მთავარი » 2009 » იანვარი » 10 » ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა
4:17 PM
ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა
 
                   
 
საქართველოსა და შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი,
 სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფო, – ნათქვამია საქართველო-შეერთებული შტატების პარტნიორობის ქარტიაში,
 რომელსაც ვაშინგტონში გუშინ საღამოს მოეწერა ხელი.

ოფიციალურ დოკუმენტს ხელი აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს. ქარტია ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში თანამშრომლობასა და ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ასევე კულტურული გაცვლის გაფართოებას გულისხმობს.

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეერთებული შტატები და საქართველო შეადგენენ და შეასრულებენ ორგანიზებულ გეგმას, რომლის მიზანია ნატოსა და საქართველოს შესაძლებლობების თავსებადობისა და კოორდინაციის ამაღლება, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის გაუმჯობესების გზით.

ეკონომიკური თანამშრომლობა კი თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებსა და შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს.

დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ, რათა გაძლიერდეს მედიის თავისუფლება, პარლამენტი, სასამართლო, კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული ღონისძიებები, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.

კულტურისა და განათლების სფეროებში კი გაიზრდება გაცვლითი პროგრამები, აგრეთვე ამერიკა გეგმავს სავიზო პროცედურების გამარტივებას აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეთათვის. შეერთებული შტატები საქართველოს დაეხმარება აგვისტოს ომის დროს დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მედიაგამოცემების აღდგენაში.

შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილი ქარტია – ეს ის საკითხია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე შეერთებული შტატები საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

ქართველი ექსპერტები ქარტიას სტრატეგიულ ნაბიჯად მიიჩნევენ, თუმცა თვლიან, რომ გარკვეულ საკითხებში უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო. მათი თქმით, საქართველოს შეერთებული შტატები მხარდაჭერას აქამდეც უცხადებდა, თუმცა ეს ახლა უკვე ოფიციალურად გაფორმდა. მით უმეტეს მაშინ, როცა სამხრეთ კავკასიაში ვითარება დაძაბულია და რუსეთი არაცივილურად მოქმედებს.
 
 
 
 




კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1658 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar