქართველოს გვერდით არ დავდგებით და არ დავუჭერთ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჯერი უკრაინაზე, ესტონეთსა და სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე მიდგება. დასავლეთი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ საქართველოსა და უკარაინას უმოკლეს დროში ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მხარს არ დაუჭერს”.

ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მზადაა, საქართველოს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს. საუბარია არა მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებებზე, არამედ კრედიტებზე. ექსპერტები აცხადებენ, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის კრედიტის გამოყოფა ნიშნავს, რომ ამ კრედიტების დაბრუნების პერსპექტივაც არსებობს და მიწასთან გასწორებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, საქართველოს არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ განვითარების დიდი შანსი აქვს. პოლიტიკურად კი ეს თანადგომა იმის მიმანიშნებელია, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთის პირისპირ მიტოვებას არ აპირებს.

ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის დათვლა არ ხერხდება, დასავლური დახმარება ძირითადად ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს, რაც როგორც დასავლელი მეგობრები გვპირდებიან, კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

საქართველოს თანადგომას უცხადებს აზერბაიჯანიც, და ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა აზერბაიჯანული სტრუქტურა სრული დატვირთვით მუშაობს

მუშაობა არ შეფერხებულა არც ყულევის ტერმინალზე. “სოკარი” საქართველოში ნავთობპროდუქტების ძირითადი შემომტანია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანიდან სამხედრო დანიშნულების მანქანებისთვის დიზელის საწვავის დამატებითი მარაგი შემოვიდა და აზერბაიჯანული მხარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ოჯახებსაც ეხმარება.

აზერბაიჯანელები მოუწოდებენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს, რომ მეზობელ ქვეყანას ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დიპლომატიური დახმარება აღმოუჩინონ.

დამაიმედებელ ინფორმაციას გვაწვდის საქართველოს მთავრობაც, ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად მუშაობს. გილაურის განმარტებით, საკმარისი რეზერვი არსებობს როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მხრივაც. პრობლემები არ შექმნილა არც საწვავის კუთხით. ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყანა პროდუქტებით ისევე მარაგდება, როგორც ადრე და არ არის საჭირო, დიდი ოდენობით სურსათის შეძენა.

საკუთარი პროექტები აქვთ საქართველოში მოღვაწე უცხოურ კომპანიებს, რომლებიც, ამ ეტაპზე, დევნილებს ეხმარებიან. კონფლიქტისას დაზარალებულთა დახმარებისათვის ფინანსების მოზიდვას გეგმავენ ქართველი ბიზნესმენები, ფეხბურთელები, რომლებიც ფონდებში შეგროვილი თანხებითა და დევნილთა დახმარებით საქართველოს ბიუჯეტსაც დაეხმარებიან, რადგან ფორსმაჟორული მდგომარეობისთვის განკუთვნილი თანხები შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი ნამდვილად არ იქნება.

ამ ეტაპზე, როდესაც მთელი მსოფლიო საქართველოს გარშემო ტრიალებს, ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის იმედი ნამდვილად არსებობს, როგორც ექსპერტები აცხადებენ, თუკი დასავლეთი გაერთიანდება და კომპრომისზე არ წავა, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო დემოკრატიასაც იხსნის.
 
 
 
 
 




კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1488 | დაამატა: artak | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar